

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრმა 2 ივლისს ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.ტურიზმის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პოტენციალს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაში ხედავს და თვლის, რომ ამ ერთი წლის მანძილზე სწორი მიმართულებებით იმუშავეს, არსებული რესურსების ფარგლებში, ყველანაირად შეეცადნენ, რომ მაქსიმუმი გაეკეთებინათ. „ჩვენი ერთწლიანი საქმიანობის ფონზე არც ვინმესგან გაკრიტიკების მერიდება და არც მათგან რჩევების მიღების, თუ ვინმემ უკეთესად იცის ან მეტი გამოცდილება გააჩნია, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ყველას მივმართე, მომავალშიც ნებისმიერ ორგანიზაციასთან და პიროვნებასთან ვითანამშრომლებთ. ჩვენს ორგანიზაციასთან დავაფუძნეთ ინიციატორთა დარბაზი, რომლის წევრების იდეებსა და მოსაზრებებს, თუკი ტურიზმის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული, სიამოვნებით გავიზიარებთ. ექსპერტები მოვიწვიეთ. სხვადასხვა პროექტების პრეზენტაცია გავმართეთ. სკაუტური ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ.
არც ჩვენ და არც ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთა გადაწყვეტილებითაც შეიქმნა ეს სამსახური, არ გვქონია იმის ილუზია, რომ ერთ წელიწადში ხარაგაულში ტურისტები მოზღვავდებოდნენ. მთავარია, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით და შიდა ტურიზმის განვითარებისთვის წინაპირობების შემზადება დავიწყეთ.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმის განვითარებისთვის კარგი ბაზაა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმზიდველობის გარდა, არაერთი ისტორიული ძეგლი თუ ღირშესანიშნაობა, არაჩვეულებრივი ბუნება ტურისტების მოზიდვის რეალური შესაძლებლობაა. ტურიზმის განსავითარებლად უმთავრესი გადასაწყვეტი საკითხი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ტურისტებისთვის შესათავაზებელი პროდუქტის კვალიფიციურად და თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე შეფუთვაა.
„პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის ინიციატივით ხარაგაულში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა იმყოფებოდა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ჩვენ ერთად მოვინახულეთ ნუნისში ბერების კლდე. ბატონმა გიორგიმ გაოცება ვერ დამალა გზის მდგომარეობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მსოფლიოს უამრავ კუთხეში უმოგზაურია და ასეთი დანგრეული გზა არსად უნახავს.
რამდენიმე ღონისძიება ჩავატარეთ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მარელისის ხერგილზე. შესანიშნავი, საოცარი ადგილია, მაგრამ ისეთი საშინელი და დამღლელი გზაა, რომ მარელისში რომ ახვალ, აღარც დასვენების სურვილი გაქვს და აღარც გართობის. არადა, აქედან მარელისამდე რომ გზა მოწესრიგებული იყოს, 10-15 წუთის სავალი იქნება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ტურისტი და ხარაგაულიდან ოჯახები დაისვენებენ მარელისის ხერგილზე.“
მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის ტურიზმის ცენტრმა მაქსიმალურად მიაწოდა ინფორმაცია ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი სიგუას ხარაგაულის ტურისტულ პოტენციალზე. მისივე თქმით, მას გააცვნეს ტურიზმის ცენტრის გეგმები და პროგრამები, თუ რითაა მომხიბლავი და საინტერესო ხარაგაული ტურისტებისათვის, რით შეიძლება მოვიზიდოთ ტურისტები. „ჩვენთან სტუმრობისას მან აღგვითქვა, რომ ტურიზმის განვითარების კუთხით ნაბიჯების გადასადგმელად ხარაგაულში აუცილებლად განახორციელებს რამდენიმე სერიოზულ პროექტს. ჩვენ კვლავ ვაპირებთ მასთან შეხვედრას და ახალ გეგმებთან დაკავშირებით საუბარს.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ამ ცენტრმა ერთი წლის მანძილზე განახორციელა 22 ახალი პროექტი, რომელშიც ჩაერთო 2 100 მონაწილე. ეს 22 პროექტი მიმდინარეობდა 60 დღის განმავლობაში. მათ შორის იყო პროექტები, – მაგალითად, ზვარეს კარვების ბანაკი, რომელიც თავის მხრივ მოიცავდა რამდენიმე, – 15-18 აქტივობას.
ტურიზმის ცენტრისგან განხორციელებულ პროექტებში მონაწილებდნენ ხარაგაულის ოცივე ტერიტორიული ერთეულისა და მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლები. მამუკა ჭიპაშვილის თქმით, ეს პროექტები განსაკუთრებით იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მონაწილეები არა მარტო შინაარსიანად ატარებდნენ დროს და ერთობოდნენ, არამედ შეისწავლეს, გაიხსენეს და გაეცვნენ ხარაგაულის ისტორიულ წარსულს, ტრადიციებს, ღირსშესანიშნაობებს, ცნობილ ხარაგაულელთა ღვაწლს. პროექტის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ მომზადებისას მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მშობლიური კუთხის უკეთ შესწავლის მიზნით. სათავგადასავლო ტურ-თამაშებში ღირსეულად წარმოჩენისთვის სკოლის მოსწავლეები ვარჯიშობდნენ სროლაში, კარვის გაშლაში, ცეცხლის დანთებაში და ა. შ. „რატომ ჩავატარეთ ხევში, ქუცუმას მთაზე და მარელისის ხეგილზე სათავგადასავლო ტურ-თამაშები? იმიტომ, რომ ხარაგაულელ მოსწავლეთა უმრავლესობას არ ჰქონდა ნანახი ქუცუმას მთა და მარელისის ხერგილი, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ვიცოდი, რომ ძიებაში უნდა ვყოფილიყავით ამ ერთი წლის განმავლობაში და ეს მართლაც ასე იყო. ჩვენს მიერ განხორციელებული 22 პროექტი აბსოლუტურად სიცოცხლისუნარიანია და მომავალშიც ვაპირებთ თითოეული ამ პროექტის გაგრძელებას. ზესტაფონისა და თერჯოლის ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლებს, იმდენად მოეწონათ, რომ სურვილი გამოთქვეს, ჩვენი პროექტი „სათავგადასავლო ტურ-თამაშები“ მათაც განახორციელონ.“
„დევის ხვრელის“ ბილიკის მოწესრიგება, ლაშქრობა „ერთი დღე ეროვნულ პარკში“, კარვების ბანაკი ზვარეში, პირველკურსელებთან შეხვედრა, აქციები ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდასაჭერად, უკანონო თევზჭერისა და ხარაგაულის დასუფთავების მიზნით, ქვიშის ფრენბურთის ტურნირი, კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“, მოყვარულთა ფილმების კონკურსი „ჩვენი თაობა“, ლაშქრობა ვახანის ციხეზე, სკაუტური მოძრაობის დაფუძნება ხარაგაულში, სათავგადასავლო ტურ-თამაშები ქუცუმას მთაზე და მარელისის ხეგილზე, სამდღიანი ლაშრობა რკინისჯვარზე, ლაშქრობა ჩხერის ციხეზე, – ეს არასრული ჩამონათვალია ტურიზმის სამსახურის ერთწლიანი მუშაობის მანძილზე განხორციელებული აქტივობების.
პროექტების განხორციელებისას ტურიზმის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და კულტურის სამსახურთან.
ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი მათ მიერ განხორციელებული პროექტებიდან რამდენიმეს გამოარჩევს. მათ შორისაა „ზვარეს კარვების ბანაკი“. „ეს ჩვენი ბავშვობის საყვარელი ბანაკია, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – შარშან 120 ბავშვი დავასვენეთ. წელს აუცილებლად გავაორმაგებთ დამსვენებელთა რაოდენობას. ინფრასტრუქტურა შარშანდელზე ორჯერ უკეთესად უნდა მოვაწესრიგოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კმაყოფილები დარჩნენ შარშან ბავშვები, წელს უკეთესად უნდა დავიცვათ უსაფრთოებისა და ჰიგიენის წესები. შარშან ამის საშუალება, უსახსრობის გამო, სამწუხაროდ, არ გვქონდა.
ვიმედოვნებ, რომ ზვარეში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და გზა აღდგება; აუცილებლად აღორძინდება ეს ბანაკი ისე, როგორც გასული საუკუნის 80-იან წლებამდე იყო. ზვარეში ხომ შესანიშნავი ბუნება და ჰავაა. არ შეიძლება, რომ ზვარეს კურორტი დაუტვირთავი და აუთვისებელი დარჩეს.
მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პროექტმა „ვიცნობდეთ ხარაგაულს,“ რომელიც ყველა სკოლისთვის, ზონების მიხედვით ჩავატარეთ. ყველა სკოლამ აიტაცა და მასწავლებლიან-მოსწავლიანად ჩაერთვნენ. ვფიქრობ, ახალგაზრდები უნდა იცნობდნენ ხარაგაულის ისტორიას, იმ ცნობილ ხარაგაულელებს, რომლებმაც წარმატებები მოუტანეს რაიონსა და ქვეყანას.
სამოყვარულო კინოფესტივალში „ჩვენი თაობა“ აქტიურად ჩაერთვნენ ბავშვები. ოცდახუთამდე ფილმი შემოვიდა. ჩვენი სამსახურიც ჩაერთო დამონტაჟებაში და საბოლოოდ, შევარჩიეთ ათი საუკეთესო ფილმი. გამარჯვებული ფილმების ავტორები ჩაერთვებიან „პიონერფილმის“ ორკვირიან პროექტში, რომელიც ამ ზაფხულს ხარაგაულში გაიმართება. ამ პროექტს ახორციელებს თბილისის მოსწავლეთა სასახლესთან მოქმედი ბავშვთა კინოსტუდია „პიონერფილმი.“ ორკვირიან კინობანაკში მონაწილეობენ ნიჭიერი, დაინტერესებული მოსწავლეები საქართველოს ყველა კუთხიდან. როგორც გვპირდებიან, ამ პროექტის ფარგლებში ხარაგაულში ჩამოვლენ რეჟისორები და მსახიობები. მოსწავლეები გაეცნობიან ფილმის სცენარის შექმნის, გადაღებისა და დამონტაჟების ტექნიკურ უნარ-ჩვევებს.
ყველაზე მასშტაბური იყო სათავგადასავლო ტურ-თამაშები. ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამ შეჯიბრის ჩატარება ორგანიზაციებს, ოჯახებს შორის, ასევე – იმერეთის მასშტაბით.
ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებში თანდათან მეტი ახალგაზრდა, და არა მარტო ხარაგაულელები, ერთვებიან. რკინისჯვარზე, სამდღიან ლაშრობაში ჩაერთვნენ თბილისელი, ქუთაისელი, ზესტაფონელი ახალგაზრდები. ვიმედოვნებთ, რომ ისინი თავიანთ მეგობრებს გადასცემენ, თუ რა საოცარი ადგილები მოინახულეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის მთავარი პრობლემა, როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ფინანსების არასაკმარისობაა და როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, – მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა: „დევის ხვრელთან ინფრასტრუქტურა რომ მოწესრიგდეს, გადასასვლელი ბონდი გაკეთდეს, განათდეს, დამთვალიერებელიც მეტი ეყოლება. როგორც კი მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, ხარაგაულში ტურიზმი დაიწყებს განვითარებას.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე, გამგებლის მოადგილეები პაატა გოგოლაძე და უჩა ბერაძე, რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე და კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე.
ლაურა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,