ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თებერვლიდან გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებაუნიკალური პროექტი „პოლიეთილენი დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით.“

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის.“ პროექტის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პოლიეთილენის ბოთლებისა და ცელოფნის პარკების შემგროვებელი 26 სპეციალური ურნა დაიდგა.შეგროვებული მასა სპეციალური აპარატით იპრესება და გადასამუშავებლად თბილისში იგზავნება.

ორგანიზაციის დამფუძნებლისა და პროექტის ავტორის, ხათუნა მანჯავიძის თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიეთილენის ბოთლები და ცელოფნის პარკები გამოჩნდა ბაზარზე, საზოგადოება ცივილური დამოკიდებულებით ვერ შეხვდა ამ ფაქტს. „ამიტომ არის, რომ ყველგან ყრია პლასტმასის ბოთლები, აღარაფერს ვამბობ იმ სპონტანურ ნაგავსაყრელებზე, რომელიც სამიდან ხუთამდეა ყველა სოფელში. გარდა იმისა, რომ ბოთლები და პარკები აუშნოებს გარემოს, აჩვენებს მოქალაქეების დამოკიდებულებას გარემოსა და ჩვენი სამშობლოსადმი. ყველაფერი კი ქვეყნის ცივილიზებულობაზე მეტყველებს, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – ხანდახან ვფიქრობ, რომ ადამიანებს არ აქვთ სხვა გამოსავალი. რა ქნან, სად წაიღონ ეს პოლიეთილენის ბოთლები და ცელოფნის პარკები. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც ნარჩენებს, გადასაყრელ მასას. ევროპული ქვეყნები კი ამ ნარჩენების მართვით საკმაო მოგებას ნახულობენ და ეს არის კიდევ ერთი ინდუსტრია ქვეყანაში.“

ხათუნა მანჯავიძის თქმით, პროექტი უნიკალური და ერთადერთია იმის გამო, რომ საქართველოში ალტერნატიული ბუნკერების დადგმის პრეცედენტი არ არსებობს. „პროექტისმიზანია, რომ მოსახლეობამ არა მარტო შეაგროვოს ბოთლები, არამედ მიიღოს ეკოგანათლება, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – ამ მიზნით ჩავატარეთ ტრენინგი საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებლებთან. შემდეგ მათ ყველა კლასში ჩაატარეს გაკვეთილი და მოსწავლეებსა და კოლეგებს გააცნეს, თუ რა უმძიმეს გავლენას ახდენს პოლიეთილენის ბოთლების დაწვა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები. ვთვლი, რომ ეს იყო პროექტის ყველაზე წარმატებული კომპონენტი. პლაკატებით გამოჩნდა, თუ როგორ მიიღეს ბავშვებმა ეს ინფორმაცია. თითოეული იყო ინდივიდუალური, მრავალფეროვანი და ორიგინალური. წლის ბოლოს, ვფიქრობ, რომ პლაკატებით კალენდარი დავამზადოთ.“

ხათუნა მანჯავიძე აღნიშნავს, რომ ბუნკერები ცხრამეტ ტერიტორიულ ერთეულში სკოლებთან ახლოს განათავსეს. მისი თქმით, სკოლაა ის ადგილი, საიდანაც ყველაზე ეფექტურად გავრცელდება ინფორმაცია მოსახლეობაში. აღსანიშნავია, რომ სკოლები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის განხორციელებაში, მოაწყევს დასუფთავების აქციები და შეაგროვეს პოლიეთილენის ბოთლები. პროექტის ავტორის თქმით, სამაგალითოა ბაზალეთის, ლეღვნის, მარელისის, ვარძიის სკოლებისა და დიდვაკის მოსახლეობის აქტიურობა.

ხათუნა მანჯავიძე ამბობს, რომ ბუნკერები არასაკმარისია: „ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლებიდან შეიძლება ცენტრში გაჭირდეს ბოთლებისა და პარკების ჩამოტანა. ყველა სოფელში რომ დადგმულიყო თითო ცალი ბუნკერი, პროექტი უფრო შედეგიანი იქნებოდა.“

რაც შეეხება მომსახურებას, ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება“ პერიოდულად ცლის ბუნკერებს და ს/ს „ავტოტრანსის“ ტერიტორიაზე სპეციალურ ადგილზე ათავსებს. ბოთლების დაპრესვამდე ისინი დახარისხდება ფერების მიხედვით. დაპრესილი მასა თბილისში გადააქვთ. „ერთ ტონა პოლიეთილენს კონტრაქტორი 400 ლარად იბარებს, – გვიამბობს ხათუნა მანჯავიძე, – ამ თანხით ვისტუმრებთ ქირას, მუშის ხელფასს და თბილისში ტრანსპორტირების თანხას. თვეში, სავარაუდოდ, სამი ტონა პოლიეთილენის ბოთლი უნდა მოგროვდეს. ამ შემთხვევაში შევძლებთ წავახალისოთ სკოლები და დავაფინანსოთ მცირე პროექტები. დიდი ძალისხმევა გვმართებს, რომ პროექტით ნაკისრი ყველა ვალდებულება შევასრულოთ.  ამ ზაფხულსა და შემოდგომაზე უნდა გავააქტიუროთ ურთიერთობა მოსახლეობასთან.“

ხათუნა მანჯავიძე მიიჩნევს, რომ პროექტის წარმატება დამოკიდებულია საზოგადოების თანადგომასა და აქტიურობაზე. მას ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი აქვს და მათი ძალისხმევით გეგმავს იმ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებას, რომელიც ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს ასუფთავებს: „კარგი იქნება, თუ გზის დასუფთავებისას ცალკე მოათავსებენ გზაზე დაყრილ პოლიეთილენის ბოთლებს. ვფიქრობთ, გავაფართოოთ ეს პროექტი და უფრო მასშტაბური გავხადოთ. დიდი რაოდენობით პოლიეთილენის შეგროვების შემთხვევაში კიდევ დასაქმდება რამდენიმე ადამიანი. ამავე დროს ბოთლების შეგროვება არის საშუალება, რომ გარემო არ დაბინძურდეს და ადამიანებმა ისწავლონ მისი მოვლა.“

ხათუნა მანჯავიძეს მიაჩნია, რომ პროექტი „პოლიეთილენი – დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით“  წარმატებულია. მისთვის ყველაზე დიდი სტიმული საზოგადოების გამოხმაურება და აქტიურობაა.

ლეღვნის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ნათია კაციტაძე ამბობს, რომ გარმოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის დიდი მუშაობა გვმართებს. ამიტომ, მისი თქმით, პროექტი, რომელიც პოლიეთილენის შეგროვებას ემსახურება, ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია. „ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტში. მოსწავლეებმა მოაწყვეს შაბათობა. რაც მთავარია, მათ უკვე იციან, რომ პლიეთილენის დაწვა მავნებელია ჯანმრთელობისთვის,“ – ამბობს ნათია მასწავლებელი.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ საქმიანობის შესახებ გაზეთ „ჩემი ხარაგაულიდან“ შევიტყვე, – გვიამბობს ბაზალეთის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი თეა ტალახაძე, – საგაზეთო წერილი გვამცნობდა, რომ თუ შევძლებდით პოლიეთილენის ბოთლების შეგროვებას, დედამიწას დიდი ტვირთი მოეხსნებოდა მხრებიდან, ორგანიზაცია კი აქტიურ სკოლებს წაახალისებდა. ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ ეკოღონისძიებაში. ვფიქრობ, რომ მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის ასეთი პროექტები საჭიროა.“ თეა მასწავლებელი ამბობს, რომ ეკოგანათლების პროექტები ეფექტურად მოზარდებთან ურთიერთობით განხორციელდება, რაც ამ პროექტის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

ნინო კაპანაძე