ცესკო და სწავლების ცენტრი, 2020 წლის 28 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები – საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“. ამის შესახებ ცესკო ინფორმაციას საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას. სამ დღიანი სასწავლო პროგრამა ეთმობა კენჭისყრის დღის პროცედურებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესწავლას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას.

„საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსების“ ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები.

ინფორმაცია სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის:

  • სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები – საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის“ ან/და სასწავლო პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ სერტიფიკატი.
  • სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2020 წლის 16 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით პერიოდში.
  • რეგისტრციისთვის საჭიროა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა შეავსოს აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა), რომელსაც დაერთვება შემდეგი დოკუმენტაცია:
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტოასლი;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის, სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები – საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის“ სერტიფიკატის ან/და „საარჩევნო განვითარების სკოლის“ სერტიფიკატის ფოტოასლი (არსებობის შემთხვევაში).
  • რეგისტრაციისთვის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა შევსებული აპლიკაცია, თანდართული დოკუმენტაციით, უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას: მატერიალური ფორმით (ცხრილში მითითებულ მისამართზე, 2020 წლის 16 მარტის 10:00 საათიდან – 27 მარტის 18:00 საათამდე, დასვენების და უქმე დღეების გარდა) ან დისტანციურად ელექტრონული ფორმით (ცხრილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, 2020 წლის 16 მარტიდან – 27 მარტის 24 საათამდე).

საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსების გავლის მსურველები დოკუმენტაციას ელექტრონულად წარმოადგენენ.