სალომე მაჭავარიანი ბორის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. მან მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) გაიმარჯვა და ერთი წლით ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავრა. ის აიოვას შტატის ქალაქ ვატერლოოში სწავლობდა და იქ მასპინძელ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

თუმცა, პანდემია მასაც შეეხო და იძულებული აღმოჩნდა, დროზე ადრე დაბრუნებულიყო სხვა ქართველ მოსწავლეებთან ერთად, რომელნიც ამერიკაში ამავე პროგრამით იმყოფებოდნენ. ამერიკაში გატარებული დროისა და მომავალი გეგმების შესახებ სალომე ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს:

– როდის გაემგზავრე ფლექსის პროგრამით ამერიკაში, როგორი იყო შენი მოლოდინები და გამართლდა თუ არა ის?

-ამერიკაში 2019 წლის 15 აპრილს გავფრინდი. ამერიკის შეეთებულ შტატებზე წარმოდგენა ფილმებიდან მქონდა. მართალია, ზუსტად ისეთი ცხოვრება არ არის, მაგრამ ბევრი ამერიკული ფილმი რამ რეალობას ასახავს.

– რა განსხვავებაა იქაურ და ჩვენს სასკოლო ცხოვრებას შორის? შესაძლებლობა რომ გქონდეს, რა სიახლეს გადმოიტანდი საქართველოს სინამდვილეში?  

– ამერიკული განათლების სისტემა ქართულისგან სრულიად განსხვავდება. სკოლაში შეგიძლია მხოლოდ ის საგნები ისწავლო, რაც მომავალში გამოგადგება. დიდი ყურადღება ექცევა სპორტს, მუსიკასა და თეატრს. ვისურვებდი, მსგავსი დამოკიდებულება იყოს ქართულ სკოლებში ხელოვნებისადმი და არჩევითი საგნები შემოიღონ.

– როგორც ვიცით, პანდემიის პერიოდში სკოლები ამერიკაშიც დაკეტილი იყო და სწავლა დისტანციურად გრძელდებოდა? მიამბე იქაური ონლაინ სწავლების შესახებ?

– სანამ იქ ვიყავი, ონლაინ სწავლა დაწყებული არ იყო. თუმცა ახლა, როგორც ჩემი მასპინძელი ოჯახიდან შევიტყვე, დისტანციურად სწავლება დაიწყეს. ლეპტოპებით სკოლა უზრუნველყოფს.

– რამდენიმე სიტყვით გაგვაცანი შენი ამერიკელი მასპინძელი ოჯახი.

-ძალიან კარგი მასპინძელი ოჯახი მყავდა. ყველაფერში მეხმარებოდნენ. ცდილობდნენ, მაქსიმალურად მიმეღო ამერიკული გამოცდილება და ამერიკული კულტურა გამეცნო. სამი მცირეწლოვანი მასპინძელი და მყავდა. ამერიკაში „დების“ ყოლა ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან რეალურად ძმა მყავს.

– რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად შენი ამერიკაში ყოფნის დროს?

– ჩემი გაცვლითი პროგრამის ყველაზე საინტერესო ნაწილი სკოლაა, ჩემი ამერიკელი მეგობრები და მათთან ერთად გატარებული დრო. ხშირად დავდიოდი ამერიკული ფეხბურთის მატჩებზე, კალათბურთისა და ფრენბურთის თამაშებზე. ჩვენ თვითონ ვთამაშობდით ჩოგბურთს და ვატარებდით დროს. ეს ჩემი საუკეთესო მოგონებებია.

– პანდემიის გამო სამშობლოში სპეცრეისით დაბრუნდით, მოგვიყევით ამ მგზავრობის შესახებ.

– მგზავრობა ძალიან ორგანიზებული იყო. ჩვენი ფრენა დოჰამდე ამერიკის მთავრობამ უზრუნველყო, დოჰადან კი – საქართველომ. FLEX-ის ერთი მონაწილის გარდა ყველა ჩამოვფრინდით საქართველოში. ის ერთი გოგონა, გარკვეული პირადი მიზეზების გამო, ისევ ამერიკაში იმყოფება და დისტანციურ სწავლას განაგრძობს.

– სად და როგორ გაატარე კარანტინი?

– სამშობლოში ჩამოფრენის შემდეგ ორკვირიან კარანტინში გადამიყვანეს ქალაქ თბილისში, სასტუმრო „შერატონში“. ძალიან კარგი პირობები იყო და მადლობელი ვარ მათი, ვინც ჩვენს კომფორტზე იზრუნა. უკვე სახლში ვარ და ეროვნული გამოცდებისთვის დისტანციურად ვემზადები.

– როგორც ვიცი, წელს სკოლას ამთავრებ, სად აპირებ სწავლის გაგრძელებას?

– წელს საქართველოში ვაპირებ ჩაბარებას, მომავალში კი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საზღვარგარეთ სწავლის სურვილი მაქვს.

– რა შეგძინა ამერიკაში ყოფნამ?  

– ამერიკაში გატარებულმა დრომ სრულიად შემცვალა. დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ შემეცვალა. განვვითარდი და დამოუკიდებელი გავხდი. ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე ამ რვა თვის განმავლობაში და შანსი რომ მქონდეს, ამ პროგრამაში ისევ ჩავერთვებოდი.

ლიკა ხიჯაკაძე

ამავე თემაზე

სალომე მაჭავარიანი – კონკურსში გამარჯვებისთვის ბევრი ვიბრძოლე