უბისისა და მარგვეთის ეპარქიაში აღდგომის საზეიმო მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. ამის თქმის საფუძველს მისი ყოვლადუსამღვდელოესის, უბისისა და მარგვეთის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) მიმართვა გვაძლევს.

მეუფე მელქისედეკი მრევლს სოციალური ქსელით მიმართავს:

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,
ქვეყანაში შექმნილი ძალიან სერიოზული მდგომარეობის გამო, მსურს საჯაროდ ვუპასუხო თქვენი მხრიდან დასმულ შეკითხვებს.

უპირველესად მოგახსენებთ იმას, რომ აღდგომის საზეიმო მსახურებას, როგორც მონასტრებში, ასევე საერო ტაძრებში, ღამისთევით აღვავლენთ.

ამასთანავე, მსურს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ჩვენ, სასულიერო პირები, ვალდებულნი ვართ ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში აღვასრულოთ საღვთო ევქარისტია. ესაა ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ამ ეკლიან გზას შევუდექით.

მედიკოსები ვალდებულები არიან მოგვიწოდონ, თუკი ჩვენ მიერ აღსრულებული ესა თუ ის ქმედება შეიცავს რაიმე საფრთხეს, უპირველესად საკუთარი თავებისთვის და შემდეგ უკვე გარშემომყოფთათვის.

ისიც მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ნებისმიერი სახის შეკრებას მოვერიდოთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან, სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, თქვენ არ ხართ ვალდებულნი დაესწროთ ღვთისმსახურებებს. მე არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა. არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები.

გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! რათა დავეხმაროთ სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია, განა უმთავრესად ამას არ მოგვიწოდებდა ქრისტე მაცხოვარი, რომ ერთმანეთზე გვეზრუნა?

თუ ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით და ამას რელიგიური მოტივებით ვამართლებთ, განა ბევრით განვსხვავდებით იმ მწიგნობარ-ფარისეველთაგან, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.

მოგეხსენებათ, სიტუაციის გართულების პირველივე დღიდანვე აქტიურად მივყვებით მედიკოსთა და სახელმწიფოს რეკომენდაციებს. გავატარეთ უამრავი ღონისძიება, იქნებოდა ეს დისტანციის დაცვა, ტაძართა გახმოვანება, ჰიგიენის გამკაცრებული ნორმები და ა.შ.

უფლის მადლით აქამდე წარმატებით მოვიდა საქართველოცა და ჩვენი ეპარქიაც, ახლა კიდევ ერთხელ უნდა შევუტიოთ ვერაგ ვირუსს.

მე მესმის რთულია, რომ რაღაც საკითხების გამო არ დაესწროთ ღვთისმსახურებას, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემთვის უფრო რთულია ხალხისაგან დაცლილ ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარება; წარმოდგენაც კი მზარავს, რა გრძნობა იქნება, როდესაც ტაძარში, ჩემ მიერ წარმოთქმულ ,,ქრისტე აღსდგა-ს“, კედლების ექო უპასუხებს, მაგრამ მანუგეშებს ის, რომ ამით თქვენს სიცოცხლეს დავიცავ. ახლა, ამ სასტიკ ომში, იძულებულნი ვართ რაღაცა დავთმოთ, რათა ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ, თქვენი სიცოცხლე ვიხსნათ, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების!

იმასაც მოგახსენებთ, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს, ჩვენ, სასულიერო პირები, წმინდა ლიტურგიას ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღვავლენთ. შესაბამისად, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხმრავლობა ერთ რომელიმე კონკრეტულ დღეს, შესაძლებელი იქნება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მორწმუნეებმა ამ ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე მიიღოთ ქრისტეს თვითუხრწნელი სისხლი და ხორცი.

ერესია, რომ აღდგომისას მიღებული ზიარება უფრო აღმატებულია, ვიდრე სხვა დღეებში მიღებული. არ დაუჯეროთ არავის, ვინც ამას გასწავლით. თქვენ შეგეძლებათ დაუკავშირდეთ პირად მოძღვარს და ის დეტალურ მითითითებებს მოგცემთ, თუ როგორ უნდა მიიღოთ ქრისტეს უხრწნელი ხორცი და სისხლი ბრწყინვალე შვიდეულის დროს ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნათ არც საკუთარ და არც სხვათა სიცოცხლეს.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე! აღდგომა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა! გაუფრთხილდით ერთსაც და მეორესაც, რადგან უფალმა ორივე სწორედ თქვენ, მის ხატებსა და მსგავსებს მოგანიჭათ სიკეთისთვის და არა ფანატიზმისთვის!

თქვენთვის მხურვალედ მლოცველი,
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი,
17.04.20