
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არდადეგები გრძელდება.
როგორ ურთიერთობენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან აღმზრდელები და რა უნდა გავითვალისწინოთ მშობლებმა იძულებითი არდადეგების დროს, ამ საკითხებზე ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტი თამარ ავალიშვილი გვესაუბრება:
– არდადეგების გახანგრძლივების გამო ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისთან, ნათია კაციტაძესთან, ერთად შევქმენით ფეისბუქჯგუფი ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის.
თითქმის ყოველდღიურად მათთვის ვტვირთავთ განათლების სამინისტროს, ასოციაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“, ასევე იუნისეფისა და „კივიტას გეორგიკას“ რეკომენდაციებს, რჩევებსა თუ სასწავლო მასალას. ამ მასალებზე დაყრდნობით, აღმზრდელები სოციალური ქსელით მშობლებს უკავშირდებიან და დავალებებს აცნობენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასკოლო მზაობის პროგრამის დასრულება. მშობლებს აუცილებელ და სახალისო აქტივობებს ვაწვდით. გარკვეულ რეკომენდაციებს, რჩევებს, ახალ ინფორმაციებს ასევე ვაქვეყნებთ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ფეისბუქგვერდზე.
ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნაა. პატარები სტრესულ გარემოს უნდა მოვარიდოთ. შექმნილ სიტუაციაში სააღმზრდელო პროცესს რამდენადაც სწორად წარვმართავთ, იმდენად უმტკივნეულოდ გადავატანინებთ ჩვენს ბავშვებს სტრესს.
მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ბავშვები საინფორმაციო გადაცემებს. მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ შექმნილი მდგომარეობა და ვუთხრათ, რომ საშიში არაფერია“, – ამბობს თამარ ავალიშვილი.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგე ნანა რევაზიშვილი ამბობს, რომ „შექმნილი მდგომარეობა აღსაზრდელთა სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ საკუთარ შვილებთან დიდი დრო გაატარონ. ამიტომ ვურჩევ მათ, რომ ბავშვებთან ერთად აქტივობები მოიფიქრონ, მათთან ერთად ითამაშონ და ისწავლონ; შვილებთან ერთად ბუნებაში მეტი დროს გაატარონ“.
„აღსაზრდელთა მშობლების უმრავლესობას ფეისბუქით ვუკავშირდები, ზოგიერთთან კი სატელეფონო ურთიერთობა მაქვს, – ამბობს ნადაბურის საბავშვო ბაღის აღმზრდელი მაია ღაჭავა, – მშობლებს ინტერნეტის საშუალებით ვუგზავნი საინტერესო ლექსებს, ზღაპრებს და დავალებებს, რომლებსაც სახლში შეძლებისდაგვარად ასრულებენ. ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, მათთვის გასაფერადებლები და სხვა მასალები ხელით დავამზადე და საკვებ პროდუქტებთან ერთად მივაწვდი“.
ხევის საბავშვო ბაღის გამგე ნინო ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ აღმზრდელებთან ერთად თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს: „აღმზრდელები მშობლებს კვირაში ორჯერ ინტერნეტით აწვდიან თემებსა და დავალებებს, რომლებსაც აღსაზრდელები მშობლებთან ერთად ასრულებენ. მნიშვნელოვანია აღსაზრდელების სამუშაო მასალებით მომარაგება. საბავშვო ბაღებში ისინი მუშაობენ თავიანთი მასალებით, რომლებიც წლის დასაწყისში მშობლებს მოაქვთ. ვფიქრობ, ხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ეს მასალები დავურიგოთ, რომ მათ სახლში უფრო აქტიურად შეძლონ მუშაობა. თუ საბავშვო ბაღში დავბრუნდებით, სამუშაო მასალებს ისევ მოიტანენ“.
„22 აპრილს დავიწყეთ ამ თვეში აღსაზრდელებისთვის გადასაცემი პროდუქტების შემოტანა, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – თითოელი აღსაზრდელი ამჯერად მიიღებს 1 კგ. ლობიოს, 4 კგ. კარტოფილს, 2 კგ. ვაშლს, 1 კგ. ჰერკულესს, 1 კგ. ქათმის ფილეს, 200 გრ. კარაქსა და 10 ცალ კვერცხს.
პროდუქტებთან ერთად ბავშვებისთვის ასევე ვაპირებთ სახატავი ნაკრების (ფანქრები, ფლომასტერები, სახატავი რვეული) გადაცემას, თუ 27 აპრილს თბილისსა და ქუთაისში შესვლაზე შეზღუდვა მოიხსნა და ნივთების ჩამოტანა შევძელით“.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: თამარ ავალიშვილი, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტი
გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის