ახალი კორონავირუსის გავრცელებამ მკვეთრად შეცვალა ქვეყნებსა და ადამიანებს შორის ურთიერთობები, ჯანდაცვის სისტემის სუსტი და ძლიერი მხარეები დაგვანახა.

რა პრობლემებია ქართულ ჯანდაცვაში და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ვირუსს, – ამ საკითხებზე გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს, თენგიზ ვერულავას ესაუბრა.

-ბატონო თენგიზ, რამდენად მზად შეხვდა ქართული სახელმწიფო და ქართული ჯანდაცვა კორონავირუსს?

-ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს მსოფლიო დონის ექსპერტები – ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ გაიზიარონ გამოცდილება, რომელიც უსწრაფესად იცვლება და არ დაუშვან ის შეცდომები, რომლებიც სხვა ქვეყნებში დაუშვეს. უცხო ქვეყნების გადაცემებს ხშირად ვუსმენ და საქართველო მოჰყვავთ როგორც მაგალითი, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა არ იზრდება ისე, როგორც ევროპის ქვეყნებში. ჩვენი უპირატესობაა, რომ მართლა შესანიშნავი ექსპერტები და მეცნიერები მართავენ კორონავირუსის გავრცელების პროცესს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ამერიკელი ხალხის უდიდესი საჩუქარია. სხვა ქვეყანაში ზოგჯერ დღეები სჭირდება დასკვნის მიღებას. ჩვენ აქვე, ამ პატარა ქვეყანაში, გვაქვს ლაბორატორია, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანას არ აქვს. ვირუსის მასობრივი გავრცელება რომ ავიცილეთ თავიდან, ეს ამ ლაბორატორიის დამსახურებაა.

-ბატონო თენგიზ, ჯანდაცვის სისტემის რა პრობლემები გამოჩნდა კორონავირუსის მართვის პროცესში?

-პრობლემები დაკავშირებულია ჯანდაცვის სისტემურ მოწყობასთან. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა პირველადი ჯანდაცვის, ოჯახის ექიმის როლი. კორონავირუსი ინფექციური დაავადებაა. მის წინააღმდეგ ბრძოლის ტექნიკური მექანიზმი არის პრევენცია. პრევენციას აკეთებენ არა საავადმყოფოები, არამედ პირველადი ჯანდაცვის მუშაკები. ეს რგოლი კი ჩვენთან ძალიან სუსტად არის განვითარებული. ქართული ჯანდაცვა ორიენტირებულია არა პრევენციაზე, არამედ ჰოსპიტალურ ჯანდაცვაზე.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უმნიშვნელოვანესია ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ფინანსური და სათანადო ადამიანური რესურსებით გაძლიერება.

გამოწვევაა საავადმყოფოების ინფრასტრუქტურა. ფაქტობრივად არ შეფასებულა სტაციონარები, თუ როგორ არის შენობებში მოწყობილი სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები. ინფექციების გადატანის დროს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალპროფილიანი საავადმყოფოს პირველ სართულზე თუ ინფექციური ავადმყოფი მოხვდა და სხვა სართულებზე სხვა დაავადების მქონე პირები, ამ დროს კი შენობას საერთო ვენტილაციის სისტემა აქვს, ყველა დასნებოვნდება.

ბევრმა კლინიკამ თქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ, მაგრამ თუ სათანადო ინფრასტუქტურა არ არის მოწყობილი, ეს კატეგორიულად დაუშვებელია.

ახლა გამოჩნდა სახელმწიფო საავადმყოფოების მნიშვნელობა. ამერიკაში სტაციონარების 57% არაკომერციული და არამომგებიანია. ჯანდაცვის სპეციფიკაა ასეთი, რომ ხშირად სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას საჭიროებს. ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლა- ეს არის სახელმწიფოს ინტერესი, საზოგადოებრივი სიკეთე. იმედია, სიღრმისეულად დავფიქრდებით ჯანდაცვის სისტემის უკეთ მოწყობაზე.

-ბატონო თენგიზ, როგორია თქვენი პროგნოზი, როგორ დავაღწევთ თავს კორონავირუსს?

-მსოფლიო XXI საუკუნეში მესამე ეპიდემიოლოგური გარდამავალი პერიოდით შევიდა. მეოცე საუკუნემდე ინფექციური დაავადებები მეტად იყო გავრცელებული. შემდეგ გამოიგონეს ვაქცინები და ინფექციები შემცირდა. პირველ ადგილზე ახლა უფრო არაგადამდები დაავადებებია.

თუმცა, XXI საუკუნეში კაცობრიობა ინფექციური დაავადებების ხანას დაუბრუნდა. გლობალიზაცია ერთის მხრივ სიკეთეა, როცა ადვილად გადადიხარ ერთი ქვეყნიდან მეორეში,  მაგრამ ამას თან ახლავს გამოწვევები, რომელთაც გამართული ჯანდაცვის სისტემით უნდა შევხვდეთ. კორონავირუსმა სწორედ ამაზე დააფიქრა კაცობრიობა. ჩვენ შევედით მესამე ეპიდემიოლოგიურ ხანაში, სადაც უმთავრესია პირველადი ჯანდაცვა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება და მეცნიერება ამ ინფექციას დაძლევს.

ნინო კაპანაძე