მახსოვს, მეხუთე კლასში ვსწავლობდი, როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს – თქვენ მასწავლებელი, მე კი ერთი პატარა მეოცნებე გოგონა. მაშინ ევროპაში ცოდნის მიღება მხოლოდ ერთეულთა ხვედრი იყო და თქვენ იყავით სწორედ ის გამორჩეული და ღირსეული, რომელმაც ეს შეძელით…

მერე უპრეტენზიოდ, სიყვარულით მოაშურეთ მშობლიური სოფლის სკოლას და გახდით ყველას პედაგოგი, ყველაფრის მასწავლებელი.

წარმოუდგენელია ის სიყვარული და მოწიწება, რასაც თქვენს მიმართ ყველა მოსწავლე გრძნობდა. სკოლის 500-მდე მოსწავლე გოგონა თქვენ გბაძავდით მოძრაობაში, საუბარსა და დამოკიდებულებებში.

ასე ერთად გავიზარდეთ თქვენ შესანიშნავ პედაგოგად, ჩვენ კი საუკეთესო ადამიანებად. სასკოლო ცხოვრების ყველა რანგი გაიარეთ და ყველგან გამორჩეულად უბრალო და საუკეთესო იყავით.

ყველამ დიდი გაკვეთილი მივიღეთ თქვენგან – სიყვარულის, ურთიერთობის, მეგობრობის სრულყოფილი გაკვეთილები.

ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, ერთად ვსწავლობდით, ერთად ვდგამდით სპექტაკლებს გერმანულ ენაზე, ერთად ვიმარჯვებდით ოლიმპიადებსა და კონკურსებში.

ვნატრობდი, ყოველთვის მქონოდა ბედნიერება, თქვენთან ერთად მენახა ფილმი, წამეკითხა წიგნი, მეთამაშა სხვადასხვა თამაში, რადგან ყველაფერში დიდ ადამიანურ სიყვარულსა და სითბოს დებდით.

სიყვარულიც თქვენ მასწავლეთ. ხშირად დაბნეულებს გზას გვიჩვენებდით რჩევით, გვერდში დგომითა და ზრუნვით. ცხოვრების გზაზეც დიდი სიყვარული გამატანეთ…

ყველგან გეძებდით: უნივერსიტეტის დერეფნებსა და აუდიტორიებში, ქუჩებში, ქალაქად და სოფლად, რადგან ვიცოდი, ყოველთვის დიდ სიყვარულსა და თანადგომას შემაგებებდით.

ცხოვრებამ კიდევ ერთხელ შეგვახვედრა ერთმანეთს – მე ახალბედა პედაგოგი, თქვენ კი პედაგოგთა ღირსეული პედაგოგი. ხარაგაული გახდა ჩვენი შეხვედრისა და ჩვენი ცხოვრების მყუდრო და სიყვარულიანი პლაცდარმი.

მახსოვს, როგორ სიყვარულით და სიამაყით წარმადგინე საგანმანათლებლო სისტემის მესვეურებთან, როგორ ამაყობდი ჩემი წარმატებებით. მეც მომიხაროდა ხარაგაულის განათლების განყოფილებაში, რადგან აქ მელოდა მზია კახნიაშვილი.

ჩემო ძვირფასო და საუკეთესო მზია მასწავლებელო, 43-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის გზაზე ვიარე სწორედ იმ მრწამსით, რაც თქვენ ჩამინერგეთ. ვფიქრობ, თქვენი ნდობა გავამართლე.

თქვენ, ყველაფერში სამაგალითომ, ყველას საუკეთესო მაგალითი გვიჩვენე ღირსეული ქალის, შესანიშნავი დედის, საოცარი მეუღლის, ერთგული მეგობრის, ნამდვილი აღმზრდელის, ვალმოხდილი მამულიშვილის.

გაზაფხულია… მარტია… ეს თქვენი თვეა… დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო მზია მასწავლებელო…

ბევრი ადამიანი გაიხსენებს თქვენთან ურთიერთობას. ვიცი დანანებით და სიყვარულით წარმოთქვამენ თქვენს სახელს. თქვენი ღირსეული მემკვიდრეებიც იამაყებენ თქვენით…

მე კი, მე – ერთი პატარა სიყვარულნასწავლი გოგონა, რომელმაც მთელი ცხოვრება ვატარე ეს სიყვარული, მინდა გითხრათ მადლობა, ჩემს სულში აღბეჭდილი მეხსიერებისათვის.

დღესაც ხარაგაულის ქუჩებში ხშირად დაგეძებს ჩემი თვალები…

დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო მზია მასწავლებელო.

ვერა ოდიკაძე

ფოტოზე – ხარაგაულის რაიონის ყოფილი განათლების განყოფილების მეთოდკაბინეტის გამგე მზია კახნიაშვილი მეთოდისტებთან – ცაცო შათირიშვილთან, გოგი ჯღამაძესთან და თამარ გაჩეჩილაძესთან – ერთად