„დღეს დიდი პარასკევია, მაცხოვრის ჯვარცმის დღე. ყოველი ადამიანი თავის ცხოვრებაში რაღაც ჯვარს ტვირთულობს. ეს ყველამ ვიცით.

ჯვარს ვტვირთულობთ მეუღლეობაში, მშობლებთან და შვილებთან, მეგობრობაში.

კეთილმოქალაქეობის ჯვარიც არსებობს, საზოგადოებრივი მოღვაწეობის ჯვარი, ისე, როგორც ერის წინამძღოლობისა და სამშობლოსათვის, მოყვასისათვის თავდადებისა და წმ ჯვრის ტვირთვა.

ემიგრანტი თავისებურ ჯვარს ატარებს და მძიმე ჯვარსაც, უმეტეს შემთხვევაში.

დღეს კი ისეთი დრო დადგა, რომელზედაც მხოლოდ ფიქრით გვიფიქრია, მაგრამ რეალურად არ გვიგვრძნია. ყველას დაუდგა ეს დღე. მსოფლიოს ყველა ხალხს.

დღეს ყველა მშვიდობისთვის ვლოცულობთ, რელიგიურმა განსხვავებულობამაც უკან დაიხია. აპოკალიფსური შიში შემოიპარა ჩვენში. ვერ ვიტყვით, არ გვჭირდებოდა. ვინ როგორ ხედავს მხოლოდ: – კეთილი კეთილად ხედავს და უფრო ძლიერდება სიკეთეში. ამპარტავანი ამპარტავნობს და თავი მოაქვს… შიშს კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები. ბოროტს, ბოროტად უცემს გული. უფალი კი ამბობს – ბევრი იქნება მოწოდებული და რჩეული კი მცირე. არჩევანი ჩვენზეა. დაილოცა უფლის სახელი.

ჯვარცმის საიდუმლო მარადის დარჩება გამოხსნის საიდუმლოდ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საკუთარი თავის გამოხსნაზე იზრუნვებს უპირველესად, შემდეგ სხვებსაც და იმეგობრებს ამ გზაზე. ვინც სხვის გადარჩენას ცდილობს, ცუდი არაა; მაგრამ რას ასწავლი, თუ თვითონ არ იცი.

სიყვარული კიდევ, ცოდნის კატეგორიას შეიძლება არც განეკუთვნებოდეს, რადგან ვერც დაიტევს ცოდნა. სიყვარული უპირობოა, მარადიული და ბრუნვადი, – მომწონს ჩვენი ქართველი მწერლის ეს გენიალური მიგნება.

ჯვარცმის ადგილი ჩვენს გულშია, ისე როგორც სამსხვერპლო-საკურთხეველი. უფალიც ჩვენს გულშია და ბედნიერია ის ადამიანი, ვისი თვალებიდანაც ის იყურება“, – გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე.