

„დღეიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო იწყებს თავისი საპატიო მოვალეობის შესრულებას. გულწრფელად გილოცავთ და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს,“ – მიმართა #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კახა გოლუბიანმადეპუტატებს 14 ივლისს გამართულ პირველ სხდომაზე. კომისიის თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო დამსწრეთ. შემდეგ სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი იუზა კელენჯერიძე გაუძღვა.
საკრებულოს წევრმა იური ლურსმანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ინგა მაღრაძის კანდიდატურა დაასახელა. საკრებულოს 34 წევრიდან ინგა მაღრაძეს მხარი 32-მა დაუჭირა. თავმჯდომარის მოადგილედ 30 ხმით აირჩიეს მანანა ბარბაქაძე.
საკრებულოში შეიქმნა ხუთი კომისია. კომისიების თავმჯდომარეთა კანდიდატურები ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა დაასახელა.
განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ მარინე ვეფხვაძე აირჩიეს;
იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – მიხეილ გელაშვილი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – ვარლამ ჭიპაშვილი;
ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – პაატა გოგოლაძე;
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – გივი თხელიძე.
დეპუტატები ყველა თანამდებობაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ თანამდებობებზე მხოლოდ თითო-თითო კანდიდატურა დასახელდა.
საკრებულოს სხდომის წინა დღეს „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის შტაბში საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს არჩევით თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დაწყებამდე ტელეფონით დაგვიკავშირდა საკრებულოს წევრი, რომელმაც საუბრისას აღნიშნა, რომ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე ცდილობდა საკრებულოს თავმჯდომარედ მისთვის სასურველი დეპუტატის გაყვანას მაშინ, როცა დეპუტატთა უმრავლესობა მხარს უჭერდა სხვა კანდიდატურას.
ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით ბატონ ნოდარ ებანოიძეს. პარლამენტარმა უარყო მისი მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა საკრებულოს წევრებზე და აღნიშნა, რომ საკრებულოს არც ერთ წევრს ამ საკითხზე არ დაკავშირებია.
„კოალიციის შტაბში ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ გაანაწილა ზოგადად, როგორი რეკომენდაციები გასცა კოალიციამ „ქართული ოცნება“ ზოგიერთ რაიონში,“ – აღნიშნა დეპუტატმა.
პოლიტსაბჭოს რეკომენდაციაზე ჩვენთან საუბრისას უკვე არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემაც ისაუბრა. „როცა კოალიციაში არიან სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე სუბიექტები, შეიძლება წარმოიშვას უთანხმოებები ადგილებზე. ეს იყო მხოლოდ რეკომენდაცია სწორი რეგულაციისთვის. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც კოალიციურ რეჟიმს თან სდევს. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა კანდიდატის დასახელების საშუალება. მოხარული ვიქნებოდი, თუ ასე მოხდებოდა. ვიცი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არ გაითვალისწინეს პოლიტსაბჭოს რეკომენდაციები,“ – აღნიშნა ინგა მაღრაძემ.
სხდომის წინა დღეებში ინგა მაღრაძესთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატებად სახელდებოდნენ პარტია „ქართული ოცნების“ წევრები მანანა ბარბაქაძე და პაატა გოგოლაძე.
საკრებულომ პირველივე სხდომაზე რეგისტრაციაში გაატარა ექვსი ფრაქცია:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილი);
„ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ (თავმჯდომარე უჩა ბერაძე);
„ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ (თავმჯდომარე იური ლურსმანაშვილი);
„ქართული ოცნება – კონსერვატორები“ (თავმჯდომარე გელა გოლუბიანი);
„ქართული ოცნება – მრეწველები“ (თავმჯდომარე იუზა კელენჯერიძე);
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი).
დეპუტატებმა პირველ სხდომაზე დაამტკიცეს საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა, საკრებულოს რეგლამენტი, კომისიებისა და აპარატის დებულებები. საკრებულომ ასევე დაამტკიცა გამგეობის დებულება, გამგეობის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. ამ საკითხების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საკრებულოს წევრებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან.“
„საჯაროობა, კანონის უზენაესობა, კოლეგიალობა, – ეს იქნება ჩვენი მუშაობის ძირითადი პრინციპები,“ – აღნიშნა სხდომაზე ახალარჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ. მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციური პარტიების წევრი დეპუტატები აქტიურად ჩაერთვებიან საკრებულოს მუშაობაში.
დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ უმჯობესია საკრებულოს სხდომები ჩატარდეს დარბაზში, სადაც ყველა დეპუტატს ექნება მუშაობის უკეთესი პირობები, ხოლო სხდომების მუშაობაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავენ, რომ შესაბამისი პირობები შექმნან მოსახლეობის საკრებულოს საქმიანობაში ჩართულობისთვის.
დეპუტატმა ჯამბულ გამცემლიძემ აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ 2006 წლის მოწვევის საკრებულოს წინაშე აყენებდა საკითხს დეპუტატებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. „დღესაც იგივე პირობებში არიან დეპუტატები სხდომაზე. მათ მუხლებზე უწევთ წერა. მოსაგვარებელია ეს საკითხი. ისე, ადრეც რომ გეფიქრათ ამაზე, ბატონო თორნიკე, უკეთესი იქნებოდა,“ – განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.
nთვითმმართველობის ახალი კოდექსის შესაბამისად ცვლილებები შევიდა გამგეობის დებულებაში. დებულება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დეპუტატებს დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა წარუდგინა. „გამგეობა ყალიბდება როგორც ახალი სტრუქტურა, რომელიც იქნება სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან და მოადგილეებისგან დაკომპლექტებული, – აღნიშნა სხდომაზე გამგებელმა, – გამგებელს ეყოლება პირველი მოადგილე. რეგლამენტირებულია მოადგილეების რაოდენობა. გამგეობაში გვეყოლება 13 თანამდებობის პირი – გამგებელი, სამი მოადგილე და ცხრა სამსახურის უფროსი. გამგეობის ყველა სამსახური რეორგანიზაციის პროცესშია. გათავისუფლებულია ყველა მოადგილე და ყველა სამსახურის ხელმძღვანელი. დებულების, საშტატო განრიგისა და სარგოების დამტკიცების შემდეგ შევძლებთ, რომ თანამდებობის პირები დავნიშნოთ დროებით მოვალეობის შემსრულებლებად.“
დებულების თანახმად, გამგეობაში შტატით 96 თანამშრომელი იმუშავებს. უქმდება ტერიტორიული ორგანოები და შემოდის ახალი ინსტიტუტი – გამგებლის წარმომადგენელი. წარმომადგენლებს გამგებელი განუსაზღვრავს უფლებამოსილებას. გამგეობის საჯარო პირებისთვის სავალდებულოა ატესტაცია.
გამგეობაში იქნება შემდეგი სამსახურები:
ადმინისტრაციული სამსახური, სადაც იარსებებს საზოგადოებასთან ურთიერთობის, იურიდიული, საქმის წარმოების, აუდიტის და მონიტორინგისა და წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილებები;
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, სადაც იქნება საბიუჯეტო დაგეგმარების, საბუღალტრო დაგეგმარებისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებები;
ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებით;
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური, სადაც იქნება ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების განყოფილებები;
ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახური არქიტექტურის და სამშენებლო განყოფილებით;
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის განყოფილებებით;
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური პირველადი აღრიცხვის განყოფილებით;
განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსხური;
სახანძრო-სამაშველო სამსახური რჩება ერთი შტატით გარდამავალი პერიოდის ჩათვლით. „როცა ეს სამსახური გადავა შსს-ს დაქვემდებარებაში, აუცილებლობის შემთხვევაში შევძლებთ, რომ შევქმნათ ახალი სამსახური, თუმცა ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის,“ – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
გამგებლის თქმით, მის პირველ მოადგილედ განიხილება პაატა გოგოლაძის კანდიდატურა, მოადგილეებად – „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მარინე ვეფხვაძისა და „მრეწველებიდან“ თემურ ჩხეიძის კანდიდატურები. „ვინაიდან ქალბატონი მარინა საკრებულოს წევრია და მან თქვა, რომ მისთვის საკრებულოში მუშაობა უფრო სასურველია, მოადგილედ განვიხილავთ დავით დევდარიანის კანდიდატურას,“ – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოებს, ამ ეტაპზე, გამგებლის თქმით, ცვლილებები არ არის. „ანალიზს გააკეთებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, როგორი მდგომარეობა გვაქვს, რამდენად შეიძლება სარგოების ზრდა და რა პროცესს გამოიწვევს ეს საბიუჯეტო კუთხით. იანვრიდან, სავარაუდოდ, იქნება ზრდა,“ – აღნიშნა გამგებელმა.
ამჟამად გამგებლის ხელფასია 2360 ლარი, მოადგილეების – 1200 ლარი, სამსახურის უფროსის – 1000 ლარი, გამგებლის წარმომადგენლის – 900 ლარი, გამგებლის თანაშემწის – 750 ლარი, განყოფილების უფროსის – 800 ლარი, მთავარი სპეციალისტის – 560 ლარი, წამყვანი სპეციალისტის – 540 ლარი, კურიერის – 420 ლარი, მძღოლის – 500, დამლაგებლისა და დარაჯის 300-300 ლარი.
დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი დაინტერესდა, რატომ იზრდებოდა შტატები გამგეობასა და ა(ა)იპ-ებში, თუ იცოდნენ, რომ მოუწევდათ მათი შემცირება. მან ასევე ისაუბრა 2015 წლის იანვრიდან ხელფასების სავარაუდო გაზრდის მიზანშეწონილობაზე.
კობა ლურსმანაშვილის განმარტებით, შემცირებები ხდება ძირითადად სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხარჯზე, რომელიც შსს-ს დაექვემდებარება და ტერიტორიული ორგანების შემცირების ხარჯზე. „რაც მე ვმუშაობ, 2013 წლის 8 თებერვლიდან დღემდე, სულ ოთხი შტატი დაემატა – იყო 138 შტატი და ახლა არის 144. ყველა სხვა პიროვნება მუშაობს ხელშეკრულებით და შტატგარეშე თანამდებობაზეა. ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რაც ჩვენ მოქალაქეებს დააზარალებს. პარალელურ რეჟიმში ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს ადამიანები სხვა ფორმატით დასაქმდნენ თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში. არ გამოვრიცხავ, რომ გამგეობის სტრუქტურებში ხელშეკრულებით აყვანილი კვალიფიციური ადამიანები ჩავანაცვლოთ წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით დანიშნულ პირებს.“
დეპუტატ პაატა გოგოლაძის თქმით, ადამიანებს მიეცათ შანსი, რომ საკუთარი თავი საჯარო სამსახურში გამოეცადათ და ამით არაფერი დაშავებულა.
პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ ის საკრებულოში საქმიანობისას აპროტესტებდა არა მაღალ ხელფასს, არამედ ცალკეული პიროვნებების კვალიფიკაციის შესაბამისობას ხელფასთან.
საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, თანამდებობის არმქონე დეპუტატებს ანაზღაურება აღარ მიეცემა.
„ჩვენ სერიოზული პოლემიკა გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ეძლეოდა ანაზღაურება დეპუტატს. ახლა კოდექსში პირდაპირ ჩაიწერა, რომ არ გაიცემა თანხა. ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვება იქნება რთული,“ – აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დეპუტატები ამ საკითხზე იმსჯელებენ.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“