სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციაში, რომელიც გასულ კვირას ქუთაისში გაიმართა, ს/ს „იმერის“ ხელმძღვანელი იუზა კელენჯერიძე მონაწილეობდა.

„პროგრამის მიზანია წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიული განვითარების ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება-გადამუშავება, – გვიამბობს იუზა კელენჯერიძე, – საუბარია ბენეფიციარებისთვის, – მეწარმე სუბიექტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემაზე, თუ შეასრულებენ ვალდებულებას და განახორციელებენ ინვესტიციას, შექმნიან ახალ საწარმოს. გაიცემა კრედიტები, რომლის 10%-ს დაფარავს მეწარმე სუბიექტი, დანარჩენს – სახელმწიფო.

პროგრამის მნიშვნელოვანი საკითხია საწარმოების ტექნიკური დახმარება და მათი ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვა.“ იუზა კელენჯერიძე ამბობს, რომ მან ყურადღება გაამახვილა ხარაგაულში მტკნარი წყლის ჩამოსხმასა და ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე. მისივე თქმით, საინტერესო იქნება ხარაგაულში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამუშავებაზე ზრუნვა.

„კარგი ინიციატივაა და, ვფიქრობ, დეტალურად შევისწავლო ყველაფერი ამ პროცესში ჩასართავად,“ – ამბობს იუზა კელენჯერიძე.