XXI საუკუნეში კორონავირუსის პანდემიამ ადამიანის ცხოვრების წესი მთლიანად შეცვალა.

დახურა მრავალი ობიექტი, დააცარიელა ქუჩები და ისინი „უდაბური“ გახადა. განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. სასიამოვნო მოსასმენია ტელესკოლის გაკვეთილები. განათლების მიღება სახლიდან გაუსვლელად მიწევს და ვასრულებ რეკომენდაციას „დარჩი სახლში“. მსურს ეს მოწოდება ყველამ შეასრულოს. ეს დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და დედამიწის მიმართ. ახლა ხომ დედამიწა დაპაუზებულია.

პანდემიის გამო უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ძალიან ცუდია. დედამიწაზე სიცოცხლის გადასარჩენად წინა ხაზზე ექიმები მუხლჩაუხრელად იბრძვიან. ისინი ერთ რამეს ითხოვენ ჩვენგან „დარჩით სახლში“, რათა ამით გადავარჩინოთ როგორც საკუთარი, ისე ერთმანეთის სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას თავს გავართმევთ და ცხოვრების ჩვეულ წესს დავუბრუნდებით.

პანდემიამ სახელად COVID-19-მა სამყარო სხვა თვალით დამანახა. ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვას დადებითი მხარეებიც აქვს – დიდ ქალაქებში ჰაერი გასუფთავდა, მდინარეებში, წყალსაცავებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში დაბინძურება შემცირდა. ემიგრანტები, რომლებიც წლების წინ სამშობლოდან ლუკმაპურის საშოვნელად წავიდნენ, ოჯახებს დაუბრუნდნენ. სოფლებში მოსახლეობა დაბრუნდა და დიდი ხნის წინ მიტოვებული მიწები დაამუშავა. მივიწყებული, დამტვერილი წიგნები ჩამოვიღეთ თაროებიდან და კითხვა დავიწყეთ. დედებს შვილებთან თამაში, მათთვის დროის დათმობა შეძლებიათ. მახარებს ის ფაქტი, რომ ერთ დროს დაუფასებელი ექიმები დაფასდნენ. ისინი სიცოცხლის გადასარჩენად დღედაღამ, თვალმოუხუჭავად იბრძვიან.

დედამიწა დაპაუზდა-მეთქი, – ზემოთ აღვნიშნე, მაგრამ უფრო სწორად დედამიწამ ცოტათი ამოისუნთქა. ალბათ უფალმა აგვაკრა პირზე პირბადე, რადგან ჩვენი ბილწსიტყვაობით, ერთმანეთის განკითხვითა და ლანძღვით გადაიღალა.

პანდემიამ მდიდარი და ღარიბი გაათანაბრა, მეტად დააფასა ექიმები, ტაქსისტები, საკვების მომწოდებლები. სამსახურდაკარგული ადამიანები გამოსავლის ძიებაზე დააფიქრა. ზუსტად ვიცი და მჯერა, რომ კარანტინის შემდეგ უფრო მეტად დავაფასებთ და შევიყვარებთ ერთმანეთს.

მჯერა, თუ სახლში დავრჩებით და ყველა წესს დავიცავთ, ჩვენს სკოლებს დავიბრუნებთ, სწავლას გავაგრძელებთ არა კომპიუტერთან და ტელევიზორთან, არამედ ჩვენს მონატრებულ მერხებთან და საყვარელ მასწავლებლებთან.

პანდემია სახუმარო არ არის. მე ვრჩები სახლში, დარჩი შენც!

შორენა ცისკაძე

სარგვეშის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე