ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღე იცვლება. იმერეთში ოთხ საკარანტინო ზონაში ოთხასზე მეტი პირი იმყოფება, თვითიზოლაციაშია 300-ზე მეტი მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, საჩხერეში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პირი მკურნალობს.

-მონაცემები ყოველწუთიერად იცვლება, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების შემდეგ რისკები გაიზარდა. იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში – საჩხერეში, სამტრედიასა და ხარაგაულში – მარნეულში მცხოვრები მოქალაქეები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობენ. 30 ასეთი პირი კარანტინში გადაიყვანეს. მათ პირდაპირი კავშირი ინფიცირებულთან არ ჰქონიათ.

სავარაუდოდ, ამ კვირაში ვირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტები გვექნება და ტესტირებას, პირველ რიგში, კარანტინში მყოფებს ჩავუტარებთ. ტესტირების პროცესში ოჯახის ექიმების ჩართვა იგეგმება. თუმცა, მანამდე ისინი უნდა დატრენინგდნენ და სპეციალური აღჭურვილობა გადავცეთ. იგეგმება ასევე მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2-2 თანამშრომლის გადამზადება.

მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დარჩნენ სახლებში, გარეთ გამოსვლის შემთხვევებში დისტანცია დაიცვან, ხშირად დაიბანონ ხელები, ნუ დამალავენ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორიას, ან ვირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პირებთან კონტაქტს.

საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05, დაავადებათა კონტროლის ცხელ ხაზზე 116 001, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში – 112 ან დაუკავშირდით მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას.