ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ქვეყანაში (და ზოგადად მსოფლიოში) შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთი თვეა, ყველას განსხვავებულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. მათ შორის სასულიერო პირებსაც.
ბოლო პერიოდში რამდენჯერმე საჯარო მიმართვა გავავრცელეთ, რათა იმ საკითხებზე გაგვეცა პასუხი, რაც მორწმუნეებს აინტერესებთ. ამასვე ემსახურება წინამდებარე განცხადება.
უპირველესად მსურს ყველამ გავითავისოთ, რომ ახლა არაა დაყოფის დრო! თითოეულ ჩვენგანს გვაქვს საკუთარი მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი, რწმენა, ეთნიკური წარმომავლობა, პოლიტიკური შეხედულება თუ სხვა სახის მახასიათებელი, რომელიც თითოეულ ადამიანს უნიკალურ ინდივიდად გვხდის. ეს უფლისმიერი დიდი წყალობაა, მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში, ჩვენ დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ ეს ყველაფერი და გავერთიანდეთ ერთ ჭერქვეშ – საქართველოს სახელმწიფოში, საერთო მტრის – კორონა ვირუსის წინააღმდეგ.
საქართველოს ისტორია ნათლად გვარწმუნებს, რომ მტერი მაშინ გვძლევდა, როდესაც ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა გვიჭირდა. დროა, წარსულის გამოცდილებიდან ვისწავლოთ და დღეს იგივე შეცდომა აღარ გავიმეოროთ, საერთო მტრის წინააღმდეგ გავერთიანდეთ!
აუცილებლად უნდა შევეხოთ კიდევ ერთ თემას. მოგეხსენებათ, ბოლნისსა და მარეულში კარანტინი გამოცხადდა, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია. უპირველესად ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარანტინის დაწესება მსგავს ვითარებებში, სრულიად მიღებული პრაქტიკაა დასავლეთის უამრავი დემოკრატიული ქვეყნისათვის, რისი მაგალითების მოძიებაც მარტივად შეგვიძლია.
მეორე საკითხი ისაა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება სხვა რეგიონშიც მოუხდეს იგივეს გაკეთება, რამაც საბოტაჟისა და დაუმორჩილებლობის საფუძველი კი არ უნდა მოგვცეს, არამედ სახელმწიფოებრიობის, საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე გაასკეცებული ზრუნვისაკენ უნდა დაგვაფიქროს.
ეკლესიაში მოსულები ხშირად ვისმენთ ხოლმე საკითხავებს, თუ როგორ დაითმინა რომელიმე წმინდანმა ღმერთის ან მოყვასის სიყვარულის გამო ტანჯვა, წამება, გვემა. ეს ყველაფერი მოგვწონს და ინსტიქტურად მის მიბაძვასაც ვცდილობთ ხოლმე, მაგრამ დავფიქრდეთ, როგორი შეუსაბამოა, რომ ერთი მხრივ ვბაძავდეთ ადამიანს, რომელმაც სხვა პიროვნებებისადმი წამება დაითმინა და ამ დროს არ შეგვეძლოს რამდენიმე დღე ან კვირა, კარანტინში გავჩერდეთ.
მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები ჩვენი ძმებისა და დებისადმი მიმართული სიძულვილის ენა ეთნიკური, რელიგიური და ზოგადად სახელმწიფოებრივი შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს. წესით, არ უნდა გვჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ ქვემო ქართლში მცხოვრები ადამიანები, მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები არიან. მათაც ჩვენსავით (ან უფრო მეტად) უყვართ ჩვენი ძვირფასი სახელმწიფო, ზრუნავენ მასზე, ასრულებენ დაკისრებულ შესაბამის მოვალეობებს და არავის აქვს უფლება, საკუთარი ნებსითი ან უნებლიე მოქმედებით, კიდევ ერთი დამატებითი კონფლიქტის კერა გააჩინოს ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შეიძლება, რომ ხვალ საერთოდ სხვა რეგიონი აღმოჩნდეს იდენტურ მდგომარეობაში.
ამ „მსოფლიო ომში“, რომელშიც ჩვენი პლანეტა და შესაბამისად საქართველოც იმყოფება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელისუფლების მოქმედებას კი არა, საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას აქვს, რომელიც ძალიან წვრილმან საკითხებს ეყრდნობა. სახელდობრ, ჰიგიენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, რომელიც იმუნიტეტს გვიძლიერებს; ერთმანეთთან დისტანციის დაცვას; თუნდაც შეხვედრისას მისალმების ფორმას და სხვა ისეთ წვრილმანებს, რომლებმაც, საერთო ჯამში, ძალიან დადებით შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანო. ასე რომ, გთხოვთ თითოეულ დეტალს მივაქციოთ ყურადღება, სანამ ეს ომი არ დასრულდება.
და ბოლოს, ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩემო სულიერო შვილებო, მეგობრებო, ახლობლებო, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ მყოფო თანამემამულეებო, თავს უფლებას ვაძლევ თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ ვთხოვო, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი გმირი მედიკოსებისა და შესაბამისი უწყებებისადმი დასახმარებლად, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. გავითვალისწინოთ მათი რჩევები და რეკომენდაციები, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ნუ ვიქნებით ფანატიკოსები და მერწმუნეთ, უფლის მადლით, ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ.
აუცილებლად გვახსოვდეს ქრისტეს სიტყვები: „მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამქვეყნად, მაგრამ გამხნევდით – მე ვძლიე ქვეყანას“ (იოანე: 16-33).
თქვენთვის მლოცველი,
უბისისა და მარგვეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)
27.03.2020
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი