ამჟამად ძირულა-ხარაგაული-მოლითის 24 კილომეტრიან მონაკვეთზე საყრდენი კედლების, გაბიონებისა და ხიდების მოწყობა მიმდინარეობს.

მშენებელი კომპანია „ბლექ სი გრუპის“ ინფორმაციით, ძირულაში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის კედლები კეთდება, დიდვაკესა და საღანძილეში – გაბიონები.

პროექტი ოთხი ახალი ხიდის მშენებლობას და ხუთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დღეის მდგომარეობით სოფელ ვაშპარიანის შესასვლელში ხიდზე მოწყობილია გადასასვლელი ფილა და მშენებელი კომპანია უახლოეს მომავალში ხიდის დასრულებას აპირებს.

ამ სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს არსებული გზის მოსწორება-მოშანდაკების სამუშაოები გრეიდერით და გრუნტის სატკეპნით, რათა გზა იყოს გამტარუნარიანი როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი მანქანებისათვის.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, 22 ხიდის, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–მშენებლობას, საყრდენი კედლების  მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, „ბლექ სი გრუპი“ სამუშაოებს გეგმა-გრაფიკის მიხედვით ახორციელებს. გზის მოასფალტება ძირულა-ხარაგაული-მოლითის მონაკვეთზე უახლოეს ხანში დაიწყება და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის სრული რეაბილიტაცია 2021 წლის ბოლოსთვის იგეეგმება.

ამ გზის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) 80 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს.