

ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიცხის, ხიდრის, ვარძიისა და წყალაფორეთის საბავშვო ბაღების მშენებლობები მოინახულეს.
კიცხის საბავშვო ბაღის გამგე გულიკო მაღლაფერიძე ახალაგებულ შენობაში გადასვლას სასწავლო წლის დადგომისთანავე გეგმავს და ამბობს, რომ ახალი შენობა აკმაყოფილებს მოთხოვნებს. „მხოლოდ სინესტემ ლამინატი ამობერა და ეს ხარვეზი გამოსასწორებელია. აუცილებელია, რომ სექტემბრიდან გადავიდეთ, თორემ ისეთ პირობებში ვართ, ძველ შენობაში ვეღარ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას. აღსაზრდელებიც საკმარისად გვეყოლება, – დაახლოებით 25 ბავშვი. მშობლებს ასეთი კარგი გარემო რომ დახვდებათ, დაინტერესდებიან შვილების საბავშვო ბაღში მოყვანით.“
კიცხსა და წყალაფორეთში საბავშვო ბაღები დღემდე ძველ შენობებში ფუნქციონირებდნენ. ხიდარსა და ვარძიაში კი ახალი სასწავლო წლიდან შეუდგებიან ფუნქციონირებას. ხიდარში საბავშვო ბაღისმშენებლობით გახარებულია 4 წლის ლიზის მამა, ხიდარში მცხოვრები რობერტი ბერაძე, რომელსაც კარგად ესმის ბავშვის საბავშვო ბაღში აღზრდისა და სასკოლოდ მომზადების მნიშვნელობა.
დადებითად აფასებს საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგებას წყალაფორეთელი მარინე ფერაძე: სოფელში ბავშვები ბევრ რამეს არიან მოკლებულები და ბაღი აუცილებელია სკოლამდელ ასაკში განათლების მისაღებად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ მშობლებსა და ბავშვებს საბავშვო ბაღებში მოწესრიგებული პირობები უნდა დახვდეს: „მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, როგორ შენდება და რა მდგომარეობაშია საბავშვო ბაღები. არის კარგად ნაშენებიც და არის ხარვეზებიც, რომლებიც სასწავლო წლის დაწყებამდე გამოსწორდება.“
-გვსურს, ახალი საბავშვო ბაღები სასწავლო წლის დადგომისთანავე გავხსნათ, – ამბობს ხარაგაულის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ გაერთიანებათა დაწესებულებების დირექტორი ნინო ბუხნიკაშვილი, – კიცხის საბავშვო ბაღის ახალი შენობა ერთადერთია დღეს ჩვენგან დათვალიერებული საბავშვო ბაღების შენობებიდან, რომლის გახსნაც ახალი სასწავლო წლისთვის უპრობლემოდ არის შესაძლებელი.
ხიდარში წელს პირველად ამოქმედდება საბავშვო ბაღი. ვეჭვობ, მშენებლობა 10 აგვისტომდე დასრულდეს, როგორც ეს წინასწარაა განსაზღვრული, რადგან შენობა გადასახურია და შესასრულებელია როგორც გარეთა, ასევე შიდა სამუშაოები. თუმცა, ძალიან მისასალმებელი იქნება, თუკი ეს მოხერხდება. ხიდარში საბავშვო ბაღი გათვლილია ოც აღსაზრდელზე.
ვარძიის საბავშვო ბაღის ახლადაგებულ შენობაში ბევრი ხარვეზია, – პარკეტი აბერილია, კედლები დაობებულია. კარები დანესტილია, შესაბამისად ზომაშია გადიდებული და არ იკეტება. შენობაში შესაყვანია წყალი და ჯერჯერობით, არ მიეწოდება ელექტროენერგია.
წყალაფორეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა 6 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.
ადგილობრივი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. როგორც კი ეს შენობები გადმოვა ჩვენს ბალანსზე, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ მოკლე დროში გავხსნათ ეს საბავშვო ბაღები. ამისათვის შეძენილია ინვენტარი, რომელიც ამჟამად განთავსებულია ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღების შენობებში. გვინდა, რომ გავამართლოთ მშობლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინი მათ სოფლებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტურად ფუნქციონირებით.
ინგა მაღრაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: -მოვინახულეთ, რამდენად იყო პირობები საიმისოდ, რომ მშენებარე და ახლადაგებულ შენობებში სექტემბრიდან საბავშვო ბაღები შეუდგნენ ფუნქციონირებას. რამდენიმე ბაღში ეს შესაძლებელი იქნება, თუმცა ვნახეთ სერიოზული ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებადია. ყველა პრობლემას შევაჯერებთ და წინადადებებს წარვუდგენთ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ვიმედოვნებ, რომ ხარვეზებს ურთიერთთანამშრომლობით გამოვასწორებთ და მოსახლეობა მიიღებს იმ მომსახურებას, რისი ვალდებულებაც აქვს თვითმმართველობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საბავშვო ბაღები სექტემბრიდან შეუდგნენ საქმიანობას.
ლაურა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,