ევროპაში ცნობილი საოპერო მომღერლის, ჩვენი თანამემამულე მამუკა ლომიძის წარმატებები ხარაგაულელებს აღარ გვიკვირს, თუმცა მისი ყოველი გამარჯვება გვიხარია და ძალიან გვეამაყება. იტალიის ქალაქ ლივორნოს გოლდონის თეატრის დირექტორმა, მას შემდეგ, რაც პიეტრო მასკაგნის იუბილესადმი მიძღვნილ კონკურსში „მამაკაცის საუკეთესო ხმად“ აღიარეს, მამუკა ლომიძე პუჩინის ოპერაში „ტოსკა“ სკარპიას როლის შესასრულებლად მიიწვია. სკარპია მამუკას ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი როლია.
„დიდებული დადგმაა, – შთაბეჭდილებებს მამუკა ლომიძე ჯერ კიდევ რეპეტიციების მიმდინარეობისას, მაისში, გვიზიარებდა, – თან ლივორნოს გოლდონის თეატრი ძალიან ტრადიციული თეატრია. მსმენელი და კრიტიკაც კარგი ჰყავს. უნდა ვიყოჩაღო. პრინციპში, სკარპიას როლი არაერთხელ შევასრულე სლოვენიასა და საფრანგეთში, საკმაო გამოცდილება მივიღე და ასე თუ ისე როლი კარგად მქონდა შემღერებული, მაგრამ ამ შუაგულ იტალიაში და თან ასეთ ტრადიციულ თეატრში გამოსვლა დიდი პასუხისმგებლობაა. დირიჟორი და რეჟისორიც საუკეთესოები არიან. დადგმაც კლასიკურია და მჯერა, ყველაფერი კარგად ჩაივლის, კარგი წარმოდგენა გაიმართება.“
მართლაც კარგი სპექტაკლი რომ გამოვიდა, ეს მამუკა ლომიძემ ივნისის დასაწყისში შეგვატყობინა, – „ტოსკას როლს ასრულებდა არაჩვეულებრივი და გამოცდილი მომღერალი მარია სკიოპი. კავარადოსიც კარგი ახალგაზრდა მომღერალია. კმაყოფილი ვარ დირიჟორის, – მატეო ბელტრამთან პირველად ვიმუშავე, – ცნობილი და ნიჭიერი დირიჟორია, – საურთიერთოდ ძალიან უშუალო; როგორც დირიჟორი, – მომთხოვნი. მატეო ბელტრამი იტალიელია. იტალიელ დირიჟორს კი ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს იტალიური ოპერის მიმართ. მით უმეტეს, – უცხოელი ვმღეროდი, მაგრამ ყველაფერი კარგად აეწყო. როცა დირიჟორსა და მომღერალს შორის კარგი პროფესიული დამოკიდებულებაა, დუეტიც უკეთესად შედგება ხოლმე.
წარმატებულად წარიმართა სპექტაკლი. იყო დიდი ტაში და ზარზეიმი, რაც ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე. თან ჩემი რამდენიმე ქართველი ჩამოვიდა სპექტაკლზე, მათ შორის – ჩვენი საამაყო გიორგი ბუბულაშვილი, ცეზარ ბუბულაშვილის შვილი. გიორგი რომში სასულიერო აკადემიაში სწავლობს. სპეციალურად ჩემი სპექტაკლისთვის ჩამოვიდა რომიდან ლივორნოში.
„აფიშაზე ქართველის სახელი და გვარი რომ წავიკითხე, ბედნიერებისგან გავშეშდი და კარგა ხანს ვუცქერდიო,“ – მითხრა. ფოტო გადაუღია აფიშისთვის, დაუბეჭდია და ოთახში გამოუკრია. კარგი ახალგაზრდაა გიორგი, წარმატებით ჩააბარა გამოცდები და აკადემიაში დირექციას ძალიან უყვარს. მეამაყება, რომ ხარაგაულელია.
ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ დარბაზში როცა ასე ძალიან ჩემიანი მისმენს ხოლმე, უფრო კიდევ მეტად მიხარია.“
„ფესტივალ Tore di Lago-ს რეჟისორმა ლუკა რამაშიოტიმ დამირეკა და მითხრა, რომ სპექტაკლზე მომისმინა, – ეს უკვე ამ რამდენიმე დღის წინ მოგვწერა მამუკა ლომიძემ, – მოვეწონე ამ ფესტივალის დირიჟორსაც. მოსულა კიდეც მოსალოცად ჩემს საგრიმიორო გასახდელ ოთახში სპექტაკლის შემდეგ, მაგრამ იქ უკვე აღარ ვიყავი. ამ დღეებში დამიკავშირდა და მთხოვა შეხვედრა. რა თქმა უნდა, შევხვდით, ვისაუბრეთ. ამ ფესტივალზე სპექტაკლში მონაწილეობას მთავაზობენ. Tore di Lago-ს ფესტივალი არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ფესტივალი იტალიაში და აქ სიმღერა ყველა მომღერლისთვის საოცნებოა.“
 ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში დაბადებულმა და აღზრდილმა მამუკა ლომიძემ საკუთარი ნიჭით, შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობით, საუკეთესო პიროვნული თვისებებით, უდიდესი ნებისყოფითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, რაც ყველაზე მთავარია – მუსიკისადმი უდიდესი სიყვარულით გაიკაფა გზა საოპერო ხელოვნების მწვერვალებისაკენ.
წარმატებას წარმატება მოსდევს, ყოველი დღე პროფესიულ ზრდასა და შემოქმედებით განვითარებას ეძღვნება. გული კი, სიმღერის გარდა, სამშობლოს, მშობლიური მიწა-წყლის, თანამემამულეებისა და ახლობლების სიყვარულითაა აღსავსე.
მრავალ წარმატებას და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ ჩვენს სახელოვან და საამაყო მამუკას.

ლაურა გოგოლაძე