პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსი“ მეორე მოსმენით მიიღო.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ამბობს, რომ ამ კოდექსზეა დამოკიდებული ტყის მოვლა და მისი სწორად მართვა.

კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტებში შეიქმნება საქმიანი ეზოები, საიდანაც მოსახლეობა საშეშე და სამასალე მერქანს ხელსაყრელ ფასებში შეიძენს. კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსახლეობამ არამერქნული რესურსების მოპოვებით და ტყეებში რეკრეაციული ზონების განვითარებით შემოსავალი მიიღოს.

„საქართველოს ტყის კოდექსის“ მიღება საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და ევროკომისიის მიერ ერთ-ერთ პროგრესულ ნაბიჯად შეფასდა.

-ამ კოდექსით რამდენიმე მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემა მოგვარდება, – ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი, – პირველ რიგში ეს არის ტყეების მართვა მათი ფუნქციური დანიშნულების  მიხედვით. მოხდება ტყეების რაციონალური გამოყენება ეკონომიკური, ენერგეტიკული და რეკრეაციული დანიშნულებით.

ეს კოდექსი სოციალურ ჭრებს აუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ტყეში შეშის მოსაჭრელად თვითონ ვეღარ შევა. ოჯახების საშეშე მერქნით უზრუნველსაყოფად წელსვე მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ათეული „საქმიანი ეზო“ შეიქმნება. თუმცა, ეს რადიკალური ცვლილება სწრაფად ვერ განხორციელდება და ამიტომ, პირველ ეტაპზე, მოსახლეობას არჩევანის შესაძლებლობას აძლევენ – საშეშე მერქანი თავად მოიპოვონ ან „საქმიანი ეზოდან“ შეიძინონ. ეს კონკურენცია საინტერესოც იქნება, რადგან „საქმიანი ეზოები“ შეეცდებიან, მოსახლეობას ხარისხიანი შეშა იაფად მიაწოდონ.

„საქმიანი ეზოების“ შექმნა დიდ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. ამ კოდექსით მეტყევეების რაოდენობა გაიზრდება. თუმცა, სახელმწიფო მთლიანად ვერ შეძლებს ამ პროცესის მართვას. ამიტომ კოდექსში ჩაიწერა, რომ ბრიგადებთან, რომლებსაც წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის ტყიდან შეშა მოჰქონდათ, ხელშეკრულებები გაფორმდება და ისინი საქმიანობას უკეთესი ეკიპირებით გააგრძელებენ.

ტყის კოდექსით სამასალე მერქანის მოპოვებაზე მონოპოლიას სახელმწიფო იღებს.

ტყის კოდექსი მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობით შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. თუ მაგალითად, ხარაგაულში ცხოვრობ და შენს გარშემო უფრო მეტი ტყეა, ვიდრე სახნავ-სათესი მიწა, უნდა გქონდეს საშუალება, რომ ტყის არამერქნული პროდუქტებით ისარგებლო. ეს პრაქტიკა და ტრადიცია ხარაგაულში დიდი ხანია არსებობს – ზოგი სოკოს ამზადებს, ზოგი ჩაის, ზოგიც მოცვს. თუმცა, ამ საქმიანობის მხარდაჭერა სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორების მხრიდან ვერ ხერხდებოდა. სახელმწიფოს აქვს პროგრამები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ამ და საერთაშორისო პროექტებით შეიძლება ტყის არამერქნული რესურსების წარმოების დაფინანსება. მოსახლეობას შეეძლება წარმოების შექმნა. ხარაგაულში მოსახლეობა ტყის რესურსების გამოყენებით უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე სოფლის მეურნეობის სხვა დარგებიდან.

ტყე შეიძლება ტურისტული მიმართულებით გამოვიყენოთ. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი რომ გადაივლის, ტურიზმი ისევ ფეხზე დადგება. ტყის კოდექსი იძლევა საშუალებას, ტყეები ეკოტურიზმის განვითარებისთვის გამოვიყენოთ. ამას ორგანიზებული მართვა სჭირდება და იმედია, სატყეო სააგენტო დაცული ტერიტორიების გამოცდილებას გაიზიარებს. საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს არა მარტო ქართული სამზარეულო და ხუროთმოძღვრული ძეგლები იზიდავთ, არამედ ბუნება, რომელიც ტყეებშია თავმოყრილი. ახლა მუშავდება რეკრეაციული ტყეების იდენტიფიცირების გაიჯარებისა და მონიტორინგის ტექნიკური რეგლამენტი. ეს ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ტყეებში გარკვეული ტერიტორიები აუქციონის წესით იჯარით რეკრეაციული ზონების მოსაწყობად გაიცემა.

ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. მთავარია, ყველაფერი თანმიმდევრულად განხორციელდეს. რთული გამოწვევაა. თავად ტყის კოდექსი კარგია, მაგრამ მისი განხორციელება სატყეო სააგენტოსთან ერთად მთავრობის პასუხისმგებლობაა. იმედია, ტყეების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან ერთად ტყის კოდექსი მოსახლეობისთვის შემოსავლების მიღების წყარო გახდება.

ხარაგაულის სატყეო მეურნეობის უფროსის, სოსო ფოფხაძის ინფორმაციით, ხარაგაულში წელს, სავარაუდოდ, ოთხი საქმიანი ეზოს მოწყობა იგეგმება – დიდვაკეში, ხევში, კიცხსა და ღორეშაში. ამის პარალელურად შეშის მოპოვება მოსახლეობას საშეშე ბარათების შეძენითაც შეეძლებათ.

ნინო კაპანაძე