კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

ამ პირობებში როგორ გავაგრძელოთ სწავლება დისტანციურად, – ამ გამოწვევის წინაშეა დღეს საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა.

-მე მომწონს Microsoft teams, თუმცა გაკვეთილებს ამ პროგრამით არ ვატარებ, – ამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი თეა ტალახაძე, – მე სოციალურ ქსელში გავაკეთე ჯგუფები ყველა იმ კლასისთვის, რომლებსაც ვასწავლი. მოსწავლეებს დავალებებს ვაწოდებ, ინსტრუქციებს ვაძლევ და ასე ვეჭიდებით პრობლემებს. ამაში მშობლებიც გვეხმარებიან.

მოსწავლეთა უმეტესობას არ აქვს ინტერნეტი, ტელეფონი, კომპიუტერი. მშობლები მუშაობენ. საღამოს რომ სახლში ბრუნდებიან, შემდეგ იწყებს ბავშვი დავალების შესრულებას. ზოგი ცვლაში მუშაობს და ორ დღეში, სამ დღეში ერთხელ ახერხებს მოსწავლე მიცემული დავალების შესრულებას.

იმ 65 მოსწავლიდან, რომელსაც ვასწავლი, ასე წვალებით დავალების შესრულებას 34 ახერხებს. ახლა ვფიქრობ, რით დავეხმარო დანარჩენ ბავშვებს, რომელთა ოჯახებს ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ან მაღალმთიანი რელიეფი არ აძლევს ტექნოლოგიებით სარგებლობის შესაძლებლობას. მე შემიძლია Microsoft teams-ში მუშაობა, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში რამდენად გაამართლებს?! მოსწავლეთა 40%-ის სწავლების გარეშე დატოვება დისკრიმინაცია არ არის?! ამიტომ მაიკროსოფტთან ბოდიში და ტელეფონით კონტაქტზე გადავიდე, ხარაგაულში ასე უფრო გონივრულია.

ჩემზე მეტად ბავშვებს მოენატრათ სკოლა, რადგან ეს არდადეგები მათთვის სტრესი და დაძაბულობაა.

ამ ონლაინ რეჟიმმა ძალიან ბევრი კარგი რესურსი შექმნა და მომწონს. თუ დღეს არ ექნებათ ჩვენს მოსწავლეებს ყველა რესურსზე წვდომის შესაძლებლობა, ეს ვირუსი ჩაივლის და ამ რესურსებს ყველას გამოვიყენებთ.

ფოტოზე: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა