ამ დღის აღნიშვნა 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს უკავშირდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წესრიგი COVID-19-მა თავად განსაზღვრა.

2020 წლის 7 აპრილის თემა ეძღვნება ექთნებისა და ბებიაქალთა ღვაწლს ზოგადად მედიცინაში და კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. წლევანდელი კამპანიის დევიზია „მხარდაჭერა ექთნებს და ბებიაქალებს“.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების ქვეყნებში უნივერსალური ჯანდაცვის მისაღწევად 2030 წლისთვის დამატებით 18 მილიონი სამედიცინო პერსონალი იქნება საჭირო.

უკანასკნელი დეკადების განმავლობაში, საქართველოში ექიმების რაოდენობა ექთნების რაოდენობას ჭარბობს. ექთნების რაოდენობის ექიმების რაოდენობასთან შეფარდება ბოლო 5 წლის განმავლობაში 0.8-ს არ აღემატება.

საქართველოში 31000-მდე ექიმი, 18000-ზე მეტი ექთანი და 500-მდე ბებიაქალია.

COVIID-19-მა არა მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, არამედ მთელი პლანეტის დღის წესრიგი შეცვალა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ მომავალში ეს ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება, თუმცა მანამდე მსოფლიო ვირუსის დასამარცხებლად იბრძვის. ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი სამედიცინო პერსონალია. დღეს სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და თავგანწირვაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის ბედი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

წინა ხაზზე მებრძოლთა შორის არიან ქართველი ექიმებიც, რომელთა წარმატებაზე ეპიდემიის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, სტატისტიკა და მსოფლიო ექსპერტების შეფასებები მეტყველებს.