დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თვითიზოლაციაში 147 პირი იმყოფება.

რა ვითარებაა ხარაგაულში, – ამ საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 9 მარტს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ შმაგი ხიჯაკაძეს მოუსმინა.

შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის ცხრა მოქალაქეს, რომლებიც 2020 წლის იანვრის ბოლოს შემოვიდნენ ხარაგაულში, 6 მარტს საკარანტინო ვადა ამოეწურათ. კარანტინის დროს არც ერთ მათგანს არ ჰქონია გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

თვითიზოლაციაზში იმყოფებოდა სამი ხარაგაულელი. ერთი მათგანი იტალიიდან, ერთი ჩინეთიდან და ერთიც ირანიდან დაბრუნდნენ ხარაგაულში. ორ მათგანს თვითიზოლაციის ვადა ამოეწურა და ისინი ჯანმრთელად არიან. ირანიდან დაბრუნებული პირი კი გორის ჰოსპიტალში კარანტინშია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და უბნის ექიმები გააფრთხილა, რომ თუ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე საზღვარგარეთიდან ვინმე შემოვა, დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.

-თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ყოველდღიურად უნდა დავაკვირდეთ, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – დღეში ორჯერ უნდა მივაკითხოთ და გავუზომოთ ტემპერატურა, ხოლო ერთხელ პატრულის თანხლებით უნდა გადავამოწმოთ, ნამდვილად იმყოფება თუ არა თვითიზოლაციაში.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ხარაგაულში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და მაღაზიებს სადეზინფექციო საშუალება „კლორმედი“ მიაწოდა. დღეს საღამოს ამ ხსნარით დამუშავდება ს/ს „ავტოტრანსის“ კუთვნილი რვა მიკროავტობუსი.

-ნერვიულობა ყველაზე მეტად ვნებს იმუნურ სისტემას. იმუნიტეტ დაქვეითებულს კი ვირუსი ადვილად მოერევა. ნუ იქნებით სტრესულ სიტუაციებში და ნუ ინერვიულებთ, – მოგვიწოდებს შმაგი ხიჯაკაძე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სულ მსოფლიოში დადასტურებულია COVID-19 -ის 98 192  შემთხვევა. მათგან 3 380 პირი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის stopcov.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში ამ მომენტისთვის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია – 141 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.

ფოტოზე: შმაგი ხიჯაკაძე ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე