თითქოს ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი დღეა ზესტაფონში. თუმცა, შედიხარ თუ არა, მაშინვე გრძნობ, რომ ქალაქისთვის დამახასიათებელი აქტიური რიტმი სადღაც გამქრალა. ეს კიდევ უფრო საგრძნობი ხდება ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიც ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩეოდა.

ყველგან გრძნობ კორონა ვირუსის არსებობას. პირბადითა და ხელთათმანებით აღჭურვილი ადამიანები, ავტომობილები, რომელთაც ბაზრის ტერიტორიაზე დეზინფექციის გარეშე არ უშვებენ; გამყიდველები, რომელნიც ისე აღჭურვილან, როგორც სამედიცინო პერსონალი. ადამიანთა შორის გამართული დიალოგებიდან ხშირად მოგესმებათ სიტყვები: ვირუსი, კორონა, კლასტერი, პანდემია და ა.შ.

ეს ყველაფერი არ გაძლევს საშუალებას, დაივიწყო კორონა ვირუსი და მისგან გამოწვეული შედეგები, რომელიც ძალიან მძიმეა. მან ადამიანები, რომლებიც მანამდე არც თუ ისე დალხინებულად ცხოვრობდნენ, ახლა უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ისინი ვეღარ მოდიან სოფლებიდან, რომ თავისი პროდუქტი გაყიდონ და საჭირო საკვები ან მედიკამენტები შეიძინონ.

ვინც ბაზარში საკუთარი მანქანით ან ტაქსით მოსვლას ახერხებს, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, აქ ყველაფერზე გაზრდილი ფასები ხვდება. გამყიდველიც და მყიდველიც ერთხმად თანხმდება, რომ ფასები საგრძნობლადაა მომატებული.

ქალბატონი ირინა ზესტაფონის ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ბოსტნეულით ვაჭრობს. მას ეკონომიურად დიდი ზიანი მიადგა.

– საგანგებო მდგომარეობა რომ შეიქმნა, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ბაზარი დაიკეტა. ჩვენ დღიურ მუშაობაზე ვართ დამოკიდებული და ეკონომიური პრობლემები შეგვექმნა.   მაშინვე ყველაფერი აგვალაგებინეს და არაფერი არ გაგვაყიდინეს. პროდუქტი, რაც გვქონდა, გაფუჭდა და გადავყარეთ, ძალიან ვიზარალეთ. ახლა მყიდველები ნაწილობრივ შემოდიან. ხალხი ფასებით გაოცებულია. ყველაფერი გაძვირდა“, – ამბობს ის.

ბაზრის შიდა ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად არის დაცული. შესასვლელებში მეთვალყურეები დგანან. ისინი მომხმარებელს ხელთათმანებისა და პირბადის გარეშე არ უშვებენ, შესვლა-გამოსვლას აკონტროლებენ. ბაზარში ხმის გამაძლიერებლით აფრთხილებენ ხალხს, დაიცვან დისტანცია და უსაფრთხოების ნორმები. გამყიდველები შესაბამისი აღჭურვილობით არიან შემოსილები.

ქალბატონი მაია ძიგანიძე ხილით ვაჭრობს, იგი ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას ჰიგიენის წესები.

– უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად მკაცრად ვიცავთ, გვაქვს ჰიგიენის საშუალებები. აქაც იყიდება სადეზინფექციო ხსნარები, გვაკონტროლებენ კიდევაც. ჩვენც შენიშვნებს ვაძლევთ ჩვენს მყიდველებს, თუ საჭიროა, – იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაცულები ჩვენც და ჩვენი მომხმარებელიც. ვისურვებდი, ფასები დარეგულირებულიყოს და ადამიანებმა მეტი პროდუქტის შეძენა შეძლონლ ისინიც რომ კმაყოფილი სახეებით გავიდნენ აქედან“, – აღნიშნავს მაია ძიგანიძე ჩვენთან საუბარში.

ქალბატონი ნინო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთიდანაა. ის ზესტაფონში პროდუქტის საყიდლად ჩამოვიდა და აქ დახვედრილმა ფასებმა შეაშფოთა.

– პირველ რიგში, დაწესებულმა შეზღუდვებმა, უტრანსპორტობამ შეგვაწუხა. ჩემს ოჯახს მანქანა არ აქვს და ტაქსის გამოძახება გვიწევს. ეს დაახლოებით 30 ლარი მაინც ჯდება. ადამიანი ბაზარში იმისთვის მოდის, რომ ბაზრის ფასი, მაღაზიასთან შედარებით, ყოველთვის იაფია, მაგრამ ახლა მაღაზიისა და ბაზრის ფასები ერთნაირია“, – ამბობს ის.

გაძვირებულმა ფასებმა პრობლემები ასევე შეუქმნა ბატონ ვახტანგს.

– ბაზარში ნერგების შესაძენად მოვედი და ერთი ძირი ტარხუნის ნერგი ორი ლარი დამიფასეს. ცივად გამოვბრუნდი“, – გვითხრა მან.

განსხვავებული მდგომარეობა დაგვხვდა ბაზრის გარე ტერიტორიაზე. თუ შიგნით მაქსიმალურად იცავენ კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვის დაწესებულ რეკომენდაციებს, აქ ეს დარღვეულია. ადამიანები დისტანციას არ იცავენ,  უმრავლეს მათგანს პირბადე და ხელთათმანი არ უკეთია. მხოლოდ წარწერა აფრთხილებს მათ, რომ დაიცვან დისტანცია და ჰიგიენის ნორმები, ქმედით ნაბიჯებს კი არავინ დგამს.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ყველის სარეალიზაციო ბაზარში. უამრავი ადამიანი ერთად იყო შეჯგუფებული და არავითარ დისტანციას არ იცავდა.

ლიკა ხიჯაკაძე