ჩინეთიდან გავრცელებულ კორონავირუსს ორთვენახევრის შემდეგ ჩინეთი ამარცხებს. „ჩინეთი ფინალში გადის,“ – ამბობს პეკინში ერთწლიანი სამუშაო ვიზიტით წასული, ამჟამად კი დროებით თბილისში მყოფი ხარაგაულელი ლაშა გელაშვილი. ის ჩინეთში დაბრუნებას აპრილში აპირებს. ჩინელი მეგობრებისთვის ქართულ სუვენირებს აგროვებს. პეკინში ონლაინ ჩართვებს თბილისიდან ახორციელებს, რადგან პეკინის მშრალი ჰაერის შემდეგ ხარაგაულში ვეღარ გაჩერდა. ლაშა გელაშვილი ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ საჩხერეში ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა.

რა მდგომარეობაა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, – ამის გასარკვევად უცხოეთში, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს დავუკავშირდით.

ირაკლი ცხადაძე ბერლინიდან (გერმანია): -კორონავირუსის გამო, ჯერჯერობით, არანაირი პანიკა არ შემინიშნავს. ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულება შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ზოგადად, გერმანიაში  არც თუ ისე მაღალია ვირუსის გამოვლინების მაჩვენებელი.

მაკა გაჩეჩილაძე ბარსელონადან (ესპანეთი): -აფთიაქში ვმუშაობ. კატალონიაში კორონავირუსი 13 ადამიანს დაუდგინდა. ჯანდაცვის სამინისტროდან თავდაცვის რაიმე კატეგორიული ბრძანება არ მიგვიღია. ჩვეულებრივად, უნიღბებოდ ვმუშაობთ. ბავშვი სკოლაში დადის. თუმცა, მადრიდში საგანმანათლებლო ორგანიზაციები დაიკეტა. თავშეყრის ადგილებს ყველა ერიდება. სიტუაცია ყოველდღე იცვლება და ხვალს რას გვეტყვიან, არ ვიცი.

მარეხი შარიქაძე ათენიდან (საბერძნეთი): -აქ საგანგაშო არაფერია. თუმცა, ხალხი გარეთ გამოსვლას და თავშეყრის ადგილებში ყოფნას ერიდება. რამდენიმე სკოლამ სწავლა შეწყვიტა. პატარა საპორტო ქალაქში დამარხვებამდე ტრადიციული კარნავალი გაიმართა და ვირუსის გავრცელების რამდენიმე ფაქტი იქ მყოფებს დაუფიქსირდათ. იერუსალიმში მომლოცველად წასული ადამიანებიც ვირუსით დაბრუნდნენ.

მადონა კაპანაძე ხარკოვიდან (უკრაინა): -1,7 მილიონიან ქალაქში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. უხანიდან ჩამოსული, კარანტინში მყოფი პირები სახლებში გაუშვეს. 45 მილიონიან უკრაინაში ერთი დადასტურებული შემთხვევაა. ნუ შეშინდებით!

მალხაზ კუპრაძე პარიზიდან (საფრანგეთი): -საინფორმაციოებში პანიკას არ ავრცელებენ. ბოლო დღეებია, მოუმატეს კორონავირუსზე საუბარს – ექიმები რეკომენდაციებს იძლევიან. ქუჩაში ნიღბებით არავინ დადის. მაღაზიაში დახლებს ვატყობ, რომ საკვებს იმარაგებენ. ფრანგები ამბობენ, ტერორისტებმა ვერ შეგვაშინეს და ვირუსი რას გვიზამსო.

ირმა ცუცქირიძე ანკარადან (თურქეთი): -მადლობა ღმერთს, ანკარაში კორონავირუსის საშიშროება არ მოაზრება. ვიცით, რაც ხდება სხვა ქვეყნებში და ამიტომ უსაფრთხოების წესებს ვიცავთ. ოჯახში ყველას სათითაოდ მოგვიტანეს სადეზინფექციო საშუალება „კოლონია“, ხელთათმანები და პირბადეები. პირბადე არავის უკეთია და მრცხვენია, მე რომ გავიკეთო.

ნესტანი ტალახაძე მარიენბერგიდან (გერმანია): -ჩვენს ქალაქში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყველა სიმშვიდეს ინარჩუნებს. პირბადეებით არავინ დადის. მაღაზიები პროდუქტებით სავსეა. სკოლები და ბაღები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. თუ ექიმთან გაციების სიმპტომებით მიხვედი, ყველანაირ კვლევას გიტარებენ. გეფერებით შორიდან და მშვიდობას გისურვებთ!

ლია ბუაჩიძე სამსუნიდან (თურქეთი): -თურქეთმა საზღვრებზე გააკეთა იზოლატორები, სადაც შემომსვლელ ტურისტებს ამოწმებენ და იქვე კარანტინში შეყავთ. დაავადებულები ქალაქში ვერ შემოდიან. გმადლობთ მოკითხვისთვის.

ლალი შიუკაშვილი კონექტიკურის შტატიდან (აშშ): -კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ძირითადად, ნიუ-ორკის შტატის ორ დიდ ქალაქში – ნიუ როჩელსა და ვესტჩესტერში. ვირუსი იტალიაში მოგზაურობიდან დაბრუნებული ადამიანებისგან გავრცელდა. ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაინფიცირების 76 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა ამბულატორია, გადაუდებელი დახმარების ცენტრი და საავადმყოფო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. კიდევ რამდენიმე შტატში ერთეული შემთხვევებია. თუმცა პანიკა არ იგრძნობა. უმიზეზოდ გარეთ გასვლას ვერიდებით, რეკომენდაციებს ვასრულებთ და მოვლენების განვითარებას თვალყურს ვადევნებთ.

მარი ბერაძე ვენიდან (ავსტრია): -ერთი კვირის წინ ვენიდან გერმანიის ქალაქ მაინცში ჩემს ფეხმძიმე დასთან ჩავედი. ექიმს მისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ დაუწესებია. ვენაში სიმშვიდეა. უნივერსიტეტებში არდადეგებია. კანტიკუნტად შეამჩნევ ქუჩაში ნიღბით მოსიარულე მოქალაქეებს. ახლა ზესტაფონში თვითიზოლაციაში ვიმყოფები – საკუთარი თავისა და სხვების დაზღვევის მიზნით.
მამა ზაქარია (ფერაძე) კვიპროსიდან: -უფალმა დაგლოცოთ. 10 მარტს კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. იტალიიდან ჩამოსულებმა გაავრცელეს და ისინი იზოლირებულები არიან. პანიკა თითქმის არაა.

სალომე მაჭავარიანი ვატერლოოდან (აშშ – აიოვას შტატი): -აიოვას შტატში გუშინ დაფიქსირდა კორონავირუსის სამი შემთხვევა. სხვაგან რა ხდება, არ ვიცი.

გიორგი ფოფხაძე ლილიდან (საფრანგეთი): -ვმუშაობ ბელგიაში, ფრანგული საზოგადოებრივი რადიოს „რადიო ფრანსის“ ჟურნალისტად ევროსტრუქტურებსა და ნატოში. ლილში კორონავირუსით 19 ადამიანია დაავადებული. მათგან 90% იტალიიდან ზამთრის არდადეგების შემდეგ შემოვიდა. გარდაიცვალა ქრონიკული დაავადებების მქონე 2 მოქალაქე – 70 და 74 წლის ქალბატონები. ბელგიაში 267 კაცია კორონავირუსით დაავადებული. აქედან 7 შემთხვევა ბრიუსელში დაფიქსირდა. ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 10 მარტიდან ევროსტრუქტურებში მუშაობა შეიზღუდა. ასევე შეიზღუდა კონფერენციების, კოლოქვიუმებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება. ჟურნალისტები მხოლოდ ევროსტრუქტურების პრესცენტრებში დაიშვებიან. ევროპარლამეტში მხოლოდ ერთი დღე გაიმართა საპარლამენტო სესია, რადგან ევროპარლამეტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ გასულ კვირაში თავის სამშობლოში – იტალიაში იმყოფებოდა და 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაზე გადადის. მუშაობა შეზღუდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინამ ბრიუსელში. ნატოს ცენტრალურ ოფისში მხოლოდ თანამშრომლებს შეეძლებათ შესვლა.

გიორგი სახვაძე ლაიფციგიდან (გერმანია): -ვითარება ყოველწუთიერად იცვლება. გერმანიაში კორონავისუსის უკვე 1200 შემთხვევაა დაფიქსირებული. მიუხედავად ამისა, ისეთი ღონისძიებები, როგორიც საქართველოში ტარდება, აქ ჯერ კიდევ არ ჩანს. გაჩნდა გარკვეული პანიკის ნიშნებიც. ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები გამოლეულია, ქუჩაში კი ნიღბიანი თითქმის არ დადის. ეტყობა, უარესი დღისთვის ინახავენ. საზღვრის და აეროპორტების სათანადო დონეზე კონტროლი თითქმის შეუძლებელია. სასწავლო პროცესის შეჩერებაზე ჯერაც ვერ შეთანხმდნენ. ცხოვრება, ჯერჯერობით, მაინც ჩვეულ რიტმში მიედინება, თუმცა არავინ იცის, ხვალ რა იქნება.

ანა დეკანოსიძე ოდერის ფრანკფურტიდან (გერმანია): -აქ ნიღაბი არავის უკეთია, შეიძლება არ აქვთ მარაგი, არ ვიცი. უნივერსიტეტში გვეუბნებიან, რომ ფრთხილად ვიყოთ და ჰიგიენის წესები დავიცვათ, თუმცა პანიკას არ ავყვეთ.

ნინო კამკამიძე ნეაპოლიდან (იტალია): -სუპერმარკეტები პროდუქტებით სავსეა. მაღაზიაში რიგები არ არის. სადაც ვმუშაობ, ამ ოჯახის შვილები პროდუქტებს ლიფტთან მიტოვებენ. მომამარაგეს ნიღბებით და ყველა სადეზინფექციო საშუალებით. ერთმანეთს ვუფრთხილდებით. ქართველები, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, ყველა კარგადაა. 70 ქართველი ქალი ვიკრიბებით თავისუფალ დროს. იტალიაში კორონავირუსით 167 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი დაინფიცირების შემთხვევები შემცირდა. მთავრობა აფრთხილებდა, მაგრამ ჩვენი არ იყოს, იტალიელები ურჩები არიან. ახლა კი შეშინდნენ, მაგრამ უკვე გვიანია.

ხათუნა ლომიძე პრატოდან (იტალია): – მშობლები, მეუღლე და შვილები ხარაგაულში მყავს და ყოველ დილით შიშით ვურეკავ, ხომ კარგად არიან. ჩვენ ორკვირიან კარანტინში ვართ. გარეთ ვერ გავდივართ. ხუთი წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ. ერთი თვეა, საბუთი ავიღე და კორონა ვირუსის გამო ვერ წამოვედი.

ირმა გაჩეჩილაძე ბრუკლინიდან (აშშ, ნიუ-იორკის შტატი): -ბრუკლინში რამდენიმე კერძო სკოლა და ინსტიტუტი დაიკეტა. ფიქრობენ, რომ სასწავლო წლის ბოლომდე ონლაინ სწავლება დანერგონ. საჯარო სკოლები, ჯერჯერობით, ჩვეულებრივად მუშაობს. მე სკოლის ექთანი ვარ. ნიღბები არ გვიკეთია. ვიმედოვნებთ, რომ ამ განსაცდელსაც გადავრჩებით…

მამა ანდრია (ლაცაბიძე), იტალია, ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლოს მოძღვარი, არქიმანდრიტი: -მთელ იტალიაში კარანტინია გამოცხადებული. 60 მილიონი ადამიანი კარანტინშია. სახლიდან გამოსვლა შეზღუდულია. ოჯახიდან ერთი ადამიანი უნდა გავიდეს – ისიც საჭმელზე ან წამალზე. თუ სამსახურში მიდის, სპეციალური მოდულია შესავსები – სად და რატომ მიდიხარ. ამ განაცხადს პოლიცია ამოწმებს. იტალიის მთავრობის ახალი დეკრეტის საფუძველზე, შეწყვეტილია ეკლესიებში საზოგადო მსახურება – დაკრძალვის ცერემონია, სახლის კურთხვა და სხვ. იტალიაში ორ ქართველს დაუდგინდა ეს ვირუსი და გადაყვანილები არიან საავადმყოფოებში.

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, სამრევლოს წევრებო, გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შექმნილ მდგომარეობას, რადგანაც იტალიაში სიტუაცია რთულდება და დაინფიცირებულ და გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი იზრდება. თითოეულ ჩვენთაგანზე დიდია სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ქრისტიანი ადამიანი ვალდებულია, დაემორჩილოს როგორც საეკლესიო, ასევე საერო კანონებს. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადოთ, სახლებში ვიყოთ და სიტუაციის გაუმჯობესებას დაველოდოთ.
ნუ ავყვებით შიშსა და პანიკას. გავერთიანდეთ, დისტანციურად ვეკონტაქტოთ ერთმანეთს და მეტად მივენდოთ უფალს. გავძლიერდეთ ლოცვებში. ღვთის წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდება.
უფალმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და იტალია, ქალაქები, სადაც ჩვენი თანამემამულენი შრომობენ.
სნეულებაში მყოფ ყველა ადამიანს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
მადლი სულისა წმინდისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი იფარავდეს ჩვენს ცხოვრებას. ამინ!

ნინო კაპანაძე