მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) სოციალური ქსელით სამწყსოსადმი მიმართვა გაავრცელა:
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,
COVID 19-ის პანდემიის გამო მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც განსაკუთრებულ რეჟიმში ცხოვრობს. სპეციალისტების ინფორმაციით ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა მანამდე გვმართებს განსაკუთრებულად გავაძლიეროთ პასუხისმგებლობა და ყურადღება, რომ ყველამ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ეს რთული განსაცდელი.
- ყურადღებით გაეცანით და გაითვალისწინეთ ყველა ის რეგულაცია, რომელსაც საქართველოს მთავრობის მიერ 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა აწესებს.
- სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ასაკოვან ხალხში განსაკუთრებით დიდია ამ ვირუსით დაინფიცირებისა და სიცოცხლის ფატალურად დასრულების საფრთხე. აქედან გამომდინარე, ამ ასაკის ხალხს, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად შეზღუდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი.
- რისკ-ჯგუფში შემავალ ადამიანებს (როგორებიცაა: გულსისხლძარღვთა დაავადების, დიაბეტის, ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, სიმსივნის და მსგავსი ავადმყოფობების მქონეთ), მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი.
- ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ვირუსის თუნდაც მცირე ნიშნები (ხველა, სურდო, ტემპერატურის მატება), გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დარჩეთ სახლში და არ დაესწროთ ღვთისმსახურებას, რათა არ შეუქმნათ როგორც საკუთარ, ასევე გარშემომყოფთა სიცოცხლეს საფრთხე. აუცილებელ შემთხვებში, ასეთ ავადმყოფებს, სასულიერო პირები თავად მიაკითხავენ და შესაბამის სამოძღვრო მსახურებას ჩაუტარებენ.
- მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეკლესია-მონასტრებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოახერხონ ჰიგიენისთვის აუცილებელ საშუალებათა მობილიზება (საპონი, სადეზინფექციო საშუალებები, სუფთა წყალი), რათა არ იქნეს დაყენებული რისკის ქვეშ, სასულიერო პირთა თუ მორწმუნეთა სიცოცხლე.
- ნებისმიერი სახის ღვთისმსახურებაზე დასწრების დროს, მოგიწოდებთ, დაცული იქნეს რეკომენდირებული დისტანცია თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის.
- გახსოვდეთ, რომ თავდაბლობა არის უფლის სათნოება, ამპარტავნება კი ბოროტის იარაღი. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, დაემორჩილოთ შესაბამის ორგანოთა მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს და არ ჩააგდოთ არც საკუთარი და არც გარშემომყოფთა სიცოცხლე საფრთხეში. დაიმახსოვრეთ: ,,ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ ( 1 პეტრე, 5:5).
- ამ რთულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენა და ლოცვის გაძლიერება. შეგახსენებთ, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებისამებრ, ეს ლოცვებია: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე“. სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით, სულიერ მოძღვართან შეთანხმებით, რა თქმა უნდა შეგიძლიათ ილოცოთ სხვა ლოცვებიც.
- ჩემო სულიერო შვილებო, გახსოვდეთ, სიცოცხლე არის ღმერთისაგან ადამიანისადმი ბოძებული უმაღლესი ძღვენი და ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავუფრთილდეთ როგორც საკუთარ, ასევე სხვათა სიცოცხლეს.
- ამ მიმართვის თითოეულ მკითხველს, ზემოთჩამოთვლილ პუნქტებთან ერთად განსაკუთრებულად გთხოვთ, არ დაივიწყოთ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები და განსაკუთრებულად ილოცეთ მათზე. მეორე მხრივ, უცხოეთიდან ჩამოსულ ჩვენს თანამოქალაქეებს ვთხოვ, მაქსიმალურად დაემორჩილონ შესაბამის უწყებათა რეკომენდაციებს, იქნება ეს კარანტინისა თუ თვითიზოლაციის შესახებ.
და ბოლოს, ბევრი განსაცდელი გადაგვიტანია, უფლის მადლით ამასაც დავძლევთ, მთავარია არ დავკარგოთ ღმერთის იმედი, არ მივეცეთ პანიკას, ვიყოთ თანმიმდევრულები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
ყველაფერი კარგად იქნება!
თქვენთვის მლოცველი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)