ახალი კორონავირუსის პანდემიამ ბევრი ჩვენგანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

სახლიდან გაუსვლელად გვიწევს ვაკეთოთ ის საქმე, რასაც აქამდე სამსახურში ვასრულებდით. დისტანციურად მუშაობა ჩვენთვის ახალი გამოწვევაა და ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ როგორ მუშაობს სამუსიკო სკოლა თვითიზოლაციის პირობებში, სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ გვპასუხა:

– დისტანციურად სწავლება ძალიან გვიჭირს, მაგრამ ბავშვებისთვის ყველაფერს ვცდილობთ. სამუსიკო სკოლის ყველა პედაგოგი თავის მოსწავლეების უმრავლესობასთან მესენჯერით ან სკაიპით ურთიერთობს. ძალიან რთულია, ინტერნეტის ხარისხიც ძალიან დაბალია, მაგრამ მაინც ვახერხებთ მოსწავლეებთან დისტანციურად ურთიერთობას. ვაძლევთ დავალებებს, სავარჯიშოებს, ხარისხიან ბგერაზე მუშაობა რთულია, მაგრამ მაინც ვცდილობთ.

მოსწავლეებთან კვირაში ორჯერ, 10-15 წუთით ვმუშაობთ. პანდემიამ ცხოვრების ახალ სტილზე გადაგვიყვანა. სკოლაში დაბრუნების შემდეგ ჩვენს საქმიანობაში ალბათ ცვლილებებს შევიტანთ. სამუსიკო სკოლაში მოსწავლეები კლასიდან კლასში გადასასვლელად გამოცდებს აბარებდნენ, გამოცდაზე თითოეულ მათგანს 4 ნაწარმოები ზეპირად უნდა შეესრულებინა.

ამ პირობებში გამოცდებს, სავარაუდოდ, გავამარტივებთ. მოსწავლე ალბათ გამოცდაზე სამ ნაწარმოებს დაუკრავს, ნოტების თანხლებით. იმედი გვაქვს, მაისის ბოლოს ჩვენს მოსწავლეებს შევხვდებით და მეცადინეობას სამუსიკო სკოლაში გავაგრძელებთ“.

დისტანციურაც მუშაობის პირობებშიც ყველაფერი მოსწავლეზეა დამოკიდებული, – ამბობს სამუსიკო სკოლის პედაგოგი ხათუნა მაჭავარიანი – თუ ბავშვი ბეჯითი და მონდომებულია, უფრო მომყვება და იოლია მასთან მუშაობა. ინტერნეტზე წვდომა ჩემს ყველა მოსწავლეს აქვს და მეტ-ნაკლებად ყველასთან ვახერხებ მუშაობას. რა თქმა უნდა, დისტანციურად რთულია შესრულების ხარისხის აღქმა, რომ ბგერა გაუსწორო, თუმცა მაინც შესაძლებელია“.

სამუსიკო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე არმაზი შავიძე ამბობს, რომ მასწავლებლის გვერდით მეცადინეობა ბევრად უფრო მარტივი და ნაყოფიერია.

„დისტანციურ რეჟიმში ხშირად ხმის ან ინტერნეტის პრობლემაა, შეიძლება გამოსახულების ხარისხიც დაიკარგოს. მეცადინეობას მაინც ვახერხებ. ძირითადად, პირველ სემესტრში გარჩეული ნაწარმოებების დახვეწაზე ვმუშაობთ“, – ამბობს არმაზი შავიძე.

„ქართულსა და მათემატიკაში მიუჯდები კომპიუტერს, ლექსს მოყვები ან მაგალითს ამოხსნი, მაგრამ მუსიკაში ნორმალურად ვერც ბგერას გაიგონებ, ვერც თითების მოძრაობას დააკვირდები. ამიტომ ასეთ რეჟიმში მუშაობა ძალიან რთულია, – ამბობს სამუკო სკოლის პედაგოგი დარეჯან გვაძაბია, – ძირითადად, სავარჯიშოებს ვამეცადინებ, გამებზე ვმუშაობ.

ინტერნეტით ურთიერთობას ყველა მოსწავლესთან ვერ ვახერებ. ამიტომ ზოგ მათგანს ტელეფონით ვუკავშირდები და ვცდილობ, ასე ვამეცადინო. ძალიან რთულია ასეთ პირობებში პირველი კლასის მოსწავლესთან მუშაობა. მას გვერდით თუ არ დაუჯექი და ხელის მოძრაობები არ შეასწავლე, დისტანციურად ძალიან ძნელია. გვიჭირს, მაგრამ ვცდილობთ, ბავშვებს ნოტები არ დაავიწყდეთ.

„პირველკლასელებთან, ძირითადად, თეორიული მასალის სწავლებით შემოვიფარგლებით, რადგან ინსტრუმენტის აწყობა დისტანციურად ვერ ხერხდება, – ამბობს ხარაგაულის სამუსიკო სკოლის ვიოლინოს პედაგოგი თამარ ჩიმაკაძე, – მაღალი კლასის მოსწავლეებთან უფრო მიადვილდება. პირველ სემესტრში საკმაოდ ბევრი ნაწარმოები გავარჩიეთ. ახლა მის სწავლასა და დახვეწაზე ვმუშაობთ.

იმისათვის, რომ ბავშვი არ მოდუნდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მუსიკამ იოლად იცის დავიწყება, დაკვრის ტექნიკაც ადვილად ავიწყდებათ. ამიტომ მუშაობის გაგრძელება აუცილებელია. ასევე ვმუშაობ ქუთაისის სამუსიკო სკოლაში. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ქუთაისელ მოსწავლეებთან ინტერნეტით დაკავშირება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მათ ხარაგაულელ თანატოლებთან. ხარაგაულელმა მოსწავლეებმა ძალიან მოინდომეს და ეს მახარებს“.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე