– აბიტურიენტებმა, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შესაძლოა, გამოცდა სპეციალურად მოწყობილ კაბინებში ჩააბარონ, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, მაგიდებს შორის დაშორება 1,5-2 მეტრი იქნება და აბიტურიენტები თერმოსკრინინგს გაივლიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა, ვენტილაციის საკითხია, რადგან საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის გამოყენება ვენტილაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.

„განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ვმუშაობთ. ვამზადებთ იმ მოთხოვნებს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის. დისტანცია უნდა იყოს საიმედო იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. მაგიდების დაშორება მინიმუმ 1,5-2 მეტრი უნდა იყოს. ასევე გამოვიყენებთ თერმოსკრინინგს.

იმაზეც არის საუბარი, რომ ოდნავი ტემპერატურის მატების შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი შეიქმნას იზოლირებული კაბინები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც, შესაძლოა, ტემპერატურის მატება ემოციურ ფონზე დაუფიქსირდეს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვენტილაციის უზრუნველყოფა საგამოცდო ოთახში. აქ კონდიცირების სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ არ იქნა თანმდევი ვენტილაცია. ბუნებრივი ვენტილაცია ყველაზე საიმედო საშუალებაა, თუმცა, მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, შეიძლება ეს ვერ მოხერხდეს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და იმედი მაქვს, ამის ტექნიკური გადაწყვეტა დროულად მოხერხდება ისე, რომ გამოცდების ჩატარების საფრთხე არ შეიქმნას“, – აცხადებს თამარ გაბუნია.