ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა, მათივე განცხადებით, ცხრა დასახელების პროდუქტზე – ბრინჯი, პურის ფქვილი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, ბურღულეული, წიწიბურა, ხორბალი, რძის ფხვნილი, ლობიო ფასებს დააზღვევს.

როგორი მდგომარეობაა ხარაგაულის მაღაზიებში ამ პროდუქტის ფასებზე, – ამის გასარკვევად მაღაზიის მეპატრონეებსა და მომხმარებლებს დავუკავშირდით. მაღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ ფასები გაზრდილია, თუმცა – საგანგაშოდ არა.

ერთი თვის წინ

  • 1 კგ. ბრინჯი ღირდა 2 ლარი, ახლა ღირს – 2.30 ლარი;
  • 1 კგ. მაკარონი ღირდა 2 ლარი, ახლა ღირს – 2.50 ლარი;
  • 1 ლ. ზეთი ღირდა 3.50 ლარი, ახლა ღირს – 3.80 ლარი;
  • 1 კგ. შაქარი ღირდა 1.70 ლარი, ახლა ღირს – 2.00 ლარი;
  • 1 კგ. ხორბალი ღირდა 0.85 ლარი, ახლა ღირს – 1.00 ლარი;
  • 1 კგ. წიწიბურა ღირდა 3 ლარი, ახლა ღირს – 4 ლარი;
  • 1 კგ. ლობიო ღირდა 5 ლარი, ახლა ღირს – 5.80 ლარი;
  • 1 კგ. ფქვილი ღირდა 1.40 ლარი, ახლა ღირს – 1.70 ლარი.

მაღაზიის მეპატრონე ალეკო ბარბაქაძე ამბობს, რომ რძის ქარხნულ ნაწარმზე, ქართული წარმოების მაწონზე, რძესა და არაჟანზე ფასები არ გაზრდილა.

„მარტის დასაწყისში ერთ ტომარა პურის ფქვილში 51 ლარს ვიხდიდი. დიდი გაჭირვებით ვინარჩუნებდი პურზე ფასს 0.50 ლარს. ახლა ერთ ტომარა ფქვილში 57-60 ლარს ვიხდი. ამიტომ პურის ფასი 0.60 ლარი გახდა. ხელფასები ხომ უნდა გავცე, გადასახადები გადავიხადო, 2000 ათას ლარს მხოლოდ ბუნებრივ აირში ვიხდი. ვეღარ მოვერიე ამხელა გადასახადებს, თორემ კიდევ არ მოვუმატებდი ფასს“, – ამბობს ხარაგაულში პურის ფურნის მეპატრონე დავით გაჩეჩილაძე.

მაღაზიის მფლობელი რუსუდან ბერაძე ამბობს, რომ ხარაგაულში ქალაქებიდან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა. ამიტომ სასურსათზე მოთხოვნილება გაზრდილია.

მომხმარებელი ფიქრია ჭიპაშვილი ამბობს, რომ ფასების განსაკუთრებული ზრდა არ შეუმჩნევია.

„მაღაზიაში პირველადი მოხმარების პროდუქტებს ვყიდულობ. ფასები ნორმალურია. ადრე რასაც ვიხდიდი, დაახლოებით იმავეს ვიხდი და ფასებში დიდ ცვლილებას ვერ ვამჩნევ“, – ამბობს ფიქრია ჭიპაშვილი.

„ფასები, რა თქმა უნდა, გაზრდილია, – ამბობს მომხმარებელი გია თაბუკაშვილი, – მაღაზიაში შესულს რამდენიმე პროდუქტზე – შაქარი, ფქვილი, ზეთი, წიწიბურა – ფასების გაზრდის მიზეზი რომ ვიკითხე, მაღაზიების მფლობელებმა ანგარიშფაქტურები მაჩვენეს. დისტრიბუტორებს პროდუქტები გაზრდილი ფასებით შემოაქვთ. პროდუქტის ღირებულებაზე თვითნებური მატება ხარაგაულში არ შემინიშნავს“.

თამთა გოგოლაძე