ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ვინ დაიკავებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის პოსტს 

 

და სხვა თანამდებობებს, ამ შეკითხვით მმართველი პოლიტიკური ძალის – კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მივმართეთ.

lursmanashvili_iuri

იური ლურმანაშვილი, რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე:-საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონსულტაციებს გავდივართ როგორც პარტიაში, ასევე კოალიციაში შემავალ სუბიექტებთან. ჯერჯერობით გამოკვეთილი კანდიდატურა არ გვყავს და ვერ დავასწრებ მოვლენებს. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილება კანდიდატურები, რომლებსაც ვემხრობით და რომლებსაც არ ვემხრობით. ვფიქრობ, რომ ღირსეული კანდიდატურა შეირჩევა. ამის დიდი სურვილი მაქვს და ყოველ ღონეს ვიხმართ.

ვფიქრობთ, რომ ერთი კომისია და ფრაქცია, თუ გვცნობენ ღირსად კოალიციის სხვა სუბიექტები, უნდა ჩაგვაბარონ. გავუძღვებით ისე, როგორც საჭიროა და არ შევირცხვენთ თავს. თუ არადა, არც ამაზე გავნაწყენდებით, თუმცა ვიმსახურებთ ერთ კომისიას მაინც.

kelenjeridze_iuza

იუზა კელენჯერიძე, პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: -საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ალბათ პარტია „ქართული ოცნებიდან“ დასახელდება კანდიდატურა. „მრეწველებს“ კანდიდატურა არ გვყავს. სამი დეპუტატი გვეყოლება საკრებულოში და უფლებამოსილი ვიქნებით, შევქმნათ ფრაქცია. ვფიქრობ, რომ მომავალმა საკრებულომ უნდა იზრუნოს მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მუნიციპალიტეტში ეკონომიკის განვითარებაზე. ამისთვის გადაიდგა მოკრძალებული ნაბიჯები და ხარაგაულში პრიორიტეტულია მევენახეობის განვითარება. ყველაზე მეტი საფიქრალია, რომ ბიუჯეტის თითოეული თეთრი სწორად და გამჭვირვალედ, მოსახლეობისთვის სასარგებლოდ წარიმართოს.

beradze_ucha

უჩა ბერაძე, „თავისუფალი დემოკრატების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე:-კონსულტაციები ჩემთან არავის გაუვლია. ჩვენი პარტია სამი დეპუტატით შევიდა საკრებულოში – მე, – კიცხის მაჟორიტარი, ნონა ზურაბიანი – ხიდრის მაჟორიტარი და პარტიული სიით – მარინე ვეფხვაძე. ამის გამო გვექნება ფრაქცია და თავმჯდომარე მე ვიქნები. როცა საკრებულო შეიკრიბება, გულწრფელად ვამბობ, გადაწყვეტილებას იმისდა მიხედვით მივიღებ, ვინც მართლა მისაღები იქნება ჩემთვის და პირველ რიგში, ხარაგაულისთვის.

barbaqadze_manana

მანანა ბარბაქაძე, პარტია „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: -ჯერ არ შევკრებილვართ, რამდენიმე დღეში ჩამოვალ და გადავწყვეტთ. გამოკვეთილად ამ წუთში არ არის კონკრეტული კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და ალბათ იქნება მალე.

golubiabi_gela

გელა გოლუბიანი, „კონსერვატორების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: -კონკრეტულად არ ვართ ჩამოყალიბებული, თუ ვინ დაიკავებს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას. იმედი მაქვს, გადაწყვეტილება მისაღები იქნება საზოგადოებისთვის. თუ შევატყვე, რომ ასე არ არის, წინააღმდეგი წავალ. იმისთვის არ ვიქნები საკრებულოში, რომ ბრმად მივიღო გადაწყვეტილება და ვიღაცის ხუშტურებზე ავწიო ხელი. „კონსერვატორებიდან“ ორნი მოვხვდით საკრებულოში. გვყავდა კანდიდატურა ვახანში, სადაც ალბათ სავარაუდოდ, ოქტომბერში დაინიშნება არჩევნები. ბრძოლები წინ არის და ამისთვის მზად ვართ. ერთი პოეტის სიტყვები გამახსენდა: უკეთესის მოლოდინით, უარესის გაძლებით, მიდიან ჩვენი დღეები. უკეთესის მოლოდინი გვქონდა საზოგადოებასაც და ჩვენც.

ნინო კაპანაძე