

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ 5 ივნისს წერილობით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილს და იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილს. წერილებში პარლამენტარი აღნიშნავს, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხარვეზებით მიმდინარეობს.
„აღნიშნული გარემოებისთვის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს, ვფიქრობ, წარმოადგენს ისიც, რომ არ ხორციელდება სამინისტროს მხრიდან ჯეროვანი მონიტორინგი,“ – აღნიშნულია წერილებში, რომელიც პარლამენტარმა მოგვაწოდა.
მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის, ბიუროდან მიღებული ინფორმაციით, 23-25 ივნისს ხარაგაულში იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ავთანდილ სუდაძე და ზვიად გაბედავა. მათ მიერ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ დაათვალიერეს ბორითის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაქათუბნის ხიდი, ხარაგაული-ფარცხნალისა და ვარძია-წყალაფორეთის გზების ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, წყალაფორეთში, კიცხსა და ხიდარში საბავშვო ბაღების მშენებლობა.
მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ბორითის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რაზეც 165 799 ლარი იხარჯება, ტექნიკური ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. „სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების ასპექტში ობიექტი მთლიანობაში გამოიყურება საკმოდ მოუწესრიგებლად, რის გამოც, შესაძლებელია იქ მომუშავე ადამიანები დაზიანდნენ. აუცილებელია სუფთა სამუშაო გარემოს შექმნა, სამშენებლო ნარჩენების ყოველდღიური დასუფთავება და გატანა,“ – აღნიშნულია სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ შემუშავებულ მოხსენებით ბარათში.
მაქათუბნის ხიდის დათვალიერებისას გამოვლინდა რიგი ტექნიკური და საპროექტო ხარვეზები. კერძოდ: პირველადი პროექტის მიხედვით ხიდი უნდა ყოფილიყო ერთმალიანი, რკინის კონსტრუქციით, ათ ტონამდე ტვირთამწეობის დატვირთვებზე გათვლილი. ხიდის სიგრძე განისაზღვრა 14, 628 მეტრით. ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ პირველადი პროექტის მიხედვით ხიდი ვერ აშენდებოდა მდინარის კალაპოტის სიგანის (28-30 მეტრი) გამო. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ მშენებელმა ორგანიზაციამ (ს/ს „ქუთაისის მექანიკური ქარხანა“) სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე შეცვალა პროექტი და დაიწყო სამუშაოები.
382 900 ლარად 7 ივლისამდე უნდა მოაწყოს ხარაგაული-ფარცხნალის გზის ასფალტბეტონის საფარი შპს „გეკამ.“ მონიტორინგის ჯგუფი აღნიშნავს, რომ დარღვეულია მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესი. კერძოდ, არ განხორციელებულა: გზის გვერდების გასუფთავება, გზაზე გადმოსული ტოტების მოჭრა და დატვირთვა/გატანა, სავალი ნაწილის მოშანდაკება/პროფილირება გრეიდერით და დატკეპნა ვიბროსატკეპნით, გრუნტის კიუვეტებისა და რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობა, წყალგამტარი მილების მოწყობა, ღია წყალმიმღები ცხაურების მოწყობა რკინა-ბეტონით, დ-400 და დ-500 მმ მილების მოწყობა ეზოს შესასვლელებში, სავალ ნაწილზე შემასწორებელი ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.
მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მიზანშეუწონელია გზის სავალი ნაწილის მოწყობა, რასაც მშენებელი აწარმოებდა. „ამის გამო სამუშაოები დასრულდება უხარისხოდ და პროექტის დასრულება სახელშეკრულებო ვადებში იქნება შეუძლებელი.“
ანალოგიური შენიშვნები აქვს მონიტორინგის ჯგუფს ვარძია-წყალაფორეთის გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება 421 420 ლარია.
წყალაფორეთში საბავშვო ბაღს 111 985 ლარად აშენებს შპს „ველი.“ მონიტორინგის ჯგუფი აღნიშნავს, რომ „არ დასრულებულა კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა (კოლონები, სარტყელი); შეინიშნება კოლონების მშენებლობისთვის დატოვებული არასაკმარისი სიგრძის არმატურის ნაშრევები, რაც პირდაპირი გადაბმის შემთხვევაში სამომავლოდ გამოიწვევს კონსტრუქციის არამდგრადობას; კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობის დაუსრულებლად მიმდინარეობდა გარე პერიმეტრული კედლებისა და შიდა ტიხრების სამშენებლო ბლოკით ამოშენება; შეინიშნება ბლოკებს შორის არასაკმარისი რაოდენობის დუღაბის მოხმარება; შეინიშნება დამტვრეული სამშენებლო ბლოკის ჩანართები კედლების წყობაში; ბლოკის წყობა მიმდინარეობს ერთი მეორეზე დაშენებით, რაც უგულვებელყოფს შენების წყობის წესს.“
შპს „მშენებელი პირველი“ ხიდარში საბავშვო ბაღს 105 712 ლარად აშენებს. „არ დასრულებულა კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა (კოლონები, სარტყელი); კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობის დაუსრულებლად მიმდინარეობდა გარე პერიმეტრული კედლებისა და შიდა ტიხრების სამშენებლო ბლოკით ამოშენება,“ – აღნიშნულია მონიტორინგის ჯგუფის მოხსენებით ბარათში.
კიცხში საბავშვო ბაღის მშენებლობა შპს „თ. ბ კაპიტალმა“ 111 513 ლარად 10 მაისს დაასრულა. მონიტორინგის ფარგლებში აღმოჩნდა შემდეგი სახის ხარვეზები:
საბავშვო ბაღის ყველა ოთახში, სადაც დაგებულია ლამინირებული პარკეტი, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსგან პარკეტი დეფორმირებულია; უხარისხოდ და უგულისყუროდ შესრულდა კედლების ლესვითი და კერამიკული ფილების მოწყობის სამუშაოები; ელჩამრთველებთან საჭიროზე მეტი ზომით ამოჭრილია კერამიკული ფილები, რომლებიც შევსებულია ფერადი ცემენტის შემავსებლებით, რაც აქვეითებს ვიზუალურ ეფექტს; თითქმის ყველა სამშენებლო მასალა და ინვენტარი პირველივე შეხედვით ტოვებს ყველაზე უხარისხო და იაფი მასალის შთაბეჭდილებას, რაც საბოლოოდ ქმნის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს სრულ სურათს.
ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის მოსაზრებით, საჭიროა შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზის დაუყოვნებლივ დანიშვნა, ხარვეზების დაფიქსირების შემდგომ მათი აღმოფხვრა კონტრაქტორის ხარჯებით, ასევე სამუშაოს მიმღები მხარის პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის საკითხზე სათანადო რეაგირება.
nრა ზომები მიიღო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ამ შეკითხვით მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ინფრასტრუქტურის დარგში მიხეილ ჭიპაშვილს მივმართეთ.
გამგებლის მოადგილის თქმით, მონიტორინგის ჯგუფის მიერ აღრიცხული ყველა დარღვევა წერილობით ეცნობა მშენებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მიმდინარეობს ხარვეზების გამოსწორება. „მშენებელი არ მიჰყვებოდა გეგმა-გრაფიკს. მაგალითად, ჯერ აწარმოებდა ასფალტბეტონის დასაგებად მოსამზადებელ სამუშაოებს და შემდეგ – სანიაღვრე არხების მომზადებას. გზის მშენებლებმა ჩვენი მიმართვის შემდეგ შეწყვიტეს ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები და დაიწყეს სანიაღვრე არხების გაჭრა,“ – განმარტავს მიხეილ ჭიპაშვილი.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, გამგებლის მოადგილის თქმით, თითქმის ანლოგიური ტიპის დარღვევასთან გვქონდა საქმე – სამუშაოები არ წარმოებდა გეგმა-გრაფიკის მიხედვით. „არ არის ისეთი საგანგაშო დარღვევები, რაც სამომავლოდ საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობას და გამართულად ფუნქციონირებას ხელს შეუშლიდა, მაგრამ ირღვეოდა გეგმა-გრაფიკი, რის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო სამშენებლო სამუშაოები,“ – ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი.
გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, მაქათუბნის ხიდის მშენებლობა ამ ეტაპისთვის შეჩერებულია. „ხიდის პროექტმა განიცადა კორექტორება. სამინისტროს გადაეგზავნა ხარჯთაღრიცხვა და პროექტი, რასაც ჩაუტარდება ექსპერტიზა და ამის შემდეგ გაგრძელდება მშენებლობა,“ – დასძინა ჩვენთან საუბარში მიხეილ ჭიპაშვილმა.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,