დღეს, 12:00 საათიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

სახლში დარჩენა ეპიდემიის გავრცელების ერთადერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

თუმცა, არსებობს სახლიდან გასვლის აუცილებლობებიც.

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში, თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გთავაზობთ პასუხებს:

რომელი სატრანსპორტო საშუალებებით მეზღუდება გადაადგილება?

იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა.

რომელი სატრანსპორტო საშუალებებით შემიძლია გადაადგილება?

არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.

ეხება თუ არა შეზღუდვა ტაქსებს?

შეზღუდვა ეხებათ ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.

როგორ უნდა გადავაადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?

სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია.

თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ.: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად).

თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ.: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება.

როგორ შემიძლია მოვიპოვი საშვი, მანქანით გადადგილებისას?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო).

თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 144.

ვმუშაობ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. როგორ უნდა მივიდე სამსახურამდე?

თუ თქვენ მუშაობთ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით, უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა.

ვარ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია. როგორ გადაადგილდნენ ჩემი თანამშრომლები სამსახურამდე?

დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2(მიკროავტობუსით) და M3(ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით მარშუტების განსაზღვრას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.

შემიძლია თუ არა სასურსათო პროდუქტის ან/და ფარმაცევტული პროდუქტის გამოძახება?

საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/პროდუქტის მიტანის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება დასაშვებია. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. „დელივერი“ სერვისით.

შემიძლია თუ არა გადაადგილება სასოფლო სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად?

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.).

მაქვს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანის გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალებით ოჯახის წევრის, ან სხვა პირის გადაყვანა?

არა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებით უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ თქვენ, სამსახურებრივი მიზნით.

შემიძლია თუ არა სასაფლაოზე წასვლა?

იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.

სასაფლაოზე შესვლა მხოლოდ ქალაქში იზღუდება თუ ყველგან?

სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით.

პირბადის ტარების ვალდებულება რომელ დაწესებულებებში მაქვს?

პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (მაგ.: აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვ.).

რა ვადით მოქმედებს შეზღუდვები?

შეზღუდვა მოქმედებს 10 დღის ვადით, თუმცა, შეზღუდვის მოქმედების ვადა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

წყარო