ფუტკრის ოჯახიდან ახალი ოჯახის მიღების ერთადერთი გზა ნაყრიანობაა.

ამ პროცესს მეფუტკრე თუ მომზადებული არ შეხვდა, შესაძლოა, იზარალოს და ახალი ოჯახის მიღების შესაძლებლობა დაკარგოს. ნაყრიანობის შესახებ მეფუტკრე ლაშა გურგენიძე გვირჩევს:

-ნაყრიანობა სამი სახისაა – ადრეული, გვიანი და ცრუ. ადრეული ნაყრიანობის დროს ფუტკრის სკაში ვადაზე ადრე იმატებს ძიძა და მუშა ფუტკრების რაოდენობა. მუშა ფუტკარი დედა ფუტკარს რძის მიცემას უწყვეტს და მხოლოდ ჭეოს აჭმევს. შედეგად, დედა ფუტკარს ფრენის უნარი უბრუნდება და სკიდან გამოსვლას იწყებს. ადრეული ნაყრიანობა ტყემლისა და ვაშლის ყვავილობისას იწყება. თუ ფუტკარი კარგად მომზადებულია, ახალი ოჯახი ადრეული ნაყრიანობის შემდეგაც ასწრებს სკაში თაფლის მიტანას.

გვიანი ნაყრიანობა მაისის შუა რიცხვებიდან იწყება – მთავარი ღალიანობის დაწყებიდან ერთ კვირაში. ამ დროს შექმნილი ფუტკრის ახალი ოჯახი სასაქონლო თაფლის მოტანას ვეღარ შეძლებს, მაგრამ, მეფუტკრესთვის ის ახალი ოჯახია.

ცრუ ნაყრიანობა აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში და ზოგჯერ ოქტომბრის დასაწყისშიც კი მოსალოდნელია. ეს ხდება მაშინ, როცა სკაში არის დაავადება ვარვატოზი ან სხვა რაიმე ინფექცია. ამ დროს დედა ფუტკარი ცდილობს, დაავადებული სკიდან გაფრინდეს და ოჯახი გადაარჩინოს.

ბუნებრივი ნაყრიანობისას ფუტკრის ახალი ოჯახი დიდ ხეზე იდებს ბინას. სკაში მისი შეყვანა საკმაოდ რთულია. ამიტომ, თუ მეფუტკრეს სურს, რომ ოჯახი თავად გაყოს, სკას უნდა დააკვირდეს. ნაყრიანობის დაწყებისას მუშა ფუტკარი სკის საფრენზე ჩამოეკიდება, სკის სახურავის შიდა კედლებზე გროვდება. ბუნებრივი ნაყარი რომ სკასთან დავიჭიროთ, წყლის სუსტი ჭავლი უნდა შევასხათ. ფუტკარი სკის წინ დაეცემა და მისი დაჭერა ადვილია.

ხელოვნურად სკის ოჯახის გაყოფა შედარებით ადვილია. ამ დროს მეფუტკრე თავად იღებს შევსებულ ჩარჩოებს და ახალ სკაში დებს. თუ დედა ფუტკარმა ყველა ჩარჩო კვერცხით შეავსო და ყველა უჯრა გადაბეჭდილია, ფუტკარი ნაყარისთვის მზადაა.

პარალელურად, სკაში სადედეების შენება იწყება, რომლებიც დედა ფუტკრისთვის დამალულ ადგილებში კეთდება. მუშა ფუტკარი ცდილობს, რომ სადედეებამდე არ მიუშვას დედა ფუტკარი, თორემ ნაყარი აღარ გვექნება.

ახალ გაყოფილ ნაყარს საკვებად 1-2 ჩარჩო უნდა მიეცეს. ხელოვნურად სკის გაყოფისას თუ ჩარჩოები შევსებული არ არის, ორივე სკა დასუსტდება – ძველიც და ახალიც. ხელოვნური ნაყრიანობა ანუ ოჯახის გაყოფა კარგ ამინდში უნდა მოხდეს.

თუ მეფუტკრეს ნაყარის მიღება არ სურს, სადედეები უნდა ამოჭრას, გადაბეჭდილი ბარტყი ამოიღოს და სკას ღია ბარტყი მისცეს. სანამ სკაში ღია ბატყი იქნება, ფუტკარი ნაყარს არ გააკეთებს.

შეგახსენებთ ძველი რომის ისტორიიდან ერთ ფაქტს – ნაყარს ვინც იპოვის, იმისია და არა იმ კონკრეტული მეფუტკრის, ვისი საფუტკრედანაც ნაყარი წავიდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ლაშა გურგენიძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 593 76 97 00.