ხარაგაულიდან ზესტაფონში ჩასული მიკროავტობუსები პატრულმა დღეს ავტოსადგურში არ შეუშვა. ეს ინფორმაცია ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორმა, დათო ხარაძემ მოგვაწოდა.

ხარაგაული-ძირულა-ზესტაფონისა და ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის მიმართულებებით მოძრავი მიკროავტობუსები ზესტაფონიდან ხარაგაულში მგზავრების გარეშე გამოაბრუნეს.

დავით ხარაძის ინფორმაციით, ოფიციალური მითითება, საქალაქთაშორისო მიმართულებებზე მიკროავტობუსების მოძრაობის შეჩერების თაობაზე, ჯერ არავისგან მიუღია.

დღეს დილით ხარაგაულის ავტოსადგურიდან მიკროავტობუსები ქუთაისის, ტყიბულისა და კიცხი-ზესტაფონის მიმართულებით წავიდნენ.

ხარაგაულიდან ორი მიკროავტობუსი გაემგზავრა თბილისში.

ხარაგაული-ქუთაისისა და ხარაგაული-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებისგან მოპოვებული ინფორმაციით, ქუთაისსა და თბილისში ავტოსადგურებში ისინი შეუფერხებლად შეუშვეს.

ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორის, დათო ხარაძის ინფორმაციით, ხვალიდან ხარაგაული-ძირულა-ზესტაფონისა და ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის მიმართულებებით მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ. დათო ხარაძე ამბობს, რომ თუ დამატებითი მითითება არ მიიღო, ტრანსპორტი ქუთაისსა და ტყიბულში ხვალაც შეუფერხებლად წავა.

ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაზე რეკომენდაცია საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ გასცა.