პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე აღარ განახლდება.

რამდენად შეძლეს სკოლებმა მიმდინარე სემესტრის დაძლევა, რა პრობლემებსა და გამოწვევებს უნდა ველოდოთ შემდეგ სასწავლო წელს, ამის შესახებ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – 2018“-ის მფლობელი, ბაღდათის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა კაპეტივაძე გვესაუბრება:

– ყურადღებით ვადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს და ველოდი, რომ წელს სკოლებში სწავლა აღარ განახლდებოდა. მასწავლებლები ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სემესტრი დამაკმაყოფილებლად ჩავამთავროთ და აკადემიური წელი არ გამოცხადდეს. რთული გამოწვევის წინაშე ვართ და ამისათვის მზად არ აღმოვჩნდით. თუმცა ნელ-ნელა, თანდათანობით ვეჩვევით ამ რეალობას.

ჩემი აზრით, შექმნილ მდგომარეობას რაღაც დადებითიც აქვს. საკუთარი შვილების აღზრდა-განათლებაში ადრინდელთან შედარებით მეტი მშობელი ჩაერთო. ადრე მშობლები მოსწავლეებს სკოლაში გამოუშვებდნენ და სახლში მხოლოდ „დაჯექი იმეცადინეთი“ შემოიფარგლებოდნენ.

ახლა ეს მდგომარეობა შეიცვალა. ონლაინ გაკვეთილების დროს მშობლები სწავლის პროცესში ბავშვების ჩართულობას მეტი ინტერესით ადევნებენ თვალს. პირველკლასელებს მშობლები გვერდით უსხედან  და შვილებთან ერთად ინგლისურის სწავლას ცდილობენ.

შექმნილმა მდგომარეობამ ცხადყო, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისა და მშობლებისათვის. ამ საგანში (ისტ) მოსწავლეებთან მხოლოდ რაიმე პროგრამის გახსნა-ჩახურვის, ან ფაილის შექმნის სწავლებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. მოსწავლეს თავისუფლად უნდა შეეძლოს მნიშვნელოვანი კომპიუტერული პროგრამების გამოყენება, გამოგზავნილი ფაილის ჩამოტვირთვა, შევსება, გადაგზავნა, ვორდის ფაილში თემების დაწერა, საპრეზენტაციო პროგრამების გამოყენება და უამრავი რამ. ამასთან აუცილებელია, ინგლისურის ცოდნა.

ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, არანაირი სასწავლო კურსი არ გამივლია. ყველაფერი ჩემით, ინგლისური ენის დახმარებით, ვისწავლე.

პირველკლასელებს ბუკებს ურიგებენ. ხშირ შემთხვევაში მისი სწორად გამოყენება მოსწავლემ და მისმა მშობელმა არ იციან. ამიტომ იოლად აზიანებენ. ეს კომპიუტერები, მცირე მეხსიერების გამო, რამდენიმე წელიწადში უფუნქციოდ რჩება. მოსწავლეებს ხარისხიანი კომპიუტერი უნდა მივცეთ და მის სწავლებას დიდი ყურადღება მივაქციოთ.

ვფიქრობ, ჩვენი სკოლის მოსწავლეების 30% ონლაინ სწავლების გარეშეა დარჩენილი, რაც შემაშფოთებელია. მომავალ სასწავლო წელს ასეთ მოსწავლეებთან ათმაგი მუშაობა, დამატებითი გაკვეთილების ჩატარება მოგვიწევს.

საქართველოში ჯერ გათავისებული არ გვაქვს ის აზრი, რომ თუ ამ სემესტრის დაძლევა ვერ შევძელი, უკან მივბრუნდე, კლასში დავრჩე და ეს მასალა თავიდან გავიარო.

ფინეთში მოსწავლე, რომელმაც რაღაც მიზეზის გამო სასწავლო წელი გააცდინა, თავისი  სურვილით ისევ იმ კლასში ბრუნდება და პროგრამას თავიდან სწავლობს. ეს ფინელი მშობლებისთვისაც მისაღებია.

ქართველების მენტალიტეტი სულ სხვაა. აქ „კლასში ჩარჩენა“ უდიდესი ტრაგედიაა. სად გვეჩქარება, უმჯობესია, მომავალი წარმატებისათვის მყარი საფუძველი შევიქმნათ.

ჩვენი შვილების განათლება ქვეყნის მომავალია და ეს არის ყველაზე საჭირო რამ, რაზეც შეიძლება მშობელმა და მასწავლებელმა იზრუნოს“, – ამბობს მანანა კაპეტივაძე.

თამთა გოგოლაძე