დღეს, 12 მაისს, მთავრობამ სოფლის მეურნეობის დასახმარებლად ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.

როგორც პროგრამიდან ირკვევა, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერები, რომლებსაც დარეგისტრირებული აქვთ თავიანთი მიწები, 1 ჰექტარზე 200 ლარით მხარდაჭერას მიიღებენ.  

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც, მაგალითად, გააჩნიათ 10 ჰექტარი მიწა, სახელმწიფოსგან დახმარებას 2 000 ლარის ოდენობით მიიღებენ.

სხდომაზე აგრეთვე აღინიშნა, რომ სახელმწიფო ფერმერებს საწვავითაც დაეხმარება და ერთ ჰექტარზე ყველა ფერმერი მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი იქნება. 

პროექტის ფარგლებში პროგრამით 200 000-მდე ფერმერი ისარგებლებს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000 ლარია და მისი განხორციელება 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება.