„დიდი მადლობა, რომ ასე თბილად მიმიღეთ, – მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებსა და გამგეობის წარმომადგენლებს საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას“ (G-MEDIA) ხელმძღვანელმა ჯო რაფელბერგმა, – ჩვენი პარტნიორია გაზეთი „ჩემი ხარაგაული.“ ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ.

ხარაგაულში ჩამოვედით, რომ გავეცნოთ დამოუკიდებელი გაზეთის მუშაობის პირობებს. ჩემამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ პრობლემებია გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ გავრცელებასთან და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ხალხში ყოველთვის ძალიან დიდ შეკითხვას ბადებს ფაქტი, როცა სახელმწიფო ორგანო ფლობს მედია საშუალებას.

ყველას გვახსოვს, როცა არსებობდა სახელმწიფო გაზეთები, ისინი ჩვეულებრივი პროპაგანდის იარაღი იყო. განსხვავებაც ვიცით ყველამ დამოუკიდებელ და სახელისუფლო მედიას შორის. ბეჭდური მედია დამოუკიდებელი უნდა იყოს. ხელისუფლებისგან მისი გაკონტროლება არ შეიძლება. გაზეთი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის.“

2 დეკემბერს საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას“ (G-MEDIA) ხელმძღვანელი ჯო რაფელბერგი და ამავე პროგრამის ახალი მედიის მენეჯერი გიგა პაიჭაძე გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში სტუმრობის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ აკაკი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა ასეთი მაღალი რანგის სტუმრებთან შეხვედრა. მისივე სურვილით, საკრებულოს ბიუროს წევრებმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს დამოუკიდებელ გაზეთ „ჩემ ხარაგაულთან“ თანამშრომლობის თაობაზე.

საკრებულოს წევრმა რომან შერგელაშვილმა აღნიშნა, შეძლებისდაგვარად თანამშრომლობენ დამოუკიდებელ გაზეთთან. მისივე თქმით, გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ რეალურად ასახავს იმ პრობლემებს, რაც დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტშია.

დეპუტატმა თემურ გამცემლიძემ განაცხადა, რომ „ჩემი ხარაგაული“ არის გაზეთი, რომელსაც მოსახლეობა დიდ პატივს სცემს. „ჩემი სოფლის მაგალითზე გეტყვით, რომ გაიზარდა ამ გაზეთის გავრცელების არეალი. გაზეთს აქვს თვითმმართველობის ჩანართი, სადაც ხშირად იბეჭდება ჩვენი ინტერვიუები. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, კრიტიკა მწარეა და ცოტა ძნელი ასატანი, მაგრამ ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გაჯანსაღდეს ცხოვრება,“ – დასძინა თემურ გამცემლიძემ.

დეპუტატ მამუკა ჭიპაშვილის თქმით, დამოუკიდებელ გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ ქვეყნდება განსხვავებული აზრიც და ხელისუფლების პოზიციაც. მანვე აღნიშნა, რომ ხარაგაულელები ყოველ ორშაბათს მოუთმენლად ელოდებიან გაზეთს „ჩემი ხარაგაული.“ დეპუტატმა ბესო ჩუბინიძემ აღნიშნა, რომ ამ გაზეთის წარმომადგენლები საკრებულოსა და კომისიების ყველა სხდომას ესწრებიან და წერენ იმას, რაც რეალურად ხდება.

„იმ მრავალ სიკეთეს შორის, რასაც ამერიკის სახელმწიფო და IREX საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის აკეთებს, უმიშვნელოვანესია მედიის განვითარებაზე ხელშემწყობი პროგრამა, – აღნიშნა შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა ნოდარ ებანოიძემ, – საქართველოში მედიას დღეს უჭირს სწორედ ხელისუფლების დამოკიდებულებების გამო.

გზა, რომელიც გაიარა გაზეთმა „ჩემი ხარაგაული“ არის ძალიან რთული და ძნელი. ამ გაზეთის კოლექტივმა მოახერხა ის, რომ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ გახდა ხარაგაულის ყოფის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ამ მუნიციპალიტეტში კრიტიკული აზრის გავრცელების ერთადერთი წყარო. ის ასევე სამართლიანი და კრიტიკულია ოპოზიციური აზრის მიმართაც.

ძალიან მახარებს დღეს აქ ჩემი კოლეგების მიერ გამოთქმული აზრი გაზეთთან დაკავშირებით. თუმცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება სრულიად უკანონოდ უსახური გაზეთი „ახალი ხარაგაული,“ რომლის გამოშვების უფლება საკრებულოს არ აქვს.

დამოუკიდებელმა გაზეთმა „ჩემი ხარაგაული“ სასამართლოში გააპროტესტა ის, რომ მას არ მისცეს შესაძლებლობა, შესყიდვით მოეპოვებინა ინფორმაციის გავრცელების საშუალება. ეს პროტესტი კარგი მაგალითია საზოგადოებისათვის, რომ უფლებებისთვის საჭიროა ბრძოლა. ვფიქრობ, ყველასთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენთან გამოდის გაზეთი, სადაც შეგიძლია ნებისმიერი აზრი დააფიქსირო. ეს მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ნიჭიერმა და ჯიუტმა ადამიანებმა.“

ჯო რაფელბერგმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. „მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც ორჯერ მოუწია სწავლა, თუ რა მნიშვნელოვანია პრესის დამოუკიდებლობა და თავისუფლება – ერთხელ ნაცისტების, მეორედ – კომუნისტების დროს. ამიტომ ჩამოვედი აქ და მინდა, ჩემი ხალხის და ქვეყნის გამოცდილება გაგიზიაროთ.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს მედია ბიზნესის განვითარებას. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ბეჭდურ მედიას აქვს საშუალება, დაბეჭდოს უფასო რეკლამები. ეს საშიშროებას უქმნის მედია ბიზნესის განვითარებას.“

ჯო რაფელბერგმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შესთავაზა, რომ იმსჯელონ პლურარისტული მედიის თანამშრომლობის გზებზე. „ყველამ იცის, რომ სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, თავიანთი გადაწყვეტილებები და მთელი რიგი ინფორმაციები ბეჭდურ მედიაში განათავსონ, – აღნიშნა ჯო რაფელბერგმა, – ბევრ ქვეყანაში არის იმის გამოცდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები იმის მაგივრად, რომ აიყვანონ ცალკე თანამშრომლები და შექმნან საკუთარი გაზეთი, მიდიან კერძო გაზეთებთან და მათგან ყიდულობენ ერთ ან ორ გვერდს თავიანთი გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად.

ეს მათ უფრო იაფი უჯდებათ. მეორე გზა არის ის, რომ თვითმმართველობამ დაბეჭდოს გამოცემა, სადაც იქნება მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტები და ის მოსახლეობაში დაარიგოს უფასოდ. გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ ცნობილია არა მარტო თქვენთან, არამედ მთელ საქართველოში. მას იცნობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ბევრმა იცის მათი ამბავი და ისტორია.

14 წელია უკვე არსებობს „ჩემი ხარაგაული“ და ყველა კითხულობს, სად მზადდება გაზეთი, რომელიც ასე პროფესიონალურად გამოიყურება. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს თქვენი სიამაყის ერთ-ერთი საფუძველი,“ – მიმართა სტუმარმა საკრებულოს წევრებს. თავის მხრივ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი მსჯელობენ და ფიქრობენ დამოუკიდებელ მედიასთან ურთიერთობის დახვეწის საკითხებზე.

აკაკი მაჭავარიანი: – მე ვაღიარებ, რომ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ უფრო მეტად პოპულარულია ხალხში, ვიდრე საკრებულოს მიერ დაფუძნებული გაზეთი. გაზეთს „ჩემი ხარაგაული“ უფრო მეტი გამოცდილება აქვს.

გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ რედაქტორმა წერილობით მომმართა, რომ გაზეთის რეალიზაცია ჩაუვარდა და ბიუჯეტიდან დამატებით თანხას ითხოვს. საკრებულო მას სთხოვს დასაბუთებას, რატომ ჩაუვარდა რეალიზაცია, რატომ ვერ ახერხებს ამას. ამიტომ უარი ვუთხარით დამატებით თანხის გამოყოფაზე.

ჩვენ სწორედ ახლა, თქვენს მოსვლამდე ვმსჯელობდით იმაზე, თუ რა ფორმა მოვიფიქროთ, რომ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იაფად გამოვაქვეყნოდ. ჩამოვყალიბდებით ამ საკითხზე.

ჯო რაფელბერგმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს დამოუკიდებელ გაზეთთან თანამშრომლობის გზების გამოძებნას. იგი დაჰპირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, რომ

თვითმმართველობისა და დამოუკიდებელი მედიის თანამშრომლობასთან დაკავშირებით მისეულ რეკომენდაციებს წერილობითაც გამოუგზავნის.

ნინო კაპანაძე

მთავარ ფოტოზე – IREX-ის პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას“ ხელმძღვანელი ჯო რაფელბერგი გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ გავრცელების პროცესში ჩაერთო