კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მშენებლობებზე დაწესებული შეზღუდვები 5 მაისიდან მოიხსნა, რის გამოც ხარაგაულში კიცხის სკოლის მშენებელს სამშენებლო სამუშაოების განახლების შესაძლებლობა მიეცა.
კიცხის სკოლას ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა – შპს „ინ-სი“ და შპს „ქალაქპროექტი“ აშენებს. ამ დრომდე ამოშენებულია საძირკველი და პირველი სართულის ნაწილი.
მშენებლობის მთავარი ინჟინერი გია დავითულიანი ამბობს, რომ ამ კვირის ბოლომდე შეძლებენ მშენებლობის ადგილზე ბრიგადების მობილიზებას და მუშაობის განახლებას, ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
– პანდემიის გამო სამშენებლო სამუშაოების შეჩერება, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს მშენებლობის ვადებზე. თუმცა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გრაფიკით განსაზღვრულ დროში ჩავეტიოთ. კიცხის სკოლის მშენებლობის დასრულება სექტემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, – ამბობს გია დავითულიანი.
კიცხის სკოლისთვის ახალი შენობა ევროპული სტანდარტების დონეზე შენდება. ის 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის შენობაში განთავსდება ექიმის კაბინეტი, სპეცმასწავლებლის ოთახი, ლაბორატორია, ლიფტი, ბუფეტი, სპორტული გარე სტადიონი, ბიბლიოთეკა და სველი წერტილები. სკოლის ეზო მოპირკეთდება და საფარი დაიგება, შემოიღობება, მოეწყობა და განათდება.
სკოლის დირექტორის, თამარ წიწილაშვილის, თქმით, ასეთ შენობაში სწავლა ნამდვილად სტიმულისმომცემი იქნება. ის იმედს გამოთქვამს, რომ მშენებლობა დადგენილ ვადაში დასრულდება.
– ყველას გვინდა, რომ სექტემბრიდან სწავლის დაწყება ახალ სკოლაში ვიზეიმოთ. თუმცა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოლის მშენებლობის დასრულების თარიღმა, შესაძლოა, ცოტა გადაიწიოს. ეს ჩვენი სკოლისთვის შემაფერხებელი გარემოება არ იქნება, რადგან სწავლას თეთრაწყაროს დაწყებითი სკოლის კორპუსში გავაგრძელებთ. მშობლიური სკოლის თანამედროვე სტანდარტებით აგებულ შენობაში დაბრუნებას მოთმინებით დაველოდებით, – ამბობს თამარ წიწილაშვილი.
კიცხელები ახალი სკოლის გახსნას დიდი სიხარულითა და იმედებით ელოდებიან.
ავტორის ფოტოები
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი