მეორე მსოფლიო ომის ვეტერან დიმიტრი (მიტუშა) ხეცაძის მონათხრობ ამბებს რომ უსმენ, გეფიქრება იმაზე, თუ რამდენი სირთულის გაძლება და გადალახვა შეუძლია ადამიანს. მისი ისტორიები დრამატული ფილმის სცენარს ჰგავს.
1925 წლის 15 სექტემბერს დაიბადა სოფელ კიცხში. ჩვიდმეტი წლისაც არ იყო, მოხუცებს რომ ზესტაფონში გაჰყვა შეშის გასაყიდად. ახალგაზრდა ბიჭი მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ იქიდან პირდაპირ ფრონტზე აღმოჩნდებოდა.
– ზესტაფონში მოხუცებულ ადამიანებს შეშის გასაყიდად წავყევი. სამი ურემი ხარით ვიყავით წასულები. მამა უკვე გაწვეული ჰყავდათ ფრონტზე. ზესტაფონში ხიდზე დამიჭირეს. ერთი კაპიტანი იყო, ორი სამხედრო ავტომატებით. გაუკვირდათ, ამას აქ რა უნდაო და გორში წამიყვანეს.
ჩემთან ერთად მოხვდა ჩემი გარე ბიძაშვილი ჟორჟიკა ირაკლის ძე ხეცაძე, ის ხიდრიდან იყო. გორიდან არმავირში აღმოვჩნდი. ჩემი თანატოლები ფრონტზე 43-ში გამოგვიყვანეს“, – იხსენებს მიტუშა ხეცაძე.
ბრძოლის ადგილები ზედმიწევნით ახსოვს. ჯერ ქერჩში იბრძოდა. მხარში დაიჭრა, მაგრამ ამის მიუხედავად ისევ წაიყვანეს ფრონტზე სიმფეროპოლში, შემდეგ ბახჩისარაიში, ბალაკლავაში, სევასტოპოლში. ტყვიამფრქვევის სნაიპერი იყო.
– ქერჩში დავიჭერი. „ყუმბავოიში“ მოვექეცი გვირაბთან და მარჯვენა გვერდზე დავიმარხე. იქედან ამომიყვანეს, მაგრამ სახლში არ გამომიშვეს. ისევ ფრონტზე წამიყვანეს სიმფეროპოლში, ბახჩისარაიში, ბალაკლავაში, სევასტოპოლში. სევასტოპოლი რომ გავათავისუფლეთ, გზა ვეღარ გავაგრძელე, რადგან მალევე დამჭრეს. ტყვიამ თავში გაიარა და საკუთარი თვალი ჩემივე ხელით მოვიწყვიტე. შემდეგ არ მახსოვს აღარაფერი, – სად ვიყავი, ვინ წამიყვანა.
თურმე სიმფეროპოლში მივუყვანივარ. იქ ოპერაციის ჩატარება ვერ გაბედეს. ტყვია თავში შიგ გახირებული. მითხრეს, თვითმფრინავით თბილისში გაგიშვებთ, ექიმს გაგატანთ, თბილისში ქართულად მაინც დაილაპარაკებო. რუსულად კარგად ვერ ვსაუბრობდი. მე ვუთხარი – არსად არ მივდივარ, აქ დავიჭერი და აქ დამეხმარეთ-მეთქი.
სიმფეროპოლიდან იალტაში წამიყვანეს. ჯერ თვალზე მიმკურნალეს, შემდეგ თავი გამიკვეთეს, თავის ქალაში პლასტმასი ჩამისვეს და დღესაც ხელს რომ ვიდებ, ჭრიალებს. გადავჩი…“ – იხსენებს გმირი ვეტერანი მიტუშა ხეცაძე.
სანამ ფრონტზე იბრძოდა, მისმა ოჯახმა მისი გარდაცვალების მაუწყებელი დეპეშა მიიღო…
– ვასილი ჯანჯღავას მიერ ანაპის 414-ე დივიზიის ბრძოლებისადმი მიძღვნილ წიგნში გარდაცვლილად ვარ მოხსენიებული. 243-ე გვერდზე ჯერ მე ვწერივარ, შემდეგ ჩემი ბიძაშვილი ჟორჟიკა ირაკლის ძე ხეცაძე, ბომბის ნამსხვრევმა მას თავი მთლიანად ააცალა. ხარაგაულის რაიონიდან ჩემთან მეტი არავინ ყოფილა.
იალტაში რომ ჰოსპიტალში ვიწექი, ლახუნდარელი გიორგი სხილაძე ვნახე. ის ჩემზე ადრე გამოწერეს“, – თავისი ამბის თხრობას აგრძელებს და თან ცრემლები ერევა მიტუშა ხეცაძეს.
დალხინებული ცხოვრება არც ომიდან დაბრუნებულს ჰქონია. წვალება და შრომა არ აკლდა. სახლის აშენება დაიწყო, რადგან მანამდე პატარა ქოხი ჰქონდა. დაოჯახდა, მაგრამ ბევრი ტკივილის გადატანა მოუხდა, დაეღუპა ორი ვაჟი, შვილიშვილი, მეუღლე. ახლა ქალიშვილი უვლის, რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდია. ასევე ჰყავს ერთი ვაჟი, რომელსაც ცოლ-შვილი თბილისში ჰყავს და ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებს.
– საჭმელს ვერ ვჭამ, არ მინდა. გადასხმას რომ მიკეთებენ, უფრო კარგად ვარ. პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ. ჩემი ქალიშვილიც მეორე ჯგუფის ინვალიდია. ყოველ წელს გვეხმარებოდნენ ხოლმე, მაგრამ წელს არ მოსულან. მხოლოდ ერთხელ მოვიდნენ და მაკარონი და პასკა მოიტანეს. პატარა ნაჭერი გავსინჯე და პირში არ ჩაიკარებოდა. ორი კოვზი შაქარი იყო კიდევ და ეს იყო მაგათი დახმარება. რა დახმარება არის ეს“, – ამბობს წუხილით.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთგვარ მატიანეს წარმოადგენენ, რომელთაც გაფრთხილება და მუდმივი ყურადღება სჭირდებათ.
მხოლოდ 9 მაისი არ უნდა იყოს მათთვის ნათელი წერტილი წლის დანარჩენ, ბურუსით მოცულ პერიოდში.
ლიკა ხიჯაკაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.