30 მარტიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც მოქალაქეებს (16 წლიდან), ასევე კარანტინში მყოფ პირებს და მათი ოჯახის წევრებს კორონა ვირუსის პანდემიის გამო შექმნილ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარება.

ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაცია უფასოა.
ცხელი ხაზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ გაგოშიძის ინიციატივით ფაკულტეტთან არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ფარგლებში  შეიქმნა.
მოქალაქეებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას თსუ-ს კურსდამთავრებული პრაქტიკოსი ფსიქოლოგები გაუწევენ.
ფსიქოლოგიური დახმარებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ skype მისამართზე: tsu_center შემდეგი განრიგით: ორშაბათი-პარასკევი 10.00-18.00 სთ, შაბათს 10.00-17.00 სთ, კვირას 14.00-16.00 სთ.
ამასთან, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული კორონავირუსის ინფექციის (Covid – 19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და ააიპ „ერთად ერთისთვის“ გასული კვირიდან უნივერსიტეტის სტუდენტებს უფასო ონლაინ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას სთავაზობენ. მომსახურება განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ შფოთვა, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, უჭირთ სხვადასხვა სახის სტრესთან გამკლავება და სხვ.
დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ:  ტელ.: 555163355, ან  Facebook გვერდზე: ერთად ერთისთვის/Together for one