კორონავირუსის საქართველოში გავრცელების შემდეგ ლარი უცხოურ ვალუტასთან ყოველდღიურად უფასურდება.

ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობა შეაჩერეს კაფე-რესტორნებმა, სასტუმროებმა, მაღაზიებმა, მცირე მეწარმეებმა.

როგორ უნდა დაძლიოს ქვეყანამ ეკონომიკური კრიზისი, – ამ საკითხზე ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ ებანოიძეს ვესაუბრეთ.

-ლარის ასეთი გაუფასურება ცოტა უცნაურია, – ამბობს ნოდარ ებანოიძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში, – მეზობელ ქვეყნებში – სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ეროვნულ ვალუტას ასეთი დევალვაცია არ განუცდია. ამას ეროვნული ბანკისგან და მთავრობისგან სერიოზული ანალიზი სჭირდება.

ხელისუფლება მეტ ინფორმაციას უნდა გვაწვდიდეს მოსალოდნელ ეკონომიკურ პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე.

ფინანსთა სამინისტრო პარლამენტისთვის ბიუჯეტის ახალი პროექტის წარდგენას გეგმავს. ეს ცვლილება სწრაფად უნდა განხორციელდეს. მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, მაგრამ ამის პარალელურად, ეკონომიკურ საკითხებზე მეტი მსჯელობა, მეტი განმარტებები უნდა დავიწყოთ.

ჩვენ უნდა გვქონდეს არა მარტო ზოგადი განცხადებები ფინანსთა სამინისტროსგან, არამედ კონკრეტული გეგმა, როგორ მოხდება ბიუჯეტის გადაჯგუფება, ახალი პარამეტრების შემუშავება.

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება გარდაუვალია. არ ვლაპარაკობ იმ ხარჯებზე, რომლებიც მარტივად შეიკვეცება – მაგალითად, წარმომადგენლობითი ხარჯი. მაგრამ ამასთანავე უნდა თქვან, რას უშვრებიან იმ დიდ ადმინისტრაციულ ხარჯს, რომელსაც სახელმწიფო ეწევა. მე მესმის, რომ ამ ხარჯების უკან კონკრეტული ადამიანები დგანან.

პროგნოზირება ძნელია, რამდენ ხანში დავამარცხებთ კორონავირუსს. სამამულო წარმოება საქართველოში ძლიერი არ არის. საჭიროა ამის გეგმაც, თუ როგორ მოხდება ადგილობრივი წარმოების რეაბილიტაცია.

ნინო კაპანაძე