ერთი წლის წინ პატარა ბიჭუნამ გადაწყვიტა, ამქვეყნად ანდრიაობის დღესასწაულზე მოვლენილიყო და მშობლების ცხოვრება გაელამაზებინა.

ლიკა შავიძე და ვანო ბანცაძე რამდენიმე თვის შეუღლებულები იყვნენ, როდესაც გაიგეს, რომ ვაჟის მშობლები უნდა გამხდარიყვნენ. დაიწყეს მზადება, შეარჩიეს სახელი დემეტრე და მოიფიქრეს გეგმა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, როდესაც ლიკას მშობიარობა დაეწყებოდა.

იცოდნენ, რომ ეს დღე 20 მაისის შემდეგ უნდა დამდგარიყო. მოახლოვდა ანდრიაობა – 12 მაისი. ვანო ხარაგაულის ტურიზმის ცენტრში მუშაობდა და აქტიურად იყო ჩართული რკინისჯვარზე ყოველწლიური, ტრადიციული ტურის ორგანიზებაში.

და, აი, დადგა 12 მაისის დილა. ვანო წუხს, რომ ლიკას დატოვება უწევს. ემშვიდობება და აფრთხილებს, რომ არ ინერვიულოს, თუ ტელეფონით ვერ დაუკავშირდება, რადგან რკინისჯვარზე ქსელმა, შესაძლოა, სიგნალი არ დაიჭიროს. ლიკას ცოტა მუცელი სტკივა, მაგრამ მეუღლეს არაფერს ეუბნება, რადგან არ უნდა, რომ ანერვიულოს.

„შუადღისას დამეწყო მშობიარობა და საავადმყოფოში წავედით. თან პარალელურად ვანოს ურეკავდნენ, მაგრამ ვერ დაუკავშირდნენ. საღამოს ანდრია დაიბადა. დაახლოებით, 9 საათზე დაუკავშირდნენ ვანოს და უთხრეს, რომ ბიჭის მამა გახდა. ტურზე მყოფი მომლოცველები ამ ამბავს ოვაციებით შეხვდნენ. თურმე ყველა ვანოს ულოცავდა.

რკინისჯვარიდან  პირდაპირ საავადმყოფოში მოვიდა, რაც შეიძლება მალე უნდოდა ჩვენი ნახვა. ექთანმა ჰკითხა, თუ ვისი მშობელი იყო. ვანომ დაუფიქრებლად უპასუხა დემეტრე ბანცაძისო. აი, აქ კი დაფიქრებულა ექთანი და  უთქვამს, დღეს სამი ბიჭი დაიბადა და სამივე ანდრიაო. ვანომ კი თურმე გადაღლილობით იმართლა თავი.  იმდენად ვიყავით მიჩვეულები სახელ დემეტრეს, რომ თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, – იხსენებს ჩვენთან საუბარში ლიკა ამ დღეს.

პატარა ბიჭუნამ, რომელმაც საკუთარი სახელი თვითონ აირჩია, დღეს ერთი წლის გახდა. ახლა ოჯახში ანდრიაობასა და პატარა ანდრიას დაბადების დღეს ერთად აღნიშნავენ.

ლიკა ხიჯაკაძე

ანდრიას ფოტოები ქვეყნდება მშობლებთან შეთანხმებით.