ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და სოფელ საქარას ქარსაცავი ზოლი ჰყოფს. ალვის ხეებისა და კვიპაროსების ნარგავები გარემოზე ზიანის შესამცირებლად ფეროშენადნობთა ქარხანამ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გააშენა. ეს ბიზნესის კეთილი ნება – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაა.

კორპორაციული პასუხისმგებლობა ნიშნავს საზოგადოების კეთილდღეობაში დადებითი წვლილის შეტანას და იმ ზემოქმედების მართვას, რომელსაც ბიზნესი გარემოსა და ადამიანებზე ახდენს. ეს არის კომპანიის კეთილი ნების საფუძველზე აღებული პასუხისმგებლობა და არა – სახელმწიფოსგან სამართლებრივი გზით დაკისრებული ვალდებულება.

ბიზნესი საზოგადოების კეთილდღეობაზე ნებაყოფლობით ზრუნავს და ამით სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში დადებითი წვლილი შეაქვს.

ზესტაფონში ქარსაცავი ზოლის მოწყობის პროექტი – „ქარსაცავი ზოლი თემის მხარდასაჭერად“

ა/ო „ქალები ქვეყნის მომავალისთვის“ დამფუძნებელმა ხათუნა მანჯავიძემ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კონკურსში წარადგინა.

„საგრანტო განაცხადის მომზადებამდე მოვიკვლიე, თუ რას აკეთებდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ფეროშენადნობთა ქარხანა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – აღმოჩნდა, რომ ახალი დანადგარებისა და ფილტრების შეცვლასთან ერთად გარემოს დაცვის კუთხით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებდა. მაგალითად, წიდის გორებზე, რომელიც ზესტაფონში საკმაოდ მრავლადაა, ბალახი გააშენა.

საქარა ქარხანასთან ახლოს მდებარე სოფელია და ყველაზე მეტად ფეროს გამონაბოლქვი ამ სოფლის მაცხოვრებლებს აწუხებთ. ამიტომ ქარსაცავი ზოლის მოწყობა ამ ადგილზე გადავწყვიტეთ.

გადავინაწილეთ უფლება-მოვალეობები. ჩვენმა ორგანიზაციამ ნერგები, ქარსაცავის შემოსაღობი მასალა შეიძინა. ფეროს ადმინისტრაცია მუშახელით მოგვეხმარა. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობაც მათ აიღეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწა გადმოგვცა. ასე გაშენდა ორ კილომეტრზე ორზოლიანი ალვისა და კვიპაროსის ნერგები. ვფიქრობ, საქარის მოსახლეობამ სარგებელი უკვე მიიღო. თუმცა, გაივლის ათეული წლები და ეს ქარსაცავი უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდება“.

საქარაში მერის წარმომადგენლის მოადგილე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ „სოფელში ქარსაცავი ზოლის გაშენება უმნიშვნელოვანესია. საქარა ქარხნის ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელია. გარდა ამისა, სოფელზე ავტობანი უნდა გავიდეს და არაერთი მრავალწლოვანი ხე უნდა მოიჭრას.

სოფლის დაბინძურებულ ჰაერს ეს პრობლემაც დაემატა. სოფელში ძალიან განვიცდიდით ამ ამბავს.  გაგვიხარდა, ქარსაცავი ზოლის გაშენების შესახებ რომ შევიტყვეთ. სოფლის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ალვის ხეებისა და კვიპაროსების დარგვაში. შეიძლება ითქვას, რომ ხათუნა მანჯავიძესთან მთელი სოფელი ვალში ვართ“.

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებელობა არა მარტო ფეროშენადნობთა ქარხნისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი, – პროექტის – „ქარსაცავი ზოლი თემის მხარდასაჭერად“ – განხორციელება ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გადანაწილდა პასუხისმგბელობა საზოგადოებროვ ორგანიზაციას, ბიზნესსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.

ვერც ერთი ორგანიზაცია, როგორი დალაგებულიც უნდა ჰქონდეს საქმიანობა, ვიწრო ნაჭუჭში ჩაკეტილი ვერ იარსებებს. წლების შემდეგ ეს ნერგები ხეივნებად იქცევა და სერიოზულ ქარსაცავ ზოლს შექმნის.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა 2004 წელს საქართველოში ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის პირველმა დაიწყო საუბარი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მნიშვნელობაზე. 2004-2007 წლებში ორგანიზაციამ სოციოლოგიური კვლევები მოამზადა ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობისადმი მოსახლეობისა და კერძო სექტორის დამოკიდებულების შესასწავლად.

ამ ორგანიზაციის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის კოორდინატორი ლელა ხოფერია ამბობს, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესს იმიჯის, რეპუტაციის, მოტივაციის, მომხმარებელთა ლოიალობის მოპოვებაში, რისკების უფრო ეფექტურად მართვასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში ეხმარება.

„ქვეყანაში უფრო ეფექტურად გადაიჭრება სოციალური, გარემოსდაცვითი პრობლემები და ეს ქვეყნების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერების ერთ-ერთ ინსტრუმენტად ითვლება, – ამბობს ლელა ხოფერია, – რეალურად ხდება ტვირთის გადანაწილება სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესა და მთავრობებს შორის. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით ბიზნესს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში თავისი წვლილი შეაქვს. ყველა ქვეყანას აქვს ვალდებულება მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად. რაც მეტია კორპორაციული სოციალური პასუხისგებლობა, მით უფრო ეფექტურად ახერხებს ქვეყანა ამ მიზნების შესრულებას.

ქართული ბიზნესკომპანიები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით თანდათან უფრო საინტერესო პროექტებს ახორციელებენ.

სახელმწიფოს ერთიანი ხელშემწყობი სტრატეგია კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე არ აქვს. 2011 წელს ჩავატარეთ კვლევა, თუ როგორია ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით ხელშემწყობი პოლიტიკა. საქართველოს მთავრობისთვის რეკომენდაციები შემუშავდა. ხელშემწყობ ღონისძიებად ითვლება ცოდნისა და ექსპერტიზის გაძლიერება, სხვადასხვა სახის პროგრამები, რომელიც კომპანიებისთვის სტიმულს შექმნის. მთავრობის მხრიდან ბევრად მეტი აქტიურობაა საჭირო. თუმცა, ეს არ გულისხმობს დავალდებულებას, რადგან კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესის კეთილი ნებაა“.

ნინო კაპანაძე