ახალი მედიის ინიციატივის პარტნიორებისათვის მულტიმედია კონფერენცია IREX-ის G-MEDIA პროგრამის ფარგლებში ბაკურიანში 5-8 ივლისს გაიმართა.

ახალი მედიის ინიციატივის შემაჯამებელ ღონისძიებაში G-MEDIA პროგრამის პარტნიორ რვა მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად („ჩემი ხარაგაული,“ „სპექტრი“ (გურჯაანი), საინფორმაციო ცენტრების ქსელი, „სამხრეთის კარიბჭე“ (ახალციხე), ბორჯომის ტელევიზია, „ახალი გაზეთი“ (ქუთაისი), რადიო „ნორი“ (ნინოწმინდა), „გურია ნიუსი“, „კახეთის ხმა“ (თელავი) მონაწილეობდნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და IREXG-MEDIA პროგრამის ხელმძღვანელი მეთიუ შელი.

IREX-ის ახალი მედიის მთავარმა მენეჯერმა დაჩი გრძელიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის დაწყებამდე 28 მედიაორგანიზაციაში ჩატარდა გამოკითხვა, რომელზე დაყრდნობითაც შეიმუშავეს მიმართულებები, რაც წარმატებას მოუტანდა პარტნიორ მედიაორგანიზაციებს. პროექტის ფარგლებში მედია ორგანიზაციები აღიჭურვა სპეციალური პროგრამებითა და ტექნიკით.

„ჩვენი მთავარი მისია იყო, რომ მედიაორგანიზაციებს შეენარჩუნებინათ ძირითადი პროფილი და მომხდარიყო მათი ინტეგრაცია ვებსივრცესთან, – აღნიშნა დაჩი გრძელიშვილმა, – პროექტის მიმდინარეობის პროცესში გამოჩნდა, რომ ორგანიზაციებს შეეძლოთ გაეკეთებინათ მეტი, ვიდრე ვებწარმოებაა და დავიწყეთ ფიქრი ონლაინ სტუდიებზე. წელიწადნახევრის მანძილზე ვატრენინგებდით მედიაორგანიზაციების თანამშრომლებს მულტიმედიაწარმოებაში, მენეჯმენტში, ვიდეოს გადაღებასა და მონტაჟში.

თითოეული თქვენგანი ჩვენთვის გმირია. თქვენ იყავით გაზეთის მწერალი ჟურნალისტები და თავდადებული მცდელობებით გაიზარდა თქვენი ვიდეოწარმოების ხარისხი, გაყიდვები, შემოსავლები, ცოდნა.“

დაჩი გრძელიშვილმა მადლობა გადაუხადა IREX-ის მრჩეველს ჟურნალისტიკის საკითხებში ეკა ფირცხალავას და ტრენერ შოთა გოგიშვილს მედიაორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საქმისადმი ერთგულებისთვის.

G-MEDIA პროგრამის ხელმძღვანელმა მეთიუ შელიმ აღნიშნა, რომ ინტერნეტი არის ინფორმაციის სანდო და დროული წყარო, ახალი შესაძლებლობა შემოსავლების გასაზრდელად, საუკეთესო საშუალება მოსახლეობასთან ურთიერობის დასამყარებლად.

„ეს საკითხი რეგიონული მედიისთვის საკმაოდ აქტუალურია. ახალი მედიის პროექტი მოუტანს მნიშვნელოვან წარმატებას ჩვენს პარტნიორ მედიაორგანიზაციებს. შეიძლება ითქვას, რომ პროექტის ფარგლებში თქვენ გაიმარჯვეთ, მიაღწიეთ პროგრესს და კიდევ უფრო მეტად განვითარდებით. “

USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორ სტივენ ჰეიკინის თქმით, ახალი მედია საქმიანობის გაფართოების საშუალებას იძლევა. „თქვენ გახდებით უფრო კონკურენტუნარიანები და არ იქნებით დამოკიდებული პოლიტიკურ გავლენებზე. „ინფორმაციის გავრცელების საქმეში ახალი და სოციალური მედიის როლი თანდათან იზრდება. ვიცი, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს მიერ გადაღებულ ვიდეოსიუჟეტებს. ეს კი ახალი ბიზნესმოდელების დანერგვისა და სარეკლამო მიმართულების განვითარებაში დაგეხმარებათ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა“, – აღნიშნა შეხვედრაზე სტივენ ჰეიკინმა.

მულტიმედია კონფერენციაზე გამოვლინდა პროექტში მონაწილე სამი წარმატებული ორგანიზაცია: „ჩემი ხარაგაული,“ „სპექტრი“ და „სამხრეთის კარიბჭე.“ გამარჯვებულები ვიდეოწარმოებისთვის აუცილებელი უახლესი ტექნიკით დაჯილდოვდნენ.

ნინო კაპანაძე