ახლახან სოციალური ქსელით ინფორმაცია გავრცელდა ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში დროებით მაცხოვრებელი შუა ხნის ასაკის მამაკაცის კორონავირუსით დაინფიცირების თაობაზე.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ შმაგი ხიჯაკაძეს დავუკავშირდით.

შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ ხარაგაულში ამ მომენტისთვის კორონავირუსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ არც ერთ პირს არ დადასტურებია, საეჭვო სიმპტომებით არც ცხელების ცენტრშია ვინმე გადაყვანილი.

„თუ ვინმეს კორონავირუსი აღმოაჩნდა, პირველ რიგში ამ ინფორმაციას მე შემატყობინებენ, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ აჰყვებით ჭორებს. ახლა გაზაფხულია და სეზონური გრიპისგან არავინაა დაზღვეული. ყველა მოქალაქეს, პირველ რიგში, სოფლის ექიმები დააკვირდებიან.

შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, ამჟამად თვითიზოლაციაში ხარაგაულში 8 მოქალაქეა. ხუთი მათგანი ხარაგაულში ავტობანის მშენებლობაზე მარნეულიდანაა ჩამოსული.

„თვითიზოლაციაში მყოფი სამი მოქალაქე იმ ოჯახის წევრია, სადაც თერჯოლელი მამაკაცი სტუმრობდა, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – მას იქ ღამეც არ გაუთევია, მხოლოდ ისადილა. ამ მამაკაცის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. თავად მამაკაცს კორონავირუსი არ აქვს.“

თერჯოლელმა მამაკაცმა კვირას, 29 მარტს, ხარაგაულში წიწილები ცხრა ოჯახს მიჰყიდა. პირები, რომლებსაც მასთან წიწილების შეძენისას კონტაქტი ჰქონდათ, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ნინო კაპანაძე