-თამარ მახათაძე ნამდვილად ჩემი ოჯახის ექიმია, – ამბობს ვარძიაში მცხოვრები მაკა ხიჯაკაძე, – სანდო, ყურადღებიანი და კვალიფიციურია. ჩემი უმცროსი შვილები, ტყუპი ბიჭები, მის ხელში გაიზარდნენ.

კვირაში სამი დღე სოფელში ამოდის. ახლა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, პაციენტებს სოფლის ამბულატორიაში ოთხშაბათობით იღებს. სხვა დღეებში თუ გვჭირდება, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მასთან როგორც ტელეფონით, ისე სკაიპის მეშვეობით. თამარ ექიმის ხმას რომ გავიგონებ, სულიერად ვმშვიდდები“.

ოცი წელია, თამარ მახათაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში სოფლის ექიმად მუშაობს. ექიმობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ადამიანებზე დახმარება დიდ სიხარულს ანიჭებს. ზესტაფონის #7 სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. წითელდიპლომიანმა ექიმმა სწავლა ორდინატურაში ბავშვთა ინფექციური სნეულებების მიმართულებით გააგრძელა. ორდინატურის დამთავრების შემდეგ კათედრაზე მუშაობა უმცროს თანამშრომლად დაიწყო. 1999 წელს მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, თუმცა ერთი წელი ვერსად დასაქმდა.

ზესტაფონში მამა იაკობთან (აბაშიძე) ტაძარში გალობდა. ერთ დღეს მოძღვართან ერთად სოფელ ვარძიაში მოხვდა. მისი პროფესიის შესახებ რომ შეიტყვეს, უთხრეს, სოფელში ექიმი არ გვყავს და იქნებ იმუშაოო. სწორედ იმ პერიოდში სოფლის ამბულატორიები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ყალიბდებოდა.

ოცი წლის წინ ვარძიაში ამბულატორიის შენობა არ იყო. თვეები უხელფასოდაც მუშაობდა. მძიმე წლები ვარძიელების თანადგომითა და პროფესიისადმი სიყვარულით გადაიტანა.

სათემო ორგანიზაცია „ქეას“ დაფინანსებით 2001 წელს ვარძიაში ამბულატორიისთვის შენობა აიგო. ამ შენობის ერთ ოთახში საქმიანობენ ამჟამად მერის წარმომადგენლები.

უმთავრესი პრობლემა, რომელიც 20 წლის განმავლობაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა, ვარძიის ამბულატორიის შენობაში წყლის შეყვანაა.

ექიმ თამარ მახათაძეს, უტრანსპორტობის გამო, ვარძიის ხუთ უბანში პაციენტებთან მისვლა ზამთარ-ზაფხულ ფეხით უწევს. ექიმი ამბულატორიაში პაციენტს, ფაქტობრივად „შიშველი ხელებით“ ხვდება. კარდიოგრამის გადასაღები აპარტი, რომელიც წლების წინ გადასცეს, გაუმართავი იყო.

თამარ ექიმი ამბობს, რომ ტრენინგების ჩატრება და სოფლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნვა, უმნიშვნელოვანესია. სოფლის ექიმს იმდენი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, რომ მან სხვა სამსხურზე აღარ იფიქროს.

თუ სოფელში ვერ მიდის, ვარძიელები თამარ ექიმს ზესტაფონში სახლში, ან მეორე სამსახურში – ფერომედის საავადმყოფოში აკითხავენ. კონსულტაციებისთვის ტელეფონზეც უკავშირდებიან.

„კორონავირუსის პანდემიამ დაგვანახა, რომ სოფლის ექიმის როლი, დაავადებების პრევენციისთვის, უმთავრესია, – ამბობს თამარ მახათაძე, – ახლა კი გვაქცევენ ყურადღებას – ერთჯერადი ხელთათმანებით, ნიღბებითა და სახის ფარებით მოგვამარაგეს. ყოველთვის ვარძიელების გვერდით ვიქნები. ჩემი იმედი ჰქონდეთ. კორონავირუსმა არ შეგაშინოთ. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება“.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე – ვარძიის ამბულატორიის ექიმი თამარ მახათაძე და ექთანი აზა სამანიშვილი