საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო, საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.

როგორ ცხოვრობენ და საქმიანობენ ხარაგაულელები კარანტინის პირობებში – ამ თემაზე სასაუბროდ რამდენიმე მოქალაქეს დავუკავშირდით.

გოჩა კვინიკაძე:ცოტა ადრეც რომ გამოცხადებულიყო საყოველთაო კარანტინი, შესაძლოა, კორონავირუსის შიდა გავრცელება თავიდან აგვეცილებინა. საქართველოს მთავრობა პროცესებს კარგად მართავს. იმედია, ერთ თვეში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

როგორც ვატყობ, დისტანციური ონლაინ სწავლება მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და სასწავლო პროცესში უფრო ხალისით ერთვებიან. პრობლემა ისაა, რამდენ ხანს შეძლებენ მშობლები ინტერნეტპაკეტების შეძენას, რაც საკმაოდ ძვირია.

შოთა გოლუბიანი: -სამსახურში სიარული მიწევს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი ვარ და დაცვის განყოფილებას ვექვემდებარები. ამ განყოფილების მუშაობის შეჩერება მთლიანად სამსახურის ფუქციონირებას შეაფერხებს. ამიტომ სამსახურში ყოფნა მიწევს. წესებს მაქსიმალურად ვიცავ.

კარანტინის გამოცხადება აუცილებელი იყო. ფაქტია, მოქალაქეებისგან ცოტა ზერელე დამოკიდებულების გამო, ვირუსი მეტად გავრცელდა. სხვა ქვეყნებთან შედარებით სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად საყოველთაო კარანტინი საჭიროა.

ნათია მესხი: –მშვიდად და იმედიანად ვარ. ყველაფერი კარგად იქნება. საყოველთაო კარანტინი საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან ზოგიერთი ადამიანის მოქალაქეობრივი თვითშეგნება ვერ მივიდა იქამდე, რომ სახლში დარჩნენ. ახლა მეც სამსახურში ვარ, მაგრამ ეს გადაუდებელი აუცილებლობით არის გამოწვეული. ვცდილობ, სახლიდან დისტანციურად ვიმუშაო, მაგრამ კვირაში ერთხელ სამსახურში მოსვლა მაინც მიწევს.

თამარ ავალიშვილი: -ვირუსის გავრცელებისგან რომ დაცულები ვიყოთ, კარანტინი აუცილებელია. სამი კვირის წინ თბილისში ქალიშვილთან წავედი და ახლა ხარაგაულში ვეღარ ვბრუნდები.

საბავშვო ბაღების აღმზრდელებს „კივიტას გეორგიკას“ რჩევებსა და რეკომენდაციებს ინეტრნეტით ვაწვდი. როგორ გავართოთ აღსაზრდელები სახლში, რა და როგორ ვაკეთოთ მათთან ერთად. დღეს გამოვაქვეყნე რჩევები, როგორ შევქმნათ სახლში საბავშვო ბაღის მსგავსი დღის განრიგი. თავის მხრივ, აღმზრდელები ამ რეკომენდაციებს მშობლებს აწვდიან. კომპიუტერის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელის წყალობით აღსაზრდელებთან და მათ მშობლებთან კომუნიკაციას ასე ვინარჩუნებთ.

ნინო კაპანაძე