გერმანიის ქალაქ ლაიფციგიდან, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, უახლეს ცნობებს გვაწვდის ჩვენი თანამემამულე გიორგი სახვაძე:

-მოგესალმებით ჩემო ხალხო, ჩემო საქართველო, ჩემო ხარაგაულო.
მშვიდობას და გამძლეობას გისურვებთ გერმანიიდან.

ჩემს მიერ მოწოდებული წინა ინფორმაციების შემდეგ გერმანიაში სიტუაცია ყოველ საათში იცვლება. სამწუხაროდ, სანუგეშოს ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ თუ გერმანიაში ან მთლიანად ევროპაში ცუდი ვითარება იქნება, ეს ნაკლებად სადარდებელია და საქართველოს არ ეხება. ასეთი ფიქრის უფლება არა გვაქვს,  რადგან დღეს ყველა ქვეყნის ბედი, მეტნაკლებად, ერთმანეთზეა დამოკიდებული.

გერმანიაში ჩემთვის ცნობილი ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი ლამის 50 000 გახდა. მატება ყოველდღიურად 5 ათასზე მეტია. 430 ადამიანი კი კორონავირუსით დაიღუპა.

მთავრობის მიერ, როგორც იქნა, ბოლო დღეებში გარკვეული ზომები გატარდა, კერძოდ: აიკრძალა ქუჩებში 2-3 ადამიანზე მეტის ერთად სიარული და თავშეყრა, პარკებში –  პიკნიკები, ტრანსპორტსა და მაღაზიებში მონიშნულია ადგილები, რათა დაცული იყოს საჭირო დისტანცია. პირბადეებს თითქმის არავინ ატარებს, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ქალაქში.

სწრაფი ტესტის გაკეთება 165 ევრო ღირს. თუ საკმაოდ გამოკვეთილი სიმპტომებით არა ხარ, სახლში გიშვებენ.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მიდის ბჭობა მედიაში იმის შესახებ, თუ რა ეშველება ლიბერალიზმს, თუკი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. საფრთხის სერიოზულობა საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს გათვითცნობიერებული. უფრო მეტი აქცენტი მთავრობის მხრიდანაც ეკონომიკურ საფრთხეებს ეთმობა. ერთის მხრივ ეს გასაგებიცაა – მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, არ მუშაობს ბევრი ქარხანა, საავტომობილო წარმოება კრიზისშია, დაიხურა ყველა გამოფენა, კონცერტი, რესტორანი და მაღაზია, გარდა სასურსათო მაღაზიებისა. ობიექტების მშენებლობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩვეულებრივ გრძელდება.

ეკონომიკური სტაბილურობისათვის მთავრობამ 165 მილიარდი ევრო გამოყო. ადამიანები, ვინც სამუშაო დაკარგეს, ხელფასის 60-67% მიიღებენ. თუმცა, თუ ფასებით ვიმსჯელებთ, ყველას ქამრების მაგრად მოჭერა მოგვიწევს.

ორშაბათიდან ამოქმედდება ახალი კანონი, სადაც აგრეთვე გათვალისწინებული იქნება მცირე ბიზნესისთვის დახმარება.

დღეს ლაიფციგში გადავიღე რამდენიმე ფოტო ძირითადად იმ ადგილებისა, სადაც უმეტესწილად ადრე ხალხმრავლობა იყო. ამ მხრივ ქალაქს ვეღარ იცნობ. დაცარიელდა ქუჩები, პარკებში, საბავშვო მოედნებზე ლენტებია შემოვლებული და შესვლის აკრძალვები აწერია. უნდა გითხრათ,  რომ მოქალაქეები ყველა წესს ზედმიწევნით იცავენ და კანონს ემორჩილებიან.

საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების, მოქალაქეთა და ცალკეული პარტიების მიერ არაერთი  ანტისახელმწიფოებრივი ქმედების  ფონზე, დღეს აქ ნამდვილად იგრძნობა, რომ ევროპაში ხარ. დროა, თითოეულმა გავითავისოთ, რომ საფრთხე რეალურია და ერთობლივად ვებრძოლოთ მას მაღალი თვითშეგნებით.

რა იქნება ხვალ, არავინ იცის. სამწუხაროდ, პრევენციულმა ზომებმა ძალიან დააგვიანა და სწორედ ამიტომ იმკის ევროპა ასეთ შედეგს, რომელიც, ღმერთმა დაგვიფაროს და, შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს.

მიყვარხართ, ჩემო კარგებო. ფიქრით, გონებით ხარაგაულში ვართ…
ჩამოსვლაც უკვე შეუძლებელია…
მაგრამ იმედი ბოლოს კვდება. ამიტომაც ვიყოთ იმედიანად და სოლომონის ბეჭედის წარწერა არ დაგვავიწყდეს – ესეც გაივლის.

ფოტოებზე: ლაიფციგის დაცარიელებული ქუჩები დღეს