კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბევრმა სოფლის მეურნეობის მეტად განვითარება გადაწყვიტა.

როგორ აგვარებენ ადამიანები აუცილებელ საჭიროებებს, – საგანგებო მდგომარეობის პირობებში სად და როგორ იძენენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენის საშუალებებს, – ამის გასარკვევად რამდენიმე ხარაგაულელს დავუკავშირდით.

გედსამანიაში მცხოვრები გოჩა ჩადუნელი ამბობს, რომ მათი თანასოფლელები, საკვები პროდუქტების შესაძენად და სხვა საჭიროებებისთვის, ძირითადად, ხაშურის ბაზარში მიდიოდნენ. გადაადგილების შეზღუდვამ მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ოჯახებს პირუტყვის გამოსაკვები გამოელიათ. გოჩა გელაშვილი ამბობს, მარაგის შევსებაში მათ დაეხმარა მერის წარმომადგენელი, კახა ლომიძე, რომელიც სპეციალური საშვით გადაადგილდებოდა.

„მსუბუქი ავტომანქანა გედსამანიაში ბევრს ჰყავს, – ამბობს გოჩა გელაშვილი, – რადგან უკვე მანქანებით მიმოსვლის ნება დაგვრთეს, გამოსავალს მოვძებნით.“

ნადაბურში ორი სასურსათო მაღაზიაა. ორივეს მეპატრონეებმა თადარიგი დაიჭირეს და პროდუქტები საკმაოდ მოიმარაგეს. მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა რომ დაწესდა, შემდეგ საშვები აიღეს, – გვითხრა ნადაბურში მცხოვრებმა გრიგოლ გელაშვილმა.

ხორითში ოჯახები თავს, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვით ირჩენენ. სააღდგომოდ ბევრ მათგანს ბაზარში ყველის, კვერცხის, სიმინდის ფქვილისა თუ ქათმის გაყიდვა სურდა. ტრანსპორტირების შეზღუდვამდე ხაშურის მიმართულებით ყოველ პარასკევსა და კვირას მიკროავტობუსი მოძრაობდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ზესტაფონშიც დადიოდნენ.

„ზესტაფონში ტაქსით წასვლა-წამოსვლას 40 ლარი სჭირდება, – ამბობს ხორითელი ზურა ასათიანი, – გლეხმა 40 ლარის რა უნდა გაყიდოს. რამდენიმე შეამხანაგდებოდა ხოლმე და ტაქსში გადასახდელ ფულს გაიყოფდნენ, მაგრამ ახლა მსუბუქი ავტომანქანით ორ ადამიანზე მეტის მგზავრობა იკრძალება. კარგი იქნება, თუ მიკროავტობუსით პროდუქტებს სოფელში ამოიტანენ“.

უტრანსპორტობის გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ჩხერიმელას ხეობის სოფლები აღმოჩნდნენ. მოლითის, ზვარეს, წიფას ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლება საგარეუბნო მატარებლით გადაადგილდებოდა.

ზვარელი ასმათ ჯოგლიძე გვიამბობს, რომ სოფელში ერთმანეთის თანადგომით გააქვთ თავი. მართალია, ოჯახებში სტუმრობა და მისვლა-მოსვლა აკრძალულია, მაგრამ მეზობლებს თუ რამე სჭირდებათ, ერთმანეთს ეხმიანებიან, მარტოხელა მოხუცებსა და ხელმოკლე ოჯახებზე ერთობლივად ზრუნავენ.

ხიდარში მცხოვრები თამარ თაბუკაშვილი გვიამბობს, რომ ცუდი ინტერნეტის გამო ვიდეოგაკვეთილების ჩატარება უჭირს. თამარი თვლის, რომ კომპანიები – „აირმაქსი“ და „ფაინეტი“ მოსახლეობისთვის ხარისხიანი ინტერნეტის მიწოდებაზე არ ზრუნავენ. სამედიცინო სერვისებზე და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის აუცილებელ იარაღებზე ხელმისაწვდომობა თამარ თაბუკაშვილისა და მისი თანასოფლელებისთვის სერიოზული პრობლემაა. ექიმთან ვიზიტი სჭირდება, მაგრამ იმის გამო, რომ კერძო ტრანსპორტის დაქირავება ძვირი უჯდება, ვერ მიდის. ამბობს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს შეეხო, მარტოხელა დედების გარდა.

თამარი ითხოვს, რომ ამ პანდემიის პირობებში მაინც აღარ დაბეგრონ მისი ხელფასი – მარტოხელა დედებს საშემოსავლო იმ შემთხვევაში არ ექვითებათ, თუ მათი შემოსავალი წლის განმავლობაში 3 ათას ლარამდეა.

„მთავრობის დაპირება, რომ ცხრა პროდუქტზე ფასები არ გაიზრდებოდა, დარღვეულია, – ამბობს თამარ თაბუკაშვილი – 28 მარტს 61 ლარი გადავიხადე ზესტაფონში ერთ ტომარა პურის ფქვილში, 3.50 ლარი – ბრინჯში, როცა კორონავირუსის პანდემიამდე ერთი ლარით ნაკლები ღირდა. მითხრეს, დისტრიბუტორებმა გაზრდილ ფასებში მოგვყიდესო. გაუგებარია, როგორ დააზღვია მთავრობამ ფასების შენარჩუნება?! ერთადერთი, დენის გადასახადზე შეღავათი შემეხო. თვეში ცხრა ლარზე მეტის ელექტროენერგიას ისედაც არ მოვიხმარდი. ცოტა შეურაცხყოფილიც ვარ – საყოველთაო აკრძალვა რატომ არ შეეხო ყველას – რატომ უნდა ევლოთ მღვდლებს მანქანებით და მე სრულ იზოლაციაში რატომ მამყოფებენ?“

ვარძიაში მცხოვრები ლალი ხარაზიშვილი ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ ბოლო ორ თვეში სოფელში გარდაცვლილ მეზობლებს ღირსეული პატივი ვერ მიაგეს. უკანასკნელ გზაზე ღვაწლმოსილი პედაგოგი – ჟუჟუნა ნანიტაშვილი შვილიშვილებმაც ვერ გააცილეს. სოფელში ერთი მაღაზიაა და იქ მისვლას მეტ-ნაკლებად ყველა ახერხებს.

ვარძიელები, რომელთაც ექიმის მომსახურება სჭირდებათ, ცუდ მდგომარეობაში არიან. სოფელში ექიმი კვირაში სამ დღეს – ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიდიოდა. საზოგადოებრივი და შემდეგ მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვის გამო ექიმი სოფელში, ფაქტობრივად, ვეღარ მიდის. თანასოფლელები მედიკამენტების შეძენას ვარძიაში მერის წარმომადგენელ მზექალა გლუნჩაძეს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ შმაგი ხიჯაკაძეს სთხოვენ, თუმცა ყველა საჭიროებისას მათი შეწუხებისაც ერიდებათ.

ნინო კაპანაძე

რამაზ ბლუაშვილის ფოტო