კორონავირუსის პანდემიის პირობებში დისტანციურ სწავლასა და მუშაობაზე გადავედით.
როგორ შეეჩვიენ დისტანციურად მუშაობას, ამაზე რამდენიმე ხარაგაულელი გვესაუბრება:
დოდო ხაჩიძე: -კორონავირუსის გამო ყველაფერი თავდაყირა დადგა. დღეგამოშვებით მაინც მიწევს სკოლაში მისვლა, რადგან ჩემი ტელეფონით ონლაინ მუშაობას ვერ ვახერხებ და კომპიუტერი მჭირდება. მასწავლებლები მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ყველა მოსწავლესთან გვაქვს ურთიერთობა – ზოგთან – სატელეფონო, ზოგთან – სოციალური ქსელით. რამდენიმე მასწავლებელი 5-10 წუთიან ონლაინ გაკვეთილებსაც ატარებს. ნადაბურში სიმშვიდეა. ჩვენი თანასოფლელები ავტობანის მშენებლობაზე მუშაობენ და ამბობენ, რომ ჰიგიენის ზომები გამკაცრებულია.
ნინო მაღლაკელიძე: -სახლიდან ვმუშაობ, ტელეფონითა და ელექტრონული ფოსტით ყველაფერს კარგად ვაგვარებ. სილქნეტის ინტერნეტი მაქვს სახლში და პირველ დღეს პროგრამაში რომ შევედი, ძალიან ნელა მუშაობდა. შემდეგ სოციალურ ქსელში დავწერე, ონლაინ მუშაობა ამ პირობებში ძალიან გამიჭირდება-მეთქი. სილქნეტიდან მაშინვე დამირეკეს, დამეხმარენ. ახლა ინტერნეტში წამებში ვტვირთავ ყველაფერს.
ორშაბათს, 30 მარტს, ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომა ტარდება და დისტანციის დაცვით საკრებულოს ფოიეში უნდა შევიკრიბოთ. საკრებულოში საბიუჯეტო ცვლილება შეგვაქვს. მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 950 ათასი ლარი ლეღვანში სტიქიით დაზიანებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისთვის გამოეყო. ცვლილებაა ისიც, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. დისტანციურად ვმუშაობ, მაგრამ მაინც სამსახურში ყოფნა მერჩია.
მარინე გოგია: -ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. როგორც კი ვიღვიძებ, მაშინვე კორონავირუსთან დაკავშირებულ სიახლეებს ვეცნობი. ყველა კლასტერის ისტორია ვიცი. მადლიერი ვარ მთავრობის, რომ ყველა ღონისძიება დროულად გატარდა.
კაფეში მოქალაქეებს არ ვიღებთ და სახლებში მზა საჭმელის მიტანის სერვისი დავნერგე. პატარ-პატარა შეკვეთები მაქვს. ნახევარფაბრიკატების დამზადება დავიწყე. ვნახოთ, რა გამოვა.
ჩემი შვილი აბიტურიენტია. კი უტარდება ონლაინ ათწუთიანი გაკვეთილები, მაგრამ ამას სწავლა არ ჰქვია.
ეკა მელქაძე: -ჩემი ვაჟი სახანძროში მუშაობს და სახლიდან მარტო ის გადის. რძალი ორსულადაა, ბანკში მუშაობს და სამსახურიდან შვებულებაში გამოუშვეს. მე დისტანციურ სწავლებაზე გადავედი. კლასების მიხედვით სოციალურ ქსელში ჯგუფები შევქმენით – გაკვეთილებს ვატარებთ და შემდეგ შემაჯამებელ კითხვარებს ვუგზავნი. აბიტურიენტებისთვის ვიდეო გაკვეთილებს ვწერ და ვუგზავნი. ასე დისტანციური მეთოდით ვმუშაობ, მაგრამ მოსწავლეები და კოლეგები მენატრებიან.
მამუკა ჭიპაშვილი: -ახლა პროდუქტები მივიღე და ხარაგაულში ყველა საბავშვო ბაღისთვის უნდა გავანაწილოთ. ოჯახში ყველა კარგად ვართ, ხარაგაულშიც სიმშვიდეა. დოლარი მე არ მიფუჭდება და ლარი; არ მაქვს და – იმიტომ. იუმორისტულ ლექსებს ვწერ და სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ.
ამასწინათ ჩემს მეგობარ ირინე ჩხეიძეს ვეხუმრებოდი, ეს პანდემია რომ გადაივლის, თეატრისთვის ერთი ფაეტონი იყიდეთ, ჩასხედით და ატარეთ სოფელ-სოფელ სპექტაკლები. მაყურებელი ნატურალურ პროდუქტს მოგიტანთ – ზოგი – ყველს, ზოგი – ქათამს, ზოგი – კვერცხს. აბა, ფული ჩვენ აღარ გვექნება-მეთქი. ისე, სულ მინდოდა ძველ დროში ცხოვრება და მგონი, ახლა დაბრუნდა ის ძველი დრო.
ნიკოლოზ მაჭავარიანი: -გუშინ დავბრუნდი ხარაგაულში სოფლიდან – ადგილ-მამულები დავხანი და დავთესე. ახლა ისევ უნდა წავიდე და გაათმაგებულად ვიმუშაო. თუ კორონას გადავურჩი, სოფელში მუშაობით მაინც მოვკვდები (ხუმრობს). უფრო მეტი ადგილი დავამუშავე, ნელა და უფრო ნაყოფიერად ვსაქმიანობ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი