პანდემიამ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე დიდი გავლენა მოახდინა. კოვიდ-19-მა გამოწვევის წინაშე დააყენა განათლების სისტემაც.

ონლაინ სწავლება, რასაც კორონა ვირუსის გავრცელებამდე იშვიათად მიმართავდნენ, ახლა მასწავლებელთა და მოსწავლეთა დღის წესრიგის ჩვეული კომპონენტია. დისტანციურ სწავლებაზე მოულოდნელ გადასვლას თან ბევრი ტექნიკური, ლოჯისტიკური და შინაარსობრივი პრობლემა მოჰყვა. ამ გამოწვევებს განსაკუთრებით რეგიონების სკოლები შეეჯახნენ.

რეგიონებში მოსწავლეთა დიდ ნაწილს არც ინტერნეტზე წვდომა აქვს და არც კომპიუტერი. მასწავლებლებს, მოსწავლეებთან დასაკავშირებლად და სასწავლო პროცესის გასაგრძელებელად, სხვადასხვა გზის მოძიება უწევთ. ამ დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდნენ ხარაგაულის სკოლის მასწავლებლებიც.

ქრისტინე თოიძე მოლითის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. თავდაპირველად  მისთვის დისტანციური სწავლება დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა ეტაპობრივად მოერგო თავის მოსწავლეებთან ერთად სწავლების ამ ახალ მეთოდს. იგი  “Microsoft Teams” – „თიმსის“ პლატფორმას იყენებს, ხოლო მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, ტელეფონით უკავშირდება. ქრისტინე  ცდილობს, რომ საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლე იყოს ჩართული. ასევე დიდ დახმარებას უწევენ მშობლები.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ძალიან დამთრგუნველია, ბავშვები ყველაზე მეტად განიცდიან ამას და ვერ დავუშვებ, რომ უფრო მეტად შევაშინო ისინი. ვცდილობ, გაკვეთილი რაც შეიძლება საინტერესო იყოს. დავალებებს, რომლებსაც ყოველი ვიდეოგაკვეთილის წინ ვამზადებ, ვავსებ თვალსაჩინოებებით, თემატური ფოტოებით, რომ რაც შეიძლება მიმზიდველი, სახალისო იყოს. მართლაც ხალისობენ, კომენტარებს აკეთებენ“, – ამბობს ქრისტინე.

„მე ვხედავ, თუ როგორ შეიცვალა მათი დამოკიდებულება სწავლისადმი, უმრავლეს შემთხვევაში დადებითისაკენ. ახლაც არ ავიწყდებათ ცელქობა, ხანდახან სიზარმაცეც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი მაინც ბავშვები არიან და საკმაოდ კარგად ართმევენ თავს, ყველაფრის მიუხედავად“, – თქვა მან.

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლი ისტორიის მასწავლებელი თამარ მაღლაფერიძეც თავდაპირველად გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. თუმცა ისიც მოერგო ახალ სასწავლო გარემოს და ცდილობს, ეს პროცესი მოსწავლეებსაც გაუმარტივოს.

„ძირითადი პრობლემა მაინც ბავშვების ჩართულობაა. ინტერნეტთან წვდომის ნაკლებობა. ჩვენი მოსწავლეები არიან სხვადასხვა სოფლებიდან, სადაც არ არის ინტერნეტ პროვაიდერებთან წვდომა. მობილური ინტერნეტის შეძენაც ძვირი სიამოვნებაა და ამიტომ ვერ ახერხებენ.

ძირითადად ტელეფონით ვანიშნინებ დავალებას. ვცდილობ, პოზიტიურად დავიწყო ყველა შეხვედრა. ვამხნევებ და წარმატებებს ვუსურვებ მათ. ვქმნი მეგობრულ გარემოს, რომ ეს დამთრგუნველი გარემო სახალისო გავხადო“, -ამბობს თამარ მაღლაფერიძე.

თამარ არჯევანიძე ვარძიის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. სხვების მსგავსად, მისი გამოწვევაც ბავშვებთან კომუნიკაციაა. პრობლემა აქაც ინტერნეტზე წვდომა და კომპიუტერული აღჭურვილობაა. თამარ არჯევანიძე ამბობს, რომ მშობლების გარკვეული ნაწილი ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. ის, შეზღუდული რესურების მიუხედავად, ცდილობს სასწავლო პროცესი შეინარჩუნოს.

„მოსწავლეებს მოსწონთ ეს პროცესი, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული. ისინი კი ძალიან კარგად ერკვევიან მასში. მეგობრებთან ურთიერთობა რომ არ აქვთ, ამის გამო წუხან და უნდათ, რომ თავის ამხანაგებს შეხვდნენ“, – ამბობს თამარ მასწავლებელი.

მამუკა ხიჯაკაძე ვარძიის საჯარო სკოლაში ინფორმაციული ტექნილოგიების  (ე.წ. ისტ-ის) მასწავლებელია. ვინაიდან სხვა საგნებთან შედარებით მისი საგანი სპეციფიკურია, ის უფრო მეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მამუკა ხიჯაკაძე ცდილობს სხვადასხვა აქტივობები გამოიყენოს, მოსწავლეები დისკუსიაში ჩართოს და მათ ელექტრონული თამაშებით გაუღვივოს ინტერესი.

„ისტ-ი სხვა საგნებთან შედარებით უფრო რთულია, რადგან თუ მოსწავლეს რესურსი არ გააჩნია კომპიუტერის სახით, ძნელია გაკვეთილის ონლაინ ჩატარება. სხვა საგნებში შეიძლება მასწავლებელმა დავალება მოსწავლეებს გადაუგზავნოს, ან გაკვეთილი ახსნას, მაგრამ ეს უფრო სხვა მიმართულებაა“, – ამბობს მამუკა ხიჯაკაძე.

გამოწვევები შესაძლებელობასაც ქმნის. კოვიდ 19-ის პანდემია გაკვეთილია ბევრისთვის, მათ შორის მასწავლებლებისთვისაც, რათა კრიზისის დასრულებასთან ერთად იმ სირთულეებზე დაიწყოს საუბარი, რაც დისტანციური სწავლების პროცესმა გამოკვეთა.

ლიკა ხიჯაკაძე