ომარ კვარაკვახიძე ფოლკლორული ანსამბლ „ოდილას“ დაარსების დღიდან მისი წევრი გახლდათ. 

ამიტომ მისი სახელი და „ოდილა“ განუყრელად დაკავშირებულია ერთმანეთთან.

-ბატონ ომარზე მხოლოდ საუკეთესოს თქმა შემიძლია, – ამბობს ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, – გამორჩეული პირველი ხმა ჰქონდა. ერთია მომღერლობა და მეორე – ადამიანობა. ომარ კვარაკვახიძე იმერელი კაცის, ადამიანურობის ეტალონი იყო. საუცხოო იუმორით გამორჩეული. მის გვერდით არასდროს მოიწყენდი. დასანანია, რომ 75 წლის ასაკში გადასახლდა იმქვეყნად. კიდევ უფრო მეტად დასანანია ის, რომ პანდემიის პირობებში მას უკანანსკნელ გზაზე ღირსეულად ვერ გავაცილებთ.

დუტუ გიორგაძე თავის განუყრელ მეგობარ ომარ კვარაკვახიძეზე უცრემლოდ ვერ საუბრობს.

-თანდათან მიდიან ჩემი „ოდილას“ ბიჭები, – ამბობს დუტუ გიორგაძე, – ომარი გამორჩეული იყო სიკეთით, სიალალით, ადამიანების მიმართ დადებითი განწყობით. მშვიდობით, ჩემო ომარ.

შაბათს, 9 მაისს, ჩაიკრავს გულში მშობლიური კიცხის მიწა ომარ კვარაკვახიძეს. მისი ღვაწლი, ისევე როგორც „ოდილას“ თითოეული წევრის, ფასდაუდებელია მომავალი თაობების წინაშე, ქართული იმერული ფოლკლორის შენარჩუნების საქმეში.

„ოდილა“ საქართველოში ცნობილი ფოლკლორული ანსამბლია, რომლიც 52 წლის წინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში სულიკო ციმაკურიძემ ჩამოაყალიბა. ანსამბლი ფოლკლორული ფესტივალების გრანპრისა და სხვადასხვა ჯილდოების მფლობელია.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ანსამბლი „ოდილა“ (მარჯვნიდან პირველი ომარ კვარაკვახიძე) 2018 წ.